გაამართლა შვედეთის მიდგომამ? მთავრობის თქმით — კი, ეპიდემიოლოგების აზრით — არა
პანდემიის დაწყებიდან უამრავმა ქვეყანამ კორონავირუსთან საბრძოლველად მკაცრი პრევენციული ზომები მიიღო. უბრალო მოწოდებების გარდა, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ კარანტინი გამოაცხადა, სკოლები და უნივერსიტეტები ინტერნეტ სწავლებაზე გადავიდნენ და ა.შ.
ერთმა ქვეყანამ, შვედეთმა, კორონავირუსთან საბრძოლველად უჩვეულო გზა აირჩია. ამ უკანასკნელმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და დიდი ხნის მანძილზე შვედეთში არანაირი შეზღუდვა არ შემოღებულა.
სიტუაცია 7 აპრილს შეიცვალა, როდესაც პარლამენტმა მთავრობას დროებითი შეზღუდვების დაწესების უფლება მიანიჭა. ამავე თვეს, მოხუცებულთა თავშესაფარებში ვიზიტები აიკრძალა და ჯანდაცვის სამინისტრომ ხალხს არააუცილებელი გადაადგილების შემცირებისკენ მოუწოდა.
შვედეთის მეზობელმა ქვეყნებმა უფრო მკაცრი ზომები მიიღეს. ფინეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სოციალური თავშეყრა აკრძალა. სკოლები და უნივერსიტეტებიც დაიხურა.
მსგავსი ზომები მიიღეს დანიამ და ნორვეგიამაც. დროთა განმავლობაში პანდემიის საწინააღმდეგოდ გატარებულმა განსხვავებულმა პოლიტიკამ, სხვადასხვა შედეგი გამოიღო. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შვედეთში 100 000 კაცზე კორონავირუსით 22 იღუპება.
ფინეთში და ნორვეგიაში, 100 000 ადამიანზე 4 დაღუპული მოდის.
დანიაში (მოსახლეობა: 5,8 მილიონი) 9 049 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილთა რიცხვი 427-ია. ნორვეგიაში (მოსახლეობა: 5,4 მილიონი) 7 599 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 206-ია.
შვედეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ერთდროულად დანიაზე, ნორვეგიაზე და ფინეთზე მეტია — 2 274. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა 10,3 მილიონია, ინფიცირების 20 302 შემთხვევაა.
ჩეხეთი, რომლის მოსახლეობაც 10,7 მილიონია, კორონავირუსის დაბალი სიკვდილიანობით გამოირჩევა. 100 000 ადამიანზე იქ მხოლოდ 2 გარდაცვლილი მოდის. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ მკაცრი პრევენციული ზომები პანდემიის დაწყებიდან მალევე მიიღო.
ქვეყნების შედარება გარდაცვალების და/ან დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების მიხედვით, განვითარებული სიტუაციის სრულ სურათს მაინც ვერ ხატავს.
ზოგი ქვეყანა, სადაც სიკვდილიანობა გამორჩეულად მაღალია, კულტურული და სოციალური ნორმებით, მოსახლეობის სიმჭიდროვით და სხვა ფაქტორებით განსხვავდება. იტალიას, მაგალითად, მეტი მწეველი და უფრო მეტი მოხუცებული ჰყავს, ქვეყნები ერთმანეთისგან მრავალი მახასაითებლით განსხვავდება.
მიუხედავად ამისა, ბევრისთვის აშკარაა, რომ პრევენციული ზომების არარსებობამ შვედეთში სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა. 28 მარტს, 2 000-მა შვედმა მკვლევარმა, მათ შორის კარლ-ჰენრიკ ჰელდინმა, ნობელის თავჯდომარემ, მთავრობას პეტიციით მიმართა, რათა ქვეყანაში WHO-ს რეკომენდაციები გატარებულიყო.
პეტიციაში ნათქვამია, რომ "კოლექტიური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას, როგორც ეს გრიპის ეპიდემიის დროს ხდება, მცირე სამეცნიერო დასაბუთება აქვს".
მეცნიერების კომენტარის მიუხედავად, შვედეთის ჯანდაცვის მინისტრმა, CNN-თან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "შვედეთს ჯოგური იმუნიტეტის შექმნის გეგმა არ აქვს. შვედეთი იგივე მიზანს იზიარებს, რასაც ყველა სხვა ქვეყანა — ადამიანების გადარჩენა და ჯანმრთელობის დაცვა"
შვედი მიკრობიოლოგი ჯონ ალბერტი მიიჩნევს, რომ შვედეთის უჩვეულოდ მაღალი სიკვდილიანობა, ნაწილობრივ, ცხადია ნაკლებად მკაცრი ზომებით არის განპირობებული. თუმცა, ალბერტი ხაზს უსვამს, რომ ვაქცინის არსებობამდე სტიუაციიდან გამოსავალი საბოლოო ჯამში მაინც ჯოგური იმუნიტეტია.
მისი თქმით, მკაცრი პრევენციული ზომები "მრუდს აბრტყელებენ, რაც არ ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელება შეჩერდება". მიკრობიოლოგის თქმით, "მრუდის გაბრტყელების" მთავარი მიზანი ინფექციის გავრცელების და პიკის გადავადებაა, რაც ჯანდაცის სისტემას სათანადო მომზადების საშუალებას აძლევს და გადატვირთვისგან იცავს.
ალბერტი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ დრო აჩვენებს, პანდემიისადმი რომელი მიდგომაა ყველაზე სწორი.
შვედეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ანდერს ტეგნელი ამ აზრს იზიარებს და ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემა გამოწვევას სათანადოდ უმკლავდება. მისი თქმით, დაავადების გავრცელების მიუხედავად, საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებები არასდროს გადატვირთულა.
ტეგნელი იმასაც ამბობს, რომ შვედეთის მოსახლეობა ვირუსის პოტენციური "მეორე ტალღისთვის" უკეთესად იქნება მომზადებული. მიუხედავად ამისა, ტეგნელი ხაზს უსვამს, რომ დაავადებისადმი გამომუშავებულ იმუნიტეტზე საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება.
მაღალ სიკვდილიანობას ტეგნელი ნაწილობრივ იმით ხსნის, რომ COVID-19 მოხუცებულთა სახლებში გავრცელდა, სადაც ვირუსისადმი ყველაზე მოწყვლადი დემოგრაფიული ჯგუფი ცხოვრობს. ტეგნელის თქმით, კორონავირუსით განპირობებული სიკვდილიანობის 50% სწორედ ამ მოხუცებულთა სახლების ბინადარი იყო.
რამდენად გაამართლა შვედურმა მიდგომამ, მხოლოდ დრო გვაჩვენებს. დემოგრაფიის და სხვადასხვა ფაქტორების დეტალური გათვალისწინების გარეშე, რამის დანამდვილებით თქმა ნაადრევია.
მიუხედავად ამისა, ბევრი ეპიდემიოლოგი და შვედი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მთავრობა უპასუხისმგებლოდ მოიქცა.
კომენტარები