რომელია თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება ადამიანთან შეხებაზე?
პანდემიის ფონზე, როცა ადამიანური შეხება უპრეცედენტოდ დეფიციტური გახდა, The Atlantic-მა სთხოვა მკითხველებს, გაეზიარებინათ ის შეხებები, რომლებიც მათ განსაკუთრებული სიმძაფრით დაამახსოვრდათ.
მხოლოდ მეოცე საუკუნის შუა პერიოდში მიხვდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომ შეხება მნიშვნელოვანია. იქამდე, პირიქით, დისტანციის დაცვა იყო გაცილებით დაფასებული. მაგალითად, ფსიქოლოგი ჯონ უოთსონი ამტკიცებდა, რომ ავტორიტარული მშობლის მხრიდან შეხების მინიმალურამდე დაყვანა ერთადერთი გზა გახლდათ იმისთვის, რომ ბავშვი სრულყოფილ, ძლიერ პიროვნებად გაზრდილიყო. ბიჰევიორისტი მეცნიერი ბერეს ფრედერიკ სკინერი კი თავის შვილს ორი წლის განმავლობაში აძინებდა და ათამაშებდა კლიმატგაკონტროლებულ ინკუბატორში, რათა საკუთარი თავისთვის აღზრდის სირთულეები შეემსუბუქებინა, ბავშვი კი დაავადებებისგან დაეცვა.
ობოლთა თავშესაფრებშიც პატარებს მხოლოდ დაბანისას და კვებისას თუ იყვანდნენ ხელში. სისუფთავის დასაცავად არსებული მკაცრი რუტინა კი ამცირებდა ინფექციების გავრცელების რისკებს, მაგრამ რაც უნდა გულდასმით დაეხეხათ აკვნები მომვლელებს და რაც უნდა იზოლაციაში მოექციათ ბავშვები, პატარებს მაინც უჭირდათ გაციების გადატანა. მათი გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივდებოდა, ზოგ შემთხვევაში კი ისინი ვეღარც ახერხებდნენ უკეთ გახდომას.
ჩვენ ახლა უკვე ვიცით, რომ შეხებას გავლენა აქვს იმუნურ სისტემაზე და ის, ამასთან, ერთმანეთთან ემოციურად გვაკავშირებს. მაგრამ შეხება რთულდება, როდესაც მსოფლიოს უმეტესობა იზოლირებულია; ისინი კი, ვინც სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის გამო სახლში ვერ რჩებიან, შეხებით ვირუსის შეყრის თუ გადადების გაორმაგებული რისკის ქვეშ არიან.
დღეს თითქოს კაცობრიობამ ჩახუტება, გადაკოცნა თუ ხელის ჩამორთმევა შორეულ წარსულში მოიტოვა. ამიტომ იმ შემთხვევებში, როდესაც შეხება უსაფრთხოა, ჩვენ ის გამიზნულად უნდა გამოვიყენოთ — ამ ქმედებას ისევე უნდა შევხედოთ, როგორც ჩვენს კარადებში მომარაგებულ პროდუქტს, რადგან ისიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. "ერთად მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია შეხება; განსაკუთრებით, როცა საქმე შფოთვის შემსუბუქებას ეხება", — ამბობს მელისა ფაბელო, რომელიც სწავლობს შეხების პატერნებს კვებითი აშლილობების მქონე ახალგაზრდა ქალებში.
"შეხებისას კანქვეშა რეცეპტორები აქტიურდებიან, ამას მივყავართ ფიზიკურ რეაქციათა მთლიან ჯაჭვამდე, რაც საბოლოოდ ნერვული სისტემის შენელებას იწვევს", — გვიხსნის ტიფანი ფილდი, შეხების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, — "მათ, ვინც იზოლაციაში მარტონი არიან, მე ვურჩევ, გაიკეთონ თვითმასაჟი, რადგან ამ გზით კანქვეშა რეცეპტორების გააქტიურებას იგივე სარგებელი მოაქვს. მისაღებ ოთახში სიარულითაც კი ფეხის გულზე განლაგებულ რეცეპტორებს ვააქტიურებთ".
იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიცვალა პანდემიის დროს ჩვენი დამოკიდებულება შეხების მიმართ, The Atlantic-ის მკითხველები გვიზიარებენ თავიანთ ყველაზე დასამახსოვრებელი შეხების ისტორიებს. მათი ამბები ადასტურებენ, რომ ჩვენზე განსაკუთრებული გავლენის მქონე ინტერაქციები ისინია, რომელთაც შევიგრძნობთ — ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
"სალონში მუშაობისას ხალხს თმას ვბანდი. ერთი ქალი ყოველ ჯერზე, როცა მის თავს შევეხებოდი, ოდნავ გასაგონად, შვებით ამოისუნთქებდა ხოლმე. ის სულ იმის ცდაში იყო, რომ რაიმენაირად გაეხანგრძლივებინა თმის დაბანის პროცესი, რომელიც მე ისედაც გავუხანგრძლივე, რადგან მივხვდი, როგორ სჭირდებოდა მას ეს. ერთხელ მან მითხრა, ჩემი ქმარი გარდაიცვალა, არც შვილები მყავს და არც შვილიშვილები და შენ ერთადერთი ხარ, ვინც მეხებაო".
"ზურგზე, მარცხენა ზედა მხარეს, ზუსტად ძვალზე არის ადგილი, რომელიც ყოველთვის მექავება. ჩემი თითებით მას ვერ ვწვდები. მე ჯიუტად დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ ეს ქავილი საჭიროებს სხვა ადამიანის ხელს იმისთვის, რომ შვება ვიგრძნო. როცა ვიღაც იპოვის ამ წერტილს (ჩემი ზედმიწევნითი მითითებების შემდეგ) და მფხანს, ეს არის ყველაზე მძაფრი, ყველაზე წმინდა სიამოვნება. ეს ისეთი გრძნობაა, რომ ვისაც უნდა ეკუთვნოდეს ხელი, იმ მომენტში ოდნავ მიყვარდება კიდეც. მაგრამ საქმე ისაა, რომ რაც უფრო დიდხანს მფხანენ, მით უფრო მექავება ეს ადგილი. საბოლოოდ, მათი ხელი იღლება. და მე მათი მცდელობის მადლიერი ვარ, მათი წასვლით კი დასევდიანებული. ქავილი, შესაძლოა, ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული ან მშრალი კანითაა გამოწვეული — ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტი ამას ამბობს. ზოგჯერ იმაზეც კი ვფიქრდები, ნამდვილად მექავება ზურგი თუ ვიგონებ. კარგია, როდესაც სხვისი დახმარების ხელი გჭირდება და გენატრება".
"დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებელი 12-ეტაპიანი პროგრამის ყოველი შეხვედრის ბოლოს ჩვენ ვდგებით და გვერდზე მდგომ მეგობრებს თუ უცხო ადამიანებს ხელებს ვკიდებთ. ვიღაც ამბობს, გაგვიყვანე, და ეს ნიშნავს, რომ ლოცვა უნდა დავიწყოთ. ჩვენ ერთად ვლოცულობთ — მათ შორის ისინიც, ვისაც ღმერთის არ გვწამს. ამ დროს მე ყოველთვის ვგრძნობ სინაზეს და, ამავდროულად, იმ მყარ ურთიერთვალდებულებას, რომელიც ჩვენი ჩაკიდებული ხელებით გადმოიცემა. 26 წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ მაინც ვესწრებოდი შეხვედრებს. იმის შემდეგ, რაც ერთმანეთს პირისპირ ვეღარ ვხვდებით, Zoom-ის შეხვედრებს ვაწყობთ ან ტელეფონით ვუკავშირდებით ერთმანეთს. და ახლა ვფიქრობ წრეში ასე დგომის პრივილეგიაზე — როგორ არ მაღელვებდა, რა იყო სხვების ხელებზე და როგორ გადამარჩინეს ამ ხელის გულებმა და თითებმა".
"ყრუ და ბრმა ბავშვებთან ვმუშაობ და ახლა ბევრს ვფიქრობ ერთ პატარა გოგოზე, რომელსაც თვითდამაზიანებელი ქცევები განუვითარდა, რაც თავის კედელზე ან თავზე მუშტების რტყმაში გამოიხატებოდა. პირველად, როდესაც შევხვდი, მისმა მასწავლებლებმა მითხრეს, რომ არ მოსწონდა, როცა ეხებოდნენ და როგორც კი ვინმე ამ მიზნით მიუახლოვდებოდა, კაწვრას ან კბენას უწყებდა. ის მოკუნტული იწვა ხის იატაკზე, მე მისგან ორიოდე მეტრის დაშორებით დავჯექი და დავიწყე იატაკზე რიტმულად ხელის დარტყმა, ყოველ თხუთმეტ წამში პაუზით. თავდაპირველად ის შეშინდა და უფრო ძლიერად მოიკუნტა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დამშვიდება დაიწყო. მე ოდნავ მივუახლოვდი და იგივე გავიმეორე. და იმ დროისთვის, როცა ჩვენ შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი იყო დაშორება, ის უკვე მშვიდად გრძნობდა თავს და ხელებით დაიწყო მის გარშემო გარემოს შეცნობა. ის ჯერ ჩემს მუხლს შეეჩეხა, რომლიდანაც იპოვა ჩემი ხელი, მკლავი და სახე. მას ჩემი წვერი სასაცილო მოეჩვენა და ხმამაღლა გაიცინა — ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მასწავლებლებმა მისი სიცილი დაინახეს".
"როდესაც ჩემი შვილი ზედოზირების გამო გარდაიცვალა, ჩემგან ყველა დისტანცირდა. ასე იყო თვეობით. ოჯახი, მეგობრები, ისინიც კი, ვინც ყველაზე ახლოს იყვნენ ჩემთან, მოულოდნელად გაუჩინარდნენ. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც კეთროვანი — თითქოს ჩემი გლოვა გადამდები ყოფილიყოს. გაყინული და ემოციებისგან დაცლილი, სახლში ვიჯექი და კვირების განმავლობაში შევყურებდი კედლებს. ერთ შუადღეს ზარის ხმა გაისმა, ჩემი შორეული მეგობარი იყო — ვიღაც, ვისაც ნაწილობრივ ვიცნობდი. როდესაც კარი გავაღე, მას არაფერი უთქვამს, უბრალოდ, მკლავები შემომხვია. ახლაც კი, 16 წლის შემდეგ, მე ნათლად მახსოვს ეს მომენტი და ის, თუ როგორ იხსნა მან ჩემი ცხოვრება".
"ჩემი პირველი სექსუალური ურთიერთობის დაწყებისას გავიაზრე, რომ 11-დან 19 წლის ასაკამდე პერიოდში დაწოლილს არავინ ჩამხუტებია. სხვა ადამიანთან ძილმა და მისი სითბოს შეგრძნებამ სიყვარულისგან დამათრო და იმის გააზრებამ გამაოგნა, რომ ამის შეგრძნების შესაძლებლობა ამდენ ხანს არ მქონა. მივხვდი, რომ სექსი არ მჭირდებოდა იმდენად, რამდენადაც ჩახუტება. ახლა, როგორც მშობელი, მე ვიმედოვნებ, რომ ჩემს შვილებს იმდენჯერ ჩავეხუტები, რამდენჯერაც მათ ეს მარტოობის ამ წლებში დასჭირდებათ".
"ჩემი სამსახური სიკვდილის პირას მყოფ ადამიანებთან ფსიქოლოგიურ, მენტალურ, ფიზიკურ თუ სულიერ დახმარებას გულისხმობს. ბოლო დროს მყავდა პაციენტი, რომელსაც სმენა და მხედველობა უმეტესად დაქვეითებული ჰქონდა. პირველ შეხვედრაზე მალევე აღმოვაჩინე, რომ ერთადერთი რამ, რაც მას ამხნევებდა, შეხება იყო. მე ჯერ ხელებს ვითბობდი, მერე კი ჩავკიდებდი მას და ისიც აუცილებლად წაიღუღუნებდა იმის საჩვენებლად, რომ ჩემი შეხება სიამოვნებდა. ხელის ჩაკიდება იყო ყველაზე მანუგეშებელი რამ, რაც მისთვის შემეძლო გამეკეთებინა. მართლა ასეთი მარტივი იყო. მე ვფიქრობ, შეხება არის ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ სხვა ადამიანს შეგვიძლია შევთავაზოთ. და გავცემთ მას ჩვენ თუ არა, ბევრს მეტყველებს იმის შესახებ, რას ვგრძნობთ ერთმანეთის მიმართ".
"არაფერი არ მაბედნიერებს ისე, როგორც შეხებით სიყვარულის გამოხატვა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალ ქვეყანაში გადმოვედი, არავინ მყავს ისეთი, ვისაც შევეხები. შესაბამისად, მეც არავინ მეხება. რა გავაკეთო? ჩემი თავი, ცოტა არ იყოს, სასირცხვილო ქცევაში გამოვიჭირე. ზოგჯერ ჩემს ხელის გულებს ლოყებზე ვილაგებ და წარმოვიდგენ, რომ სხვა ადამიანს უჭირავს ჩემი სახე, რადგან ეს ჟესტი — სახის ხელებში მოქცევა — ჩემში ისეთ გრძნობას აღვიძებს, თითქოს ვიღაცას ვუყვარვარ. ან როდესაც დასაძინებლად ვწვები, მტევნებს ერთმანეთზე ვაჯვარედინებ და წარმოვიდგენ, რომ სხვა ადამიანზე მაქვს ხელი ჩაკიდებული. ამის აღიარების ძალიან მრცხვენია. მაგრამ ეს სიმართალეა. ხომ ამბობენ, რომ უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს? ჰოდა, მეც ამის გაკეთებას ვცდილობ".
"აიოვაში სადოქტორო პროგრამის გავლისას ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს კლუბში გავწევრიანდი. ზამთრის ყველაზე ცივი დღეები იდგა, მიწა გაყინული იყო და გალღვობას აღარ აპირებდა. ლექციებზე ჩაფუთნულები დავდიოდით. შიშველ კანს იშვიათად თუ მოვკრავდი თვალს. ჯიუ-ჯიცუს პირველ გაკვეთილზე კი სრულიად საპირისპირო გარემოში ამოვყავი თავი: წარმოიდგინეთ ოფლიანი, ნახევრად შიშველი სტუდენტი ბიჭებით სავსე, ცუდი თბოიზოლირების მქონე ოთახი ძველ სპორტულ კომპლექსში. პირველად სასაცილოდ არაკომფორტული მეჩვენა, რომ მთელი ტანით უნდა შევხებოდი 18 წლის ბიჭებს, რომლებიც თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ჩემი შემოქმედებითი წერის კურსის სტუდენტები. მაგრამ ვარჯიშის შემდეგ თავი ისე დამუხტულად ვიგრძენი, რომ ამ ყველაფრის გამეორების ძლიერი სურვილი გამიჩნდა. ჩვენ 90 წუთის განმავლობაში ერთმანეთის სხეულებს მკაცრად სტრუქტურირებული წესების დაცვით ვბოჭავდით. ეს იყო ცხოველური, დამღლელი და გონებრივად რთული, რადგან ჯიუ-ჯიცუ, რომელიც ძალიან ცუდად გამომდის, საოცრად რთულ ქორეოგრაფიას ითხოვს. ეს გამოცდილება რაღაც დაკარგულის დაბრუნებას ჰგავდა. მან ეჭვი შემატანინე ცხოვრების იმ სტილში, რომელსაც იმ ოთახის გარეთ მივსდევდი".
კომენტარები