ფსიქოლოგიური მომსახურების ქართული ონლაინ პლატფორმა — Online Therapy
კორონავირუსის გავრცელების შესახებ უარყოფითი ცნობები და სოციალური დისტანციის დაცვა ადამიანებისთვის, შესაძლოა, ფსიქოლოგიური და ნერვული ფონის დამრღვევ ფაქტორებად იქცეს. იზოლაციის დროს და პანდემიის დასრულების შემდეგ უამრავ ადამიანს დასჭირდება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა საკუთარი ფსიქიკური და ნერვული მდგრადობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ გამოწვევას პასუხობს Online Therapy — ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ქართული ონლაინ პლატფორმა.
აღნიშნული პლატფორმა თავდაპირველად ვებ-სერვისის სახით იქნება წარმოდგენილი და მასში ინტეგრირებული იქნება როგორც ხმოვანი, ისე ვიდეო ზარების მხარდაჭერა. პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მისაღებად კი საჭირო იქნება შესაბამისი პაკეტის შერჩევა. სამომავლოდ იგეგმება მობილური აპლიკაციის შექმნაც, თუმცა ამ ეტაპზე ვებ-სერვისი მობილური მოწყობილობებისთვისაც ადაპტირებულია.
"ჩვენი უპირატესობა ფსიქოლოგიური მომსახურების გაციფრულებაში მდგომარეობს, რაც ადამიანებს პანდემიის დროს და მის შემდგომ ამ მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს...ადამიანებს ყოველთვის ურჩევნიათ საკუთარი კომფორტის ზონაში ყოფნა", — აცხადებს იდეის ერთ-ერთი ავტორი, ნიკოლოზ გოგონაძე.
პროექტის განხორციელების გზაზე სტარტაპი გარკვეულ სირთულეებს შეეჯახა — "პროექტზე მუშაობისას გაგვიჭირდა საჭირო კავშირების მოძიება...პლატფორმის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის უკვე მოვიძიეთ რამდენიმე კომპეტენტური პირი და გავიარეთ საჭირო კონსულტაციები".
მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა პროექტი ვითარდება და სულ მალე პირველ მომხმარებლებსაც მოემსახურება. პროექტით უკვე დაინტერესდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ციფრული კლინიკა რედმედი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის თქმით, არსებული პრობლემის წინაშე ქვეყანა უკვე დგას და მსგავსი ტიპის პლატფორმის არსებობა აუცილებელია.
კომენტარები