NASA-ს გუნდი როვერ Curiosity-ს სახლიდან მართავს
იმ უამრავ ადამიანს, რომლებსაც სოციალური დისტანცირების პერიოდში სახლიდან მუშაობა უწევთ, NASA-ს როვერ Curiosity-ის გუნდიც უერთდება. აქამდე მისიის გუნდი როვერს NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიიდან (JPL) მართავდა, თუმცა მიმდინარე პანდემიის გამო სიტუაცია შეიცვალა.
როვერის სახლიდან სამართავად გუნდის წევრებმა ყურსასმენების, მონიტორებისა და სხვა აღჭურვილობის გადანაწილება დაიწყო. თუმცა ყველა იმ მოწყობილობის სახლში განთავსება, რითიც გუნდი ლაბორატორიაში მუშაობდა, შეუძლებელია. მაგალითად, მარსიდან გამოგზავნილ 3D ფოტოებს მკვლევრები სპეციალური სათვალის მეშვეობით აკვირდებიან, რომელიც ლანდშაფტის კონტურების უკეთ გამოსაკვეთად მარცხენა და მარჯვენა თვალს შორის ხედს სწრაფად ცვლის. ასე კი მკვლევრები უკეთ გეგმავენ თუ რომელ ადგილებში ატარონ როვერი და რამდენად შორ მანძილზე გაჭიმონ მისი რობოტული კიდური.
რა თქმა უნდა, სამართავად საჭირო მოწყობილობების მომარაგება მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ნაწილის მოწესრიგებაც. როგორც წესი, JPL-ში მომუშავე გუნდის წევრები მსოფლიოს გარშემო არსებული სხვადასხვა ინსტიტუტიდან ათასობით მეცნიერთან ერთად მუშაობენ, რათა როვერის მართვის შესახებ გადაწყვეტილებები ერთად მიიღონ. ისინი შეჩვეულები არიან ამ მეცნიერებთან დისიტანციურ კონტაქტს, თუმცა ლაბორატორიაში მყოფი კოლეგებისგან განცალკევებით ყოფნა ნამდვილად ახალია.
"როგორც წესი, ჩვენ ყველანი ერთ ოთახში ვიმყოფებით, სადაც სურათებსა და მონაცემებს ერთმანეთს ვუზიარებთ", — ამბობს გუნდის ხელმძღვანელი ალისია ალბო.
ახლა კი ისინი იმავე საქმეს ერთდროულად რამდენიმე ვიდეოკონფერენციის ჩატარებით ასრულებენ. საკმაო ძალისხმევაა საჭირო, რათა დარწმუნდე, რომ ერთმანეთის ყველას კარგად ესმის.
საშუალოდ, თითოეული დღის დაგეგმვა დამატებით ერთ ან ორ საათს საჭიროებს, ვიდრე ეს რეალური შეხვედრების დროს ხდებოდა. სწორედ ამიტომ როვერისთვის განკუთვნილი ყოველდღიური ბრძანებების რაოდენობა შემცირდა, თუმცა Curiosity სამეცნიერო თვალსაზრისით მაინც ისეთი პროდუქტიულია, როგორც არასდროს.
კომენტარები