მარსის ახალ როვერს შვეულმფრენი მიამაგრეს — ის დედამიწას ივლისში დატოვებს
NASA მარსის როვერის, Perseverance-ის მზადების ფინალურ ფაზაში იმყოფება — მარტის მეორე ნახევარში გუნდის წევრებმა როვერის პარაშუტის სისტემა დაამონტაჟეს, ახლახან კი კენედის კოსმოსურ ცენტრში მას მარსის შვეულმფრენი დაუკავშირეს. შვეულმფრენის დაკავშირებამდე ერთი კვირით ადრე კი, Perseverance-ის დაშვების მოდული საწვავით აავსეს. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, როვერი წითელი პლანეტისკენ 17 ივლისს გაეშვება.
"დაშვების მოდულის საწვავით მომარაგება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სანამ ჩვენ როვერის ტესტირებებსა და მის შეფასებებს ვაგრძელებთ, მოდული საკუთარი მისიის — Perseverance-ის მარსის ზედაპირზე დაშვებისთვის უკვე მზად არის", — განაცხადა NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის (JPL) გაშვებისა და ტესტირებების ოპერაციების მენეჯერმა დევიდ გრუელმა.
როვერი მარსზე ჯეზეროს კრატერში, დაახლოებით 45 კილომეტრის სიგანის ღრმულში ჩაეშვება, რომელიც უძველეს წარსულში ტბისა და მდინარის შესართავს წარმოადგენდა. Perseverance-ის მიზანს მარსზე სიცოცხლის ნიშნების ძებნა, რეგიონის გეოლოგიური დახასიათება, ასევე ბევრი სხვადასხვა დავალების შესრულება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ნიმუშების შეგროვება წარმოადგენს.
მარსის 2020 წლის მისია ასევე რამდენიმე ახალ ტექნოლოგიას შემოგვთავაზებს, მათ შორისაა ინსტრუმენტს, რომელიც ნახშირორჟანგიდან (რითიც მარსის ატმოსფერო მდიდარია) ჟანგბადს წარმოქმნის.
მარსის შვეულმფრენმა, შესაძლოა, პლანეტის უკეთესი რუკის შედგენა უზრუნველყოს, რაც მომავალი მისიებისთვის მარშრუტის შედგენასა და თავად როვერისთვის სხვადასხვა საფრთხის თავიდან აცილებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შვეულმფრენი კამერითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობითაც იგი არსებულ ორბიტალურ ფოტოებზე ბევრად მაღალი გარჩევადობის სურათებს გადაიღებს და, შესაძლოა, ისეთი დეტალებიც დავინახოთ, რაც როვერის კამერებმა ვერ დააფიქსირეს.
თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, შვეულმფრენი Perseverance-ის დაშვებიდან 2,5 თვეში, 2021 წლის მაისში აფრინდება. მას მისიის განმავლობაში რაიმე სამეცნიერო მონაცემების შეგროვება არ ევალება და კამერის გარდა არც სხვა ინტრუმენტებითაა აღჭურვილი. გუნდის წევრების თქმით, ეს ტექნოლოგიის დემონსტრაცია და პირველი ნაბიჯია, რომლის წარმატების შემთხვევაშიც მარსის ზედაპირის ატმოსფეროდან შესწავლა მომავალში, შესაძლოა, რეალობად იქცეს.
კომენტარები