გლობალური კარანტინის შედეგად დედამიწა ახლა სხვაგვარად ბრუნავს
კორონავირუსის პანდემიამ ყოველდღიურ ცხოვრებასა და მსოფლიო ეკონომიკაში ნამდვილი ქაოსი გამოიწვია, თუმცა ვირუსის შეჩერების მცდელობებმა, შესაძლოა, პლანეტის მოძრაობაც შეანელოს.
მკვლევრებმა, რომლებიც დედამიწის მოძრაობას სწავლობენ, განაცხადეს, რომ სეისმური ხმაური, ანუ პლანეტის ქერქიდან წამოსული ჩუმი ვიბრაციები, შემცირდა. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, სატრანსპორტო ქსელებისა და ადამიანის სხვა აქტივობების შეჩერება იყოს. მკვლევართა მიხედვით, აღნიშნული სიტუაცია დეტექტორებს პატარა, ჩვეულებრივ შეუმჩნეველი მიწისძვრების დაფიქსირებისა და ვულკანურ აქტივობაზე დაკვირვების უნიკალურ საშუალებას მისცემს.
ბელგიელი სეისმოლოგის, ტომას ლეკოჩის თქმით, ხმაურის შემცირება, როგორც წესი, საშობაო პერიოდში შეინიშნება ხოლმე.
ხმაურის შემცირებას მკვლევრები სწორედ ბელგიაში აკვირდებოდნენ.
დედამიწის ქერქის მოძრაობას ბუნებრივ მოვლენებთან ერთად მანქანებისა და ინდუსტრიული დანადგარების მიერ გამოწვეული ვიბრაციებიც იწვევს. პატარა მასშტაბებზე გამოწვეული ვიბრაციების ეფექტი ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა ჯამში ერთად ისინი შესამჩნევ ფონურ ხმაურს ქმნიან, რომელიც სეისმოლოგებს იმავე სიხშირეზე წარმოქმნილი ბუნებრივი სიგნალების დაფიქსირებაში უშლის ხელს.
ობსერვატორიის სეიმომეტრის მონაცემების მიხედვით, COVID-19-ის შესაჩერებლად განხორციელებულმა ღონისძიებებმა ადამიანის მიერ გამოწვეული ხმაური ერთი მესამედით შეამცირა. ხმაურის შემცირებამ ობსერვატორიის აღჭურვილობას იმავე სიხშირის ტალღების უკეთ დაფიქსირების საშუალება მისცა — ამჟამად სეისმომეტრი პატარა ძვრების მიმართაც კი მგრძნობიარეა.
თუკი ქალაქები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კვლავ ჩაკეტილი იქნება, დეტექტორები მიწისძვრების თანმდევი ბიძგების ადგილმდებარეობას ბევრად სწრაფად და უკეთ გაიგებენ.
ბელგიელი სეისმოლოგები პირველები არ არიან ვინც კარანტინისა და ქალაქების ჩაკეტვის ხმაურზე გავლენა შეამჩნია. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გეოფიზიკის ფაკულტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა, სელესტა ლაბეცმა ტვიტერზე მსგავსი განაცხადი გააკეთა. სელესტას თქმით, ხმაური ლოს-ანჯელესში მნიშვნელოვნად შემცირდა.
კომენტარები