კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურის შესწავლა წამლის პოვნაში გვეხმარება
ვირუსს, ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივი სტრუქტურა აქვს: ცილოვანი გარსი და ნუკლეინის მჟავა. თუმცა, ვირუსის ცილოვან ნაწილს ხშირად ძალიან დახვეწილი ფორმა აქვს და მისი შესწავლა მკვლევრებს ვირუსის წარმომავლობაში და შესაბამისი მკურნალობის შემუშავებაში ეხმარება.
მინესოტას უნივერსიტეტის მეცნიერები SARS-CoV-2-ის ცილოვან სტრუქტურას დეტალურად სწავლობენ. უფრო კონკრეტულად კი ისინი ამ ვირუსის ცილოვანი "კბილანებით" ინტერესდებიან.
"ზოგადად ვირუსული ცილის სტრუქტურული თვისებების შესწავლა მათი ადამიანის უჯრედთან ურთიერთობის ბუნების გაგებაში გვეხმარება", — ამბობს მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევარი ფანგ ლი. "ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ წამლები, რომლებიც ვირუსულ ცილების აქტივობას დაბლოკავს".
მკვლევრებმა რენტგენული კრისტალოგრაფიით, SARS-CoV-2-ის ცილოვანი კბილანის 3D მოდელი შექმნეს, რაც ვირუსის ადამიანის უჯრედებთან ურთიერთქმედებას მეტ ნათელს მოჰფენს.
3D მოდელზე დაყრდნობით, მკვლევრებმა რამდენიმე მუტაცია შენიშნეს, რომლებიც ვირუსის ცილოვან კბილანებს და ადამიანის უჯრედს შორის ძალიან მყარ მიმაგრებას განაპირობებს.
SARS ვირუსთან შედარებით, SARS-CoV-2-ის კბილანები ადამიანის უჯრედთან ბევრად მყარ კავშირს ამყარებენ, რაც ამ უკანასკნელის უფრო სწრაფ განვრცელებას განაპირობებს.
"3D სტრუქტურა გვაჩვენებს, რომ ახალმა კორონავირუსმა ადამიანის უჯრედის რეცეპტორთან მიმაგრების ახალი სტრატეგია განივითარა", — ამბობს ლი.
მკვლევრებმა ახალი კორონავირუსის განსხვავებული შტამები სხვადასხვა ცხოველში, ღამურებში და პანგოლინებშიც შეისწავლეს. ღამურებში არსებული კორონავირუსი ადამიანების მაინფიცირებელი ვირუსისგან განსხვავდება.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პანგოლინში არსებული ახალი კორონავირუსის ერთ-ერთი შტამი, ადამიანში გავრცელებულ ვირუსთან სტრუქტურულად ყველაზე ახლოა.
ეს მიგნება ამყარებს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც ადამიანში ახალი კორონავირუსი შუამავალი ორგანიზმით, პანგოლინის დახმარებით გავრცელდა.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ახალი კორონავირუსის ცილოვანი კბილების სტრუქტურის მოდელირება, მათ სპეციფიკური ანტისხეულების შექმნაში დაეხმარებათ. შესაძლოა, ვირუსის ცილოვანი კბილანა ვაქცინის საფუძველიც კი აღმოჩნდეს.
რეალური შედეგების მიღწევას დრო ჭირდება. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ SARS-CoV-2-ის ცილოვანი კბილანები მხოლოდ ნაწილობრივ არის შესწავლილი. მეტი ინფორმაციისთვის ბევრი დამატებითი კვლევაა საჭირო.
კომენტარები