დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, 16 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს, 4 მარტს მიღებული შედეგით, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ისინი საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.

ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტი რჩება, მათგან 11-ს აუღებენ ანალიზს კორონავირუსზე. საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია:

"მათ ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები და შესაბამისად ხდება მათი კლინიკური მონაცემების შეფასება".

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი — პირს, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიაში იმოგზაურა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე ინფიცირებულზე კი ახლა ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. მესამე დაინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირველ დაინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც ასევე აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა საქართველოში.

ამავე თემაზე:

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: