შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
ფოტო: Mike Korostelev/Moment/Getty Images
კაშალოტების ხმა შეიძლება დაახლოებით იმდენადვე რთული კომუნიკაციის ფორმა იყოს, როგორიც ადამიანებს გვახასიათებს.
ახალი კვლევის თანახმად, ვეშაპის ხმა (ამას "კოდას" ეძახიან") იმაზე უფრო საინტერესოა, ვიდრე 2024 წლის ნაშრომმა გამოავლინა. ამ უკანასკნელით დადგინდა, რომ კაშალოტის ხმა ადამიანების გამოცემულ ხმოვნებს აკუსტიკურად ჰგავს.
ახალი ნაშრომის ავტორებმა კოდას 5 თვისება შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ამ ხმებს კაშალოტები იმ კანონზომიერებებში იყენებენ, რომლებიც ადამიანების საუბრის მსგავს სტრუქტურას მიჰყვება.
"ხუთივე თვისებას ახლო პარალელები აქვს იმ ფონეტიკასა და ფონოლოგიასთან, რომლებიც ადამიანების ენებში ვლინდება. ეს დამოუკიდებელ ევოლუციაზე მიანიშნებს", — განმარტავენ ნაშრომის ავტორები.
კაშალოტი (Physeter macrocephalus) ძუძუმწოვართა დიდ სახეობას წარმოადგენს. ისინი მჭიდროდ შეკრულ, მატრილინეარულ კლანებად ცხოვრობენ. როგორც აღვნიშნეთ, მათ ერთმანეთთან ძლიერი კავშირი და თანამშრომლობით გამოხატული ურთიერთობები ახასიათებთ, რაც ამ სახეობას ზღვის მკაცრ პირობებში გადარჩენაში ეხმარება. როგორც წესი, ამდენად რთული სოციალური სტრუქტურები ჩახლართულ კომუნიკაციის უნარებს მოითხოვს.
ახალი ნაშრომის ავტორებმა 15 ინდივიდისგან შეგროვებული 3948 ვოკალიზაცია შეისწავლეს, რომლებსაც 2014-2018 წლებში, კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილებიდან იწერდნენ.
აღმოჩნდა, რომ სტრუქტურულად კოდას 2 განსხვავებული ტიპი არსებობს, ე.ი. 2 სხვადასხვა რეზონანსული სიხშირის ხმა. მათ a-კოდა და i-კოდა უწოდეს. ეს ხმები ადამიანების ხმოვნებს არამხოლოდ აკუსტიკურად, არამედ სხვა ბევრი კუთხითაც ჰგავს. მაგალითად, a-კოდა უფრო გრძელია, i-კოდას კი როგორც გრძელი, ასევე მოკლე ფორმაც აქვს.
თავისთავად, მკვლევრები კომუნიკაციის ამ სისტემას ენას არ უწოდებენ. ზოგადად, კომუნიკაციის სისტემა ენა მაშინ ხდება, როცა ხმები სტრუქტურულ, შინაარსიან გზავნილებს წარმოქმნის. იმის გამო, რომ კოდების მნიშვნელობა ამ დრომდე უცნობია, მათ კომუნიკაციას ენას ვერ დავარქმევთ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მკვლევრები ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ. ისინი მანქანურ სწავლებას იყენებენ, რათა კაშალოტების კომუნიკაცია უკეთ გავშიფროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით შეიძლება გავიგოთ, არის თუ არა ენა უნიკალური ადამიანებისთვის, ან საერთოდ როგორ წარმოიშვა ენა. გარდა ამისა, შეიძლება სხვა სახეობასთან "კომუნიკაციაც" დავამყაროთ.
ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები