მყარი დისკი, რომელზეც "ყველა შესაძლო მელოდიაა"
სოციალური მედიის ეპოქაში, სადაც ინტერნეტში საკუთარი მუსიკის ატვირთვა ყველას შეუძლია, ხოლო TikTok-ერები მივიწყებულ ბუნდოვან მელოდიებს პოპულარობას უბრუნებენ, გარდაუვალია, რომ სხვადასხვა სიმღერაში გარკვეული მელოდიები გამეორდება.
ერთიდაიგივე მელოდიის ან აკორდების პროგრესიის გამეორება სხვადასხვა მუსიკოსის მელოდიებში არც ისე იშვიათია და ხშირად ეს დავის საგანიც ხდება. მაგალითად, Flame-მა (რეპერი) კეტი პერის მელოდიის მოპარვისთვის უჩივლა.
სასამართლომ დაადგინა, რომ პერიმ სიმღერაში Dark Horse, Flame-ის მელოდია მოიპარა. პერი ბოლომდე ამტკიცებდა, რომ ეს მელოდია თავისით დაწერა და რეპერის სიმღერა ცხოვრებაში გაგონილი არ ჰქონდა.
ბევრი მუსიკოსისთვის, მუსიკის ექსპერტისთვის და ადვოკატისთვის, სასამართლოს გამოტანილი განაჩენი ავისმომასწავებელი აღმოჩნდა. რადგან ინტერნეტში ყოველდღიურად მილიონობით მელოდია იტვირთება და დგება დრო ვიკითხოთ: ამოწურვადია თუ არა ორიგინალური მელოდიები?
ამ შეკითხვით დემიენ რიეჰლი და ნოა რუბინიც დაინტერესდნენ. რიელი ადვოკატია, რომელიც საავტორო უფლებებზე მუშაობს. რუბინი კი პროგრამისტი. ორი მეგობარი ჰიპოთეტური ექსპერიმენტით დაინტერესდა: შეიძლება თუ არა ყველა შესაძლო მელოდიის დაწერა და ამით მუსიკოსების დაცვა ისეთი მელოდიების მოპარვის ბრალდებისგან, რომელიც მუსიკოსებს არ მოუსმენიათ ან არ ახსოვთ, რომ მოისმინეს?
ყველა შესაძლო მელოდიის დაწერა არც ისე მარტივია. საბოლოო ჯამში ნებისმიერი მელოდია ნოტების კომბინაციაა. ფორტეპიანინოზე სულ 88 ნოტია. ამის გათვალისწინებით, 12-ნოტიანი მელოდიის 216 სექსტილიონი შესაძლო ვერსიის დაწერაა შესაძლებელი.
აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ვარიაცია მხოლოდ "დასავლური" სტილის მუსიკას ითვალისწინებს, სადაც ნოტები ერთი ან ნახევარი ტონალობითაა დაცილებული. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხშირად სხვა ტონალობებიც გამოიყენება.
მეორე მხრივ, დასავლური პოპ მუსიკა უფრო მეტად შეზღუდულია. რიეჰლის და რუბინის დაკვირვებით, პოპ მელოდიებში ძირითადად 12-ზე ნაკლები ნოტია გამოყენებული.
დო მაჟორის გამოყენებით 68 719 476 736 თორმეტ ნოტიანი მელოდიის შექმნაა შესაძლებელი (8^12).
ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, თუმცა სასრული.
რიეჰლმა და რუბინმა პროგრამის დაწერა გადაწყვიტეს, რომელიც ერთ რომელიმე მუსიკალურ გამაში ყველა შესაძლო 12-ნოტიან მელოდიას შექმნიდა. ეს პროცესი ტელეფონზე ყველა შესაძლო ნომრის აკრეფას ჰგავს: 111-111-111, 111-111-112, 111-111-113... მელოდიის შემთხვევაში: დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-დო, დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-რე, დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-დო-მი და ა.შ.
მეთოდი საკმაოდ მარტივი ჩანს, თუმცა რუბინის თქმით, "ყველა მელოდიის" შექმნის პროცესი მაინც რთული აღმოჩნდა: "სიმართლეა, რომ მელოდიების რაოდენობა სასრულია. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული რესურსებისთვის ეს მაინც დიდი რიცხვია", — ამბობს რუბინი.
მელოდიების MIDI ფორმატისა და სპეციალური სისტემის დახმარებით გენერირდება. საქმის საჭიროებებიდან გამომდინარე, რუბინს Python-ის ენიდან Rust-ზე გადასვლაც მოუწია, რათა პროცესი აეჩქარებინა.
დიდი თავის ტკივილის და წვალების შემდეგ მათ 69 მილიარდი მელოდია მიიღეს.
რიეჰლის თქმით, "მსგავსი ექსპერიმენტის იდეა ადრეც განიხილებოდა, თუმცა პრაქტიკაში ეს არავის განუხორციელებია".
რიეჰლი და რუბინი 69 მილიარდი მუსიკის გამოშვებას გეგმავენ. "ყველა შესაძლო" მელოდია კი საჯარო საკუთრებაში აღმოჩნდება. შესაბამისად თუ მუსიკოსს უჩივლებენ, რომ მან მელოდია "მოიპარა", ის შეძლებს რიელის და რუბინის კოლექციაზე მითითებას, რომლის გამოყენებაც საავტორო უფლებებს არ არღვევს.
რუბინი და რიეჰლის მტკიცებით, მუსიკა მათემატიკას ჰგავს. ანუ საბოლოო ჯამში ჟღერადობა არის "ფაქტი," რომელიც მოხდა, ფაქტებზე კი საავტორო უფლებები არ ვრცელდება. ეს არ ნიშნავს, რომ მუსიკის მოპარვა შეუძლებელია. მთავარი ისაა, რომ რუბინის და რიეჰლის აზრით, საავტორო უფლებები ნოტების თანმიმდევრობაზე არ უნდა ვრცელდებოდეს.
მელოდიის სხვადასხვა სიმღერებში გამეორების შემთხვევები უამრავია. მუსიკოსმა ბენ სისტომ, Who let the dogs out-ის მისამღერის მელოდიის პირველწყაროს ძიებას 10 წელი მოანდომა. პოპულარული სიმღერის მისამღერი Woof-Woof-woof არც ისე ორიგინალურია. როგორც ჩანს, ეს რიტმული მელოდია სხვა უამრავ სიმღერაში იჩენს თავს.
სისტოს თქმით, "ერთ-ერთი დიდი მითი, რომელსაც ჩვენ თავს ვაჯერებთ არის, რომ ხელოვნებას ინდივიდები ქმნიან. ამ მითის გავრცელებას კი ხელოვნების ინდუსტრია უწყობს ხელს". სისტოს თქმით, ნასესხები და ოირგინალური მელოდიის გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია. "მგონია, რომ ეს ყველა ხელოვნების ნიმუშსს ეხება".
უნდა აღინიშნოს, რომ რიეჰლის და რუბინის ინიციატივა დამატებით კითხვებს აჩენს. არსებობს კი განსხვავება ინდივიდის შექმნილ მელოდიას და პროგრამის დაწერილ მელოდიას შორის? რიეჰლმა და რუბინმა მუსიკა მარწუხებისგან გაათავისუფლეს თუ ათასობით საავტორო უფლება შელახეს?
როგორც არ უნდა იყოს, რიეჰლის და რუბინის ინიციატივა მუსიკის ინდუსტრიის საავტორო უფლებების ნაკლოვანებას წარმოაჩენს.
სამართლის სფეროს ექსპერტების დიდი ნაწილისთვის რუბინის და რიეჰლის ექსპერიმენტი მეტწილად არაფრის მთქმელია.
სკეპტიკოსების რიგებს მიეკუთვნება ჰარვარდის სამართლის პროფესორი და საავტორო უფლებების ექსპერტი ლორენს ლესიგიც:
"უბრალოდ არ მესმის, რამდენადაც არ უნდა შეიძლებოდეს მუსიკის მათემატიკური წარმოდგენა, მელოდია მხოლოდ მათემატიკა არ არის".
მიუხედავად ამისა, ლესიგი მიიჩნევს, რომ ვინმესთვის მელოდიის კოპირების დაბრალება მაშინ, როცა მუსიკოსს თავისი "უდანაშაულობის" დამტკიცება არ შეუძლია, აბსურდულია.
კოლორადოს უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის, კრისტელია გარსიას თქმით, "ექსპერიმენტი საინტერესოა".
"ვფიქრობ, ექსპერიმენტი კარგად წარმოაჩენს მუსიკის ინდუსტრიის საავტორო უფლებების დარღვევის აბსურდულობას". ამის მიუხედავად, გარსია ლესიგის სენტიმენტებს იზიარებს და ამბობს, რომ რიეჰლის და რუბინის ექსპერიმენტი თავის საბოლოო მიზანს, ანუ მუსიკოსების განთავისუფლებას საავტორო უფლებების დარღვევებისგან ვერ გაათავისუფლებს."
სკეპტიკოსების კრიტიკის მიუხედავად, ორკაციანი ჯგუფი გეგმავს, რომ იმავე პრინციპის გამოყენებით დამატებით კიდევ უამრავი მელოდია შექმნას. საბოლოო ჯამში, ისინი იმედოვნებენ, რომ საავტორო უფლებების შესახებ არსებული კანონები შეიცვლება.
"ცვლილების მიღწევისთვის უკეთესი საშუალება კონგრესია. საჭიროა საავტორო უფლებების იმგვარი ცვლილება, რომელიც უფრო აზრიანი იქნება",— ამბობს რიეჰლი.
მელოდიის მოპარვაში დადანაშაულებულ მუსიკოსებს ხშირად რეპუტაცია უფუჭდებათ. მეტიც, ეს ხშირად მუსიკოსებს შორის შუღლის გაჩენის საბაბიც ხდება.
1986 წელს Pink Floyd-ის ბას გიტარისტმა, როჯერ უოტერსმა ენდრიუ ლოიდ ვებერს სიმღერა Echoes-ის მუსიკის "მოპარვა" დააბრალა. საუბარია Phantom of the Opera-ს მელოდიაზე, რომელიც Pink Floyd-ის მუსიკალური პასაჟის იდენტურია. ნოტები, 12/8 რიტმი და გამის სტრუქტურა იდენტურია.
მიუხედავად იმისა, რომ უოტერსმა ვებერს სასამართლოში არ უჩივლა, ორ მუსიკოსს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. მსგავსი მაგალითი უამრავია. 2017 წელს Radiohead-მა ლანა დელ რეი Creep-ის მელოდიის მოპარვაში დაადანაშაულა. თუმცა, ბრალდება სასამართლომდე არ მისულა.
ხელოვანების მუსიკალური გემოვნება იმ მუსიკის საფუძველზე ვითარდება, რომელსაც ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე რადიოებში, ფილმებში და კონცერტებზე ისმენდნენ. შესაბამისად ძალიან ბუნებრივია, რომ ერთიდაიგივე მელოდია ან მუსიკალური მოტივები სხვადასხვა სიმღერაში მეორდება. რუბინისის და რიეჰლის ექსპერიმენტული "ყველა შესაძლო მუსიკის" ბიბლიოთეკა კი ამას ნათლად წარმოაჩენს.
კომენტარები