"კარანტინი მსოფლიოს წინააღმდეგ", ანუ როგორ დაამარცხა განისონმა პანდემია
1918 წელს მსოფლიოში მომაკვდინებელი ესპანური გრიპი გავრცელდა, რომელმაც დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი დააინფიცირა, 100 მილიონი კი იმსხვერპლა. პანდემია, რომელიც ორი წელი გაგრძელდა, ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებლადაა შერაცხული.
როგორც წესი, პანდემიების დროს დაღუპულთა სიაში ბავშვებისა და მოხუცების რაოდენობა ჯანმრთელი მოზრდილების რაოდენობაზე ბევრად მეტია ხოლმე, ესპანური გრიპის შემთხვევაში კი ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოსალოდნელზე ბევრად მაღალი იყო.
გრიპი აშშ-იც გავრცელდა, მან კოლორადოს შტატს 1918 წლის 20 სექტემბერს მიაღწია, როდესაც 250 ჯარისკაცი მონტანადან სპეციალური წრთვნებისთვის ქალაქ ბოულდერში ჩავიდა. მალევე, ცამეტი ჯარისკაცი ავად გახდა, რამდენიმე დღეში კი მათი მდგომარეობა დამძიმდა. დაავადება მთელ უნივერსიტეტსა და ქალაქს საკმაოდ სწრაფად მოედო — პირველი კვირის დასასრულს ქალაქში უკვე 91 შემთხვევა ფიქსირდებოდა.
ინფორმაციამ მეზობელ ქალაქებში გავრცელებული პანდემიის შესახებ ქალაქ განისონში მალევე ჩააღწია — მაცხოვრებლებს შიშისთვის ლოგიკური საფუძველი ჰქონდათ.
განისონი კოლორადოს შტატის სამხრეთ ნაწილში მდებარე პატარა, მთიანი ქალაქია, რომელიც ორი რკინიგზის მეშვეობით დენვერსა და სხვა დიდ ქალაქებს უკავშირდებოდა. ადგილმდებარეობისა და ბუნებრივი რესურსების წყალობით განისონი მნიშვნელოვან კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა, მისი იმჟამინდელი მოსახლეობა კი სულ რაღაც 1 300 ადამიანისგან შედგებოდა.
კოლორადოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, გრიპის წინააღმდეგ მოსახლეობის ინფორმირება ყველაზე სწრაფად ამ პატარა ქალაქმა დაიწყო. პირველი სტატია ესპანური გრიპის შესახებ 1918 წლის 27 სექტემბერს ადგილობრივ გაზეთში, News-Champion-ში გამოქვეყნდა.
განისონმა ზომები მყისიერად მიიღო — 8 ოქტომბერს ქალაქში სკოლები 21 ოქტომბრამდე დაიკეტა. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მოსახლეობას აქტიური კონტაქტის შეზღუდვისკენ და თავშეყრის ადგილების დაკეტვისკენ მოუწოდეს.
31 ოქტომბერს ქალაქმა კიდევ უფრო მკაცრი თავდაცვითი ზომების მიღება დაიწყო — საზღვრებზე ბარიკადები აღიმართა, ხოლო მახლობლად მდებარე გზატკეცილებზე ფანრებისა და სპეციალური ნიშნების საშუალებით ავტომობილის მძღოლებს აფრთხილებდნენ, რომ ქალაქის გავლით არ გადაადგილებულიყვნენ, რადგან თუ ამას იზამდნენ, კარანტინში აღმოჩნდებოდნენ.
მოსახლეობას ქალაქის დატოვება თავისუფლად შეეძლო, თუმცა შესვლა კარანტინის გარეშე იკრძალებოდა.
"ჩვენი ოჯახებისა და სიცოცხლის უკეთ დასაცავად უმკაცრეს ზომებს ვიღებ და მსოფლიოს წინააღმდეგ კარანტინს ვაცხადებ. მთელი ქალაქის გარშემო ბარიკადებისა და ღობეების აგება უკვე დაიწყო. ქალაქის დატოვება ნებისმიერს შეუძლია, თუმცა დასაბრუნებლად სპეციალური კარანტინის გავლა მოგიწევთ. ნებისმიერი, ვინც ბარიკადების განზრახ დაზიანებას ან კარანტინის თვითნებურად დატოვებას შეეცდება, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება", — განაცხადა ოლქის მაშინდელმა მთავარმა ექიმმა დოქტორმა ჰენსონმა.
განისონის მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. ბუნებრივი რესურსებისა და ხელსაყრელი ადგილმდებარეობის წყალობით მოსახლეობამ კარანტინს თავი, შეიძლება ითქვას, წარმატებით გაართვა. ქალაქი ჩაკეტილი ოთხი თვის განმავლობაში იყო. 1919 წლის თებერვალს კარანტინი ოფიციალურად დასრულდა.
სამწუხაროდ, იმავე წლის მარტში გავრცელებულ პანდემიის მესამე ტალღას განისონი ვეღარ გადაურჩა, მკაცრი ზომების მოხსნა ნაადრევი აღმოჩნდა, თუმცა მესამე ტალღა შედარებით მსუბუქი იყო და ამ დროს ქალაქში ინფიცირების 100 შემთხვევაზე მეტი არ დაფიქსირებულა.
ცხადია, მთებს შორის მოქცეული ერთი პატარა ქალაქის გამოცდილება ვერ იქნება ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შევებრძოლოთ განსხვავებულ დაავადებას სრულიად სხვა დროისა და მასშტაბების პირობებში, თუმცა განისონის მაგალითი ისტორიიდან საინტერესო ნაწყვეტია.
"იმის ფონზე, რომ განისონის გარშემო არსებული დასახლებები გრიპმა სრულად მოიცვა, ამ პატარა ქალაქის ორგანიზებულობა ნამდვილად შთამბეჭდავია", — ნათქვამია მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მოხსენებაში.
კომენტარები