რას ნიშნავს საერთაშორისო საგანგებო ვითარება და როდის გამოუყენებია ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას
ხუთშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) უხანის კორონოავირუსის ეპიდემიის გამო საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადა.
WHO-ს მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ დაავადების საერთაშორისო გავრცელება ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ყველა ქვეყნისთვის და საჭიროებს კოორდინირებულ საერთაშორისო პასუხს.
საგანგაშო მდგომარეობის კონცეფცია WHO-მ 2005 წელს მიიღო. მას შემდეგ საერთაშორისო საგანგაშო მდგომარეობა სხვადასხვა დაავადების ეპიდემიების გამო ექვსჯერ გამოცხადადა:
- ღორის გრიპი — 2009 წელი;
- პოლიომიელიტი — 2014 წელი;
- ებოლა — 2014 წელი;
- ზიკას ვირუსი — 2016 წელი;
- ებოლა — 2019 წელი.
საგანგაშო მდგომარეობა ქვეყნებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების დაწესებული გლობალური სტანდარტებით ხელმძღვანელობისკენ მოუწოდებს.
"[საგანგაშო მდომარეობის] ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ჩინეთი საკმარისს არ აკეთებს. რეალურად ჩინეთი იმაზე მეტს აკეთებს ვიდრე მოეთხოვება. საგანგაშო მდგომარეობის მიზანია დაიცვას ქვეყნები, რომლებსაც უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემები აქვთ", — განაცხადა WHO-ს დირექტორმა ტედროს გებეისუსმა.
ეს მდგომარეობა, ასევე, ქმნის საშუალებას, რომ საკითხის მოსაგვარებლად ფინანსური რესურსები გამოიყოს.
WHO ქვეყნებს ურჩევს, რომ ჩინური პროდუქცია და ჩინელი მგზავრები შეუსაბამოდ არ შეზღუდონ. მათი განცხადებით, ქვეყნებმა დაავადების შესახებ არსებული დეზინფორმაცია უნდა შეზღუდონ და ვაქცინების განვითარებისთვის ითანამშრომლონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა კანონიერად სავალდებულო არ არის, ეს მხოლოდ რეკომენდაციაა, რომელიც WHO-ს თქმით, "სოლიდარობასა და კოოპერაციას" ეყრდნობა.
კომენტარები