მეცნიერებმა 3 000 წლის მუმიის ხმის აღდგენა შეძლეს
მეცნიერებმა 3D პრინტერის მეშვეობით მუმიფიცირებული, 3 000 წლის წინ მცხოვრები ეგვიპტელი ქურუმის, ნესიამუნის ხმის აღდგენა შეძლეს.
პროექტის უკან მდგარი ერთ-ერთი მეცნიერი, დეივიდ ჰოვარდი, თავის მეთოდს აქამდე ცოცხალი ადამიანებისთვის ხელოვნური ხმის შესაქმნელად იყენებდა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ტექნიკა მუმიაზე გამოსცადეს. შედეგები ხუთშაბათს, ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მუმია დიდ ბრიტანეთში, ლიდსის მუზეუმში ინახებოდა. გუნდმა ნესიამუნი იმიტომ შეარჩია, რომ მის ყელში რბილი ქსოვილი კვლავ შემორჩენილი იყო.
2016 წელს მეცნიერებმა მუმიას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს, რათა ხმის სიმულირებისთვის საჭირო მახასიათებლები დაედგინათ. შემდეგ 3D პრინტერის მეშვეობით სასუნთქი გზების მოდელი შექმნეს, საბოლოოდ კი მოდელი სპეციალურ დინამიკს და ხელოვნურ ხორხს შეუერთეს, რომელიც ადამიანის ხელოვნური ხმის შესაქმნელად გამოიყენება ხოლმე. თუმცა, ჰოვარდის განცხადებით, ჩანაწერისთვის მისი ხმაა გამოყენებული და იგი უშუალოდ ქურუმს არ ეკუთვნის.
"უნდა აღინიშნოს, რომ ხმა ისეთი არ არის, როგორც ქურუმს რეალურ ცხოვრებაში ექნებოდა, ენა საუბრის დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მისი ენის კუნთების ძირითადი ნაწილი კი შემორჩენილი არ არის", — თქვა ჰოვარდმა.
იგი დაახლოებით 50 წლის ასაკში დაიღუპა, მას რამდენიმე კბილი აკლდა და ღრძილების დაავადებაც ჰქონდა.
ჰოვარდს იმედი აქვს, რომ სამომავლოდ ნესიამუნის სიმღერის აღდგენას შეძლებს. მისი ხმა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სარიტუალო მოვალეობების შესრულების დროს. მას უწევდა ესაუბრა, ემღერა და ეგალობა. ეგვიპტოლოგების თქმით, ფონეტიკა და სიმღერის მელოდია ცნობილია, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ იმ სიმღერის აღდგენა მოახერხონ, რომელსაც ქურუმი რეალურად მღეროდა.
ხმის ჩანაწერი ლიდსის მუზეუმში ნესიამუნის გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. ქურუმი დაახლოებით 200 წელია, რაც მუზეუმის მთავარი არტეფაქტია. კვლევის ავტორების აზრით, კარგად შემონახული ტაძარი კარნაკი, სადაც დიდი ალბათობით ნესიამუნი მსახურობდა, შესაძლოა, მრავალი ვიზიტორისთვის შთამაგონებელიც კი გახდეს.
კომენტარები