მეცნიერებმა 2 600 წლის წინანდელი უჩვეულოდ კარგად შემონახული ტვინი გამოიკვლიეს
2008 წელს არქეოლოგებმა ჰელსინგტონის ნაკვეთის გათხრების დროს თავის ქალა იპოვეს. დათვალიერებისას კი მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ქალა მხოლოდ ჭუჭყით არ ყოფილა ამოვსებული.
2 600 წლის წინანდელი ტვინი, რომელსაც ბრიტანეთის უძველესი ტვინი უწოდეს, რკინის ხანაში მცხოვრებ კაცს ეკუთვნოდა. დიდი ალბათობით იგი თავის მოკვეთის შედეგად გარდაიცვალა.
"როდესაც თავის ქალას ვაკვირდებოდი, შემთხვევით პრიალა ყვითელი ქსოვილი შევნიშნე. აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს", — განაცხადა მკვლევარმა რეიჩელ ქიუბიტმა.
მკვლევარების თქმით, ტვინის ქსოვილი იმდენად კარგად იყო შენახული, რომ ისეთი დეტალებიც კი, როგორიცაა ტვინის ნაოჭები — დაუზიანებელი აღმოჩნდა. იგი ქრისტეს შობამდე 482-673 წლებით თარიღდება და რკინის ხანას ეკუთვნის.
ნაზი ქსოვილების მიმართ დრო საკმაოდ მკაცრია. ტვინი, ისევე როგორც კანი და თმა, თუ სპეციალურად შენახული არაა, ნამარხებში თითქმის არ გვხვდება. ამის მიზეზი თვითგადამუშავება, იგივე ავტოლიზია, რომელიც სიკვდილის შემდეგ დაუყოვნებლივ იწყება და ფერმენტების მიერ ქსოვილის დაშლას მოიცავს. ტვინის 80%-ს წყალი შეადგენს, ეს ფაქტი კი მისი დეგრადაციის პროცესის აჩქარებას ხელს უწყობს.
ახალ კვლევაში, რომელიც Journal of The Royal Society Interface-ში გამოქვეყნდა ახსნილია თუ როგორ მოახერხა ტვინმა მსგავს მდგომარეობაში ჩვენამდე მოღწევა.
ახალ კვლევას ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ნეიროლოგიის ინსტიტუტის პროფესორი აქსელ პეტზოლდი ხელმძღვანელობდა. იგი ცნობილია ნეიროფილამენტებისა და გლიური ფიბრილური მჟავა ცილის (GFAP) შესახებ ჩატარებული კვლევებით. პეტზოლდმა და მისმა კოლეგებმა შეამჩნიეს, რომ ამდენი ხნის შემდეგაც კი ტვინში ორივე ფილამენტი ისევ იყო წარმოდგენილი. მათი ვარაუდით ტვინის შენახვა პროტეინების წყალობით გახდა შესაძლებელი.
"თუკი სპეციფიკურად შევინახავთ, პროტეინები სტაბილურობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ, — ამ შემთხვევაში ცილები შეჯგუფებულები იყვნენ. საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ ერთად თავმოყრილი პროტეინები ბევრად სტაბილურები არიან, ვიდრე, მაგალითად, დნმ", — განაცხადა პეტზოლდმა.
როგორც წესი, ცილები დიდი ოდენობით ძირითადად ტვინის შიდა მხარეში — თეთრ ნივთიერებაში გვხვდება. ჰელსინგტონის ტვინის შემთხვევაში კი მათი მაღალი კონცენტრაცია ტვინის გარე ნაწილში — რუხ ნივთიერებაში აღმოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ იმ გარემო პირობებმა, რომელშიც ტვინი მოხვდა, ავტოლიზის პროცესი "გარედან" შეაჩერა.
ნორმალური ტვინის სტრუქტურასთან შედარებით, ჰელსინგტონის ტვინი საკმაოდ შემირებული და კომპაქტურია.
მკვლევარებმა ტვინის ხელოვნურად, გამიზნულად შენახვის ვერცერთი სამხილი ვერ იპოვეს. მათი მოსაზრებით, ტვინის პრეზერვაცია გარკვეულ მჟავა ნივთიერებას უნდა გამოეწვია, რომელმაც ტვინში შეაღწია და ფერმენტების მოქმედებას ხელი შეუშალა. თუმცა უცნობია მჟავა სიკვდილის პროცესშიც მონაწილეობდა თუ ტვინში სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა.
კომენტარები