ნახეთ, როგორ ეხმარებიან თუთიყუშები ერთმანეთს უანგაროდ — კვლევა
ახალი ექსპერიმენტი კარგი ილუსტრაციაა იმისა, რომ აფრიკული რუხი თუთიყიშები მეგობრებს მაშინაც ეხმარებიან, როცა ეს მათ პირად სარგებელს არ მოუტანს.
ცხოველთა სამყაროში იშვიათია ისეთი ტიპის ქცევა, რომელსაც ორმხრივი სარგებელი არ მოაქვს. მსგავსი ალტრუიზმი, რომელიც რუხ თუთიყუშებში აღმოაჩინეს, მანამდე მხოლოდ ძუძუმწოვრებში იყო შენიშნული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უანგარო ალტრუიზმი უფრო ხშირად სოციალურ ცხოველებში ვლინდება. აფრიკული რუხი თუთიყუშები კი სწორედ ასეთი ფრინველები არიან.
მაქს პლანკის ორნითოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარის, დესირე ბრუკსის თქმით, "კვლევა აჩვენებს, რომ მათ [რუხ თუთიყუშებს] საკმაოდ განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები აქვთ. ყვავებთან ერთად რუხ თუთიყუშებს ბუმბულიან პრიმატებადაც მოიხსენიებენ ხოლმე."
ექსპერიმენტში მონაწილეობა 8 რუხმა თუთიყუშმა მიიღო, რომლებსაც მანამდე მეტალის რგოლების საკვებში გაცვლა ჰქონდათ ნასწავლი. ექსპერიმენტისას ორ თუთიყუშს ერთმანეთისგან მინა აცალკევებდა, საჭმლის მისაწოდებელი ფანჯარა კი მხოლოდ ერთი თუთიყუშის გალიას ჰქონდა, პატარა ფანჯარა იყო ამოჭრილი ორი თუთიყუშის გალიების გამყოფ კედელშიც. რვა თუთიყუშიდან შვიდი, თავის პარტნიორ თუთიყუშს ამოჭრილი ფანჯრის საშუალებით მეტალის რგოლებს აძლევდა, რათა მას ის საკვებში გადაეცვალა. როდესაც მის პარტნიორს საკვებს არ აძლევდნენ ან როდესაც მეზობელ გალიაში თუთიყუში საერთოდ არ იყო, ისინი ფანჯარაში მეტალის რგოლებს ბევრად უფრო იშვიათად აგდებდნენ — რაც მიანიშნებს იმაზე, რომ რგოლებს თუთიყუშები ერთმანეთს საკვების მისაღებად უზიარებდნენ.
მეცნიერებმა იგივე ექსპერიმენტი მაკაოებთანაც (თუთიყუშის სახეობა) გაამეორეს, თუმცა მსგავსი "ალტრუიზმი" ვერ აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ასევე შენიშნეს, რომ ზოგი ფრინველი, მათ შორის რუხი თუთიყუშები, ძირითადად კომუნალურად ჭამენ და თანაცხოვრობენ. მათი ვარაუდით, საზიარო აქტივობების მქონე ცხოველები "ალტრუიზმს" უფრო მეტად იჩენენ.
მსგავსი ქცევა სხვა ფრინველებშიც დაუფიქსირებიათ, თუმცა კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ რუხი თუთიყუშების შემთხვევაში ეს ქცევა განსაკუთრებით ცალსახაა. აფრიკულ რუხ თუთყუშებს პირველ რიგში უნდა დაენახათ, რომ მათ პარტნიორს რაღაც სჭირდებოდა, შემდეგ უნდა გაეაზრებინათ, რომ დახმარება შეეძლოთ, ბოლოს კი პარტნიორი თუთიყუშისგან საპირისპიროდ არაფრის მიღების მიუხედავად, მათთვის მეტალის რგოლები მიეწოდებინათ.
რამდენად არის ზემოთ აღწერილი ქცევა რეალური, გამიზნული ალტრუიზმი, მაინც ბუნდოვანია. ამის დასადგენად ავტორები ექსპერიმენტის ჩატარებას სხვა სახეობებზეც გეგმავენ.
კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები