სიგარეტის მოწევა ფილტვების გარდა, ფსიქიკასაც აზიანებს
დიდი ხანია ცნობილია, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის საზიანოა და სიცოცხლისთვის საშიშ უამრავ დაავადებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მოწევის ფიზიკური ზიანის შესახებ ბევრი ვიცით, მოწევის გავლენა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნაკლებადაა შესწავლილი. რადგან სიგარეტის მოწევა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სისხლძარღვებს და ფილტვებს, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ ორგანოების მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნა, ადამიანის აზროვნებაზე და ქცევაზეც აისახება.
ამის გარდა, მწეველ ადამიანებს უქვეითდებათ იმუნიტეტი, უფრო მარტივად ეწყებათ ანთება და ბოლოს, უქვეითდებათ მეტაბოლიზმიც. მოწევა მხოლოდ რამდენიმე ორგანოსთვის კი არ არის საზიანო, არამედ მთელი სხეულისთვის.
ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორების, ტატიანა გაზიბარას და მარიჯა მილიცის გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სიგარეტის მოწევა სერიოზულ ზიანს აყენებს უნივერსიტეტის სტუდენტებს. მკვლევარებმა 2 000-ზე მეტი სტუდენტის სამედიცინო და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინფორმაცია შეაგროვეს. მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, რიგი ფსიქიკური პრობლემები ბევრად ხშირია მწეველებში, ვიდრე არამწეველებში, მაგალითად, დეპრესია მწეველ სტუდენტთა 14%-ს აღმოაჩნდა, როცა არამწეველებში დეპრესია მხოლოდ 4%-ს ჰქონდა.
განსხვავება საგრძნობია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა მხოლოდ კორელაციას სწავლობს, ცნობილი ფაქტია რომ მოწევა პირდაპირ უკავშირდება არაერთ ანთებით პროცესს და ფიზიოლოგიურ ცვლილებას ორგანიზმში, რომლების თავის მხრივ უკავშირდება დეპრესიას.
აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარდა სტუდენტების სოციო-ეკონომიკური ფონის და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. მკვლევარების თქმით, მათ შეძლებისდაგვარად გამორიცხეს ყველა სხვა ფაქტორი, რომელსაც შეეძლო ამ სხვაობის მოცემა.
"ეს კვლევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოწევა და დეპრესია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია", — აცხადებს ისრაელის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი ჰაგაი ლევინი.
ადამიანის ორგანიზმი ძალიან რთული, ჩახლართული სისტემაა, სადაც ყველაფერი ყველაფერს უკავშირდება. უარყოფითი გავლენა მის ერთ ნაწილზე, ხშირად ყველა დანარჩენ ნაწილებზეც უარყოფითად აისახება.
საბედნიეროდ უამრავ ქვეყანაში მწეველთა რიცხვი მუდმივად იკლებს. სახელმწიფოები ცდილობენ ისეთი პოლიტიკა გაატარონ, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს მწეველების და პოტენციური მწეველების რაოდენობას
კომენტარები