მსოფლიო შედევრებში დამალული 8 უცნაური დეტალი
რა აქვთ საერთო მსოფლიო კულტურის შედევრებს, მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებს და ქანდაკებებს, — იქნება ეს იან ვერმეერის გოგონა მარგალიტის საყურით, პაბლო პიკასოს გერნიკა, ტერაკოტას არმია თუ ედვარდ მუნკის კივილი? თითოეულ მათგანში ჩაქსოვილია დეტალი, ხშირად შეუმჩნეველი, რომელიც სათანადოდ არაა დაფასებული, რეალურად კი ნამუშევრის მნიშვნელობას სიღრმისეულობას სძენს.
ხელოვნების ისტორიაში შემორჩენილ ყველაზე გამორჩეულ ქმნილებებს, — ტრაიანეს სვეტს, ამერიკულ გოთიკას, ელგინის მარმარილოს, მატისის ცეკვას, — თუ შევხედავთ, ასეთი კითხვა შეიძლება დაგვებადოს: რა ხდის შედევრს შედევრად? რატომ პოულობს ზოგიერთი ნამუშევარი გამოძახილს საუკუნიდან საუკუნეში, მაშინ, როცა ხელოვნების ნიმუშების უმეტესობა ჩვენი გონებიდან მათგან მზერის გადატანისთანავე ქრება. რაც უნდა საოცარი იყოს, ამ ნამუშევრების დაკვირვებით შესწავლისას აშკარა ხდება, რომ ყოველ მათგანს რაღაც ისეთი უცნაურობა გამოარჩევს, რომელიც — შემჩნევის შემთხვევაში — სრულიად ცვლის ჩვენ მიერ ამ შედევრების აღქმას.
როცა ამ საოცარი დეტალების აღმოჩენას დავიწყებთ, — იქნება ეს მონა ლიზას მარჯვენა ხელის "მტოკავი თითი" თუ ტაროს კარტის სიმამაცის სიმბოლო, რომელიც ფრიდა კალოს ყველაზე ცნობილ და საიდუმლოებით მოცულ ავტოპორტრეტზე ჩანს, — შარლ ბოდლერის სიტყვები შეიძლება გაგვახსენდეს: "მშვენიერება", — წერდა ფრანგი პოეტი და კრიტიკოსი 1859 წელს, — "ყოველთვის თავისებურების, უცნაურობის მარცვალს შეიცავს; მარტივ, განუზრახველ, გაუაზრებელ ელემენტს".
ქვემოთ მოკლედ ვისაუბრებთ იმ ზოგიერთ უჩვეულო დეტალზე, უცნაურობის მარცვალზე, რომელიც, — ხშირად ჩვენთვის შეუცნობლად, — ახლებურად აცოცხლებს ხელოვნების ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ გამოსახულებებს.
1. ბაიოს გობელენი (დაახლოებით 1077 წელი)
ქალები, რომელთა სახელებიც ისტორიას არ შემორჩენია და რომლებმაც ათასი წლის წინ 70 მეტრის სიგრძის ნაჭერზე ამოქარგეს ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის ისტორია, არა მხოლოდ შესანიშნავი მქსოველები იყვნენ, არამედ — გამორჩეული მთხრობელებიც. ისარი, რომელიც მეფე ჰაროლდს ვიზუალური ეპოპეის ბოლოსკენ თვალში ესობა, მეტანარატიული, ორმაგი დატვირთვის მქონე სიმბოლოა; ის უშუალოდ ისრის გარდა იმ ნემსაც აღნიშნავს, რომლითაც ეს ჩახლართული ისტორია ასე ოსტატურად გადმოიცა. ისარზე ხელის ჩავლებით დაჭრილი ჰაროლდი ზღვარს შლის თავის ვინაობასა და ორივეს — გობელენის შემქმნელისა და მაყურებლის — იდენტობებს შორის. ამ ერთადერთი ნაქარგით ჩვენი თვალი, ჰაროლდის თვალი და მკერავის ნემსი ერთ წერტილში იყრის თავს.
2. სანდრო ბოტიჩელის ვენერას დაბადება (1482-1485 წლები)
რენესანსის პერიოდის შედევრზე, სანდრო ბოტიჩელის ვენერას დაბადებაზე, ქარისგან აფრიალებული ქალღმერთის ოქროსფერი თმა მის მარჯვენა მხარზე ისე ეხვევა ნახატის ვერტიკალურ ღერძს, თითქოს მინიატურული ძრავა იყოს, რომლის ძალითაც ნამუშევარი ჩვენს წარმოსახვაში იჭრება. იდეალური ლოგარითმული კულული შემთხვევითი ორნამენტი ან ფუნჯის დაუფიქრებელი მონასმი ნამდვილად არაა. მსგავსი ხვეული ვექტორი, რომელიც ნაუტილუსის ნიჟარის მოყვანილობაზეც შეიმჩნევა, უძველესი დროიდან მოყოლებული მომნუსხველად მოქმედებდა მოაზროვნეებზე. მეჩვიდმეტე საუკუნეში კი შვეიცარიელმა მათემატიკოსმა, იაკობ ბერნულიმ ამ ფორმას სახელიც შეარქვა: spira mirabilis ანუ "გასაოცარი ხვეული". ბოტიჩელის ნახატში, — ნამუშევარში, რომელიც ხოტბას ასხამს დროის მდინარებით შეურყვნელ მშვენიერებას, — იდუმალი ხვეული ვენერას მარჯვენა ყურში ჭეშმარიტებისა და სილამაზის საიდუმლოებებს უჩურჩულებს.
3. ჰიერონიმუს ბოსხის ტკბობის ბაღი (1505-1510 წლები)
ის, რომ ჰიერონიმუს ბოსხის ხორციელ სიამოვნებათა კარნავალის ამსახველ სცენაში კვერცხი ყველაზე შესამჩნევ ადგილას, ნახატის ცენტრში (და ცხენოსნის თავზე) შეუმჩნევლადაა გამოსახული, ბევრმა კრიტიკოსმა და ხელოვნების რიგითმა თაყვანისმცემელმაც იცის. მაგრამ როგორ ხსნის ეს დელიკატური დეტალი ამ ნამუშევრის მნიშვნელობას? თუკი ტრიპტიხის გვერდითა ნაწილებს ისე დავხურავთ, რომ გამოჩნდეს ნამუშევრის გარეთა მხარე და ბოსხის დახატული მყიფე სამყაროს ოვალისებური მოყვანილობა, რომელიც ეთერში მოლივლივე გამჭვირვალე სფეროს სახითაა წარმოდგენილი, აღმოვაჩენთ, რომ ხელოვანმა ეს ნახატი კვერცხის მსგავს ნივთად წარმოიდგინა, რომელიც ტყდება და მთელდება ყოველ ჯერზე, როცა მასთან კონტაქტში შევდივართ. ბოსხის ნახატის გახსნით და დახურვით ჩვენ მონაცვლეობით მოგვყავს მოძრაობაში ახალწარმოქმნილი სამყარო ან დროს უკან ვახვევთ და ვუბრუნდებით დასაწყისს — იმ პერიოდს, სანამ უმანკოებას დავკარგავდით.
4. იან ვერმეერის გოგონა მარგალიტის საყურით (დაახლოებით 1665 წელი)
გგონიათ, რომ ვერმეერის ცნობილ პორტრეტზე გოგონას ყურზე ჩამოკონწიალებული მოელვარე მარგალიტი დაუსრულებლად ტრიალებს? კიდევ ერთხელ შეხედეთ. ეს მხოლოდ თქვენი წარმოსახვის ნაყოფია. მაჯის მარჯვე მოძრაობით და თეთრსაღებავიანი ფუნჯის ორი მონასმით მხატვარმა ჩვენი ტვინის კეფის წილის ვიზუალური აღქმა მოატყუა. რაც უნდა მოჭუტოთ თვალები, თქვენ ვერაფრით დაინახავთ კაუჭს, რომელიც საყურეს ყურთან დააკავშირებდა. ამ ილუზიას უწონობაში გამოკიდებული საყურის სფერულობა ქმნის. ვერმეერის მარგალიტი მდიდრული ოპტიკური ილუზიაა, რომელიც სამყაროში ჩვენი არსებობის ეფემერულობას ასახავს.
5. ჯოზეფ მ. უ. ტერნერის წვიმა, ორთქლი და სიჩქარე - დიდი დასავლეთის რკინიგზა (1844 წელი)
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტერნერმა ბურუსიან გზაზე მომავალი ლოკომოტივის წინ მორბენალი კურდღელი დამალა. ეს თავად ავტორმა გაუმჟღავნა პატარა ბიჭს, რომელიც სამეფო აკადემიას იმ დროს ეწვია, როცა ნამუშევარს გამოფენაზე პირველად წარსადგენად ამზადებდნენ. მაგრამ საკითხავი ისაა, რა მნიშვნელობას ანიჭებს ტექნოლოგიურ რევოლუციას მიძღვნილ ტილოს ეს მცირე დეტალი? რატომ მოუნდა ხელოვანს ამ დამალული დეტალის ბიჭისთვის გაცხადება? ძველ დროში კურდღელი ახალი სიცოცხლის და იმედის სიმბოლო იყო. ის დამთვალიერებლები, რომლებმაც ნახატი 1844 წლის გამოფენაზე პირველად იხილეს, ჯერ კიდევ შეძრულნი იყვნენ იმ საშინელი ტრაგედიით, რომელიც ორნახევარი წლით ადრე, შობის წინა დღეს მოხდა, როცა მატარებელი ნახატზე გამოსახული ხიდიდან 16 კილომეტრის მოშორებით რელსებიდან გადავარდა. ამ შემთხვევას მესამე კლასის ბილეთის მქონე ცხრა მგზავრი შეეწირა, 16 კი დაშავდა. კურდღლის სიმბოლოთი მხატვარმა საკუთარი ნამუშევარი სიცოცხლის სიმყიფისადმი მიძღვნილ მტკივნეულ ხარკად აქცია.
6. ჟორჟ სერას ბანაობა ანიერში (1884 წელი)
ნახატი, რომელზეც გამოსახულია პარიზელების დროსტარება ნაშუადღევს, მდინარე სენაზე, თავდაპირველად 1884 წელს დასრულდა და იგი სერას პირველი ნამუშევარია, რომელიც სახალხოდ გამოიფინა. ნახატს ავტორი წლების მერე, მას შემდეგ მიუბრუნდა, რაც ახლა უკვე მის ხელნაწერად ქცეული, წერტილოვანი ხატვის ტექნიკა დახვეწა. ამ ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი მაყურებლის თვალში გარკვეული დისტანციიდან იძენს გამომსახველობას. ფერის თეორია, რომელიც სერას პუანტილიზმს უდევს საფუძვლად, ფრანგი ქიმიკოსის, მიშელ ეჟენ შევრელის სახელს უკავშირდება. სწორედ მან ახსნა, როგორ ქმნის ფერების მოზაიკა ტონის პერსისტენციას ჩვენს გონებაში. სერას ნახატის უკანა ფონზე იმ ფაბრიკის საკვამურები მოჩანს, რომელშიც სანთლები ასევე შევრელის ინდუსტრიული ინოვაციის წყალობით მზადდებოდა. ეს საკვამურები იმ მოაზროვნეს მიაგებს პატივს, რომლის გარეშეც სერას ბრწყინვალე ხედვა პრაქტიკაში ვერ განხორციელდებოდა.
7. ედვარდ მუნკის კივილი (1893 წელი)
დიდი ხანია მიჩნეულია, რომ ედვარდ მუნკის კივილში გამოსახული მყვირალი ადამიანი, — შფოთვის ეს არქეტიპი, რომელიც ტილოს შექმნიდან საუკუნის შემდეგაც კი არ კარგავს სიმძაფრესა და აქტუალობას, — იმ პერუელი მუმიის სახეზე შეყინული გამომეტყველების გავლენითაა დახატული, რომელიც მხატვარმა 1889 წელს პარიზში გამართულ მსოფლიო ექსპოზიციაზე იხილა. მაგრამ მუნკს, როგორც შემოქმედს, წარსულზე მეტად მომავალი აინტერესებდა. ის განსაკუთრებით ტექნოლოგიის განვითარებით იყო შეშფოთებული. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იგი უფრო მეტად იმავე ექსპოზიციაზე გამოფენილი სხვა ექსპონანტით მოინუსხა. ეს მართლაც სუნთქვისშემკვრელი სანახაობა იყო: 20 ათასი მცირე ნათურით სავსე უზარმაზარი ნათურა, რომელიც კვარცხლბეკზე იდგა და მთლიან პავილიონს გადმოჰყურებდა. თომას ედისონის იდეებისადმი მიძღვნილი ეს ქანდაკება მუნკისთვის შთაგონების წყარო გახდა. კივილის მკივანი სახის კონტური, თავისი ჩამოზრდილი ყბითა და მომრგვალებული შუბლით, საოცარი სიზუსტით იმეორებს ედისონის შემაძრწუნებელი ელექტრონული ტოტემის მოყვანილობას.
8. გუსტავ კლიმტის კოცნა (1907 წელი)
ერთი შეხედვით, უდავოა, რომ სიყვარული და ვნება ლაბორატორიის თეთრი გრძელი მოსასხამებისა და სამეცნიერო ცდებისთვის განკუთვნილი მიკროსკოპული გამოსახულებებისგან ყველაზე შორს მდგომი რამაა. თუმცა გუსტავ კლიმტის კოცნის მიხედვით, ეს ასე სულაც არაა. იმ წელს, როცა მან ეს ნამუშევარი შექმნა, ვენის ელიტურ წრეებში ყველა თრომბოციტებსა და სისხლის უჯრედებზე საუბრობდა; ამ საკითხზე განხილვები განსაკუთრებით გაჩაღებული იყო ვენის უნივერსიტეტში, სადაც კლიმტი რამდენიმე წლით ადრე სამედიცინო თემაზე ნახატების შესაქმნელად მიიწვიეს. კარლ ლანდშტაინერი, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი იმუნოლოგი და მეცნიერი, რომელმაც პირველმა განასხვავა სისხლის ჯგუფები, იმ პერიოდში დაუღალავად ცდილობდა, სისხლის გადასხმა წარმატებით განეხორციელებინა. უფრო ახლოდან შეხედეთ კლიმტის ნამუშევარს იქ, სადაც ქალის კაბის ტექსტურა თითქოს ირხევა. თქვენ მაშინვე შეამჩნევთ იმას, რაც რეალურადაა გამოსახული: ლაბორატორიულ თასებს, რომლებიც უჯრედებით ისე პულსირებს, თითქოს მხატვარი ქალის სულის სკანოგრამას გვანახებსო. კოცნა კლიმტისეული მარადიული სიყვარულის მანათობელი ბიოფსიაა.
კომენტარები