ზღვის დონის მატება 2050 წლისთვის იმაზე სამჯერ მეტ ადამიანს შეეხება, ვიდრე აქამდე გვეგონა. ახალი კვლევის მიხედვით, წყალი 2050 წლისთვის მსოფლიოს არა ერთ საუცხოო ზღვისპირა ქალაქს ჩაყლაპავს.

სამშაბათს გამოქვეყნებული კვლევის ავტორებმა თანამგზავრულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიმუშავეს ხმელეთის დონის განსაზღვრის უფრო ზუსტი მეთოდი და აღმოაჩინეს, რომ წინამორბედი მეთოდები ზედმეტად ოპტიმისტური იყო. ახალი შედეგები აჩვენებს, რომ ტერიტორიაზე, რომელიც რამდენიმე ათწლეულში მოქცევების დროს წყლის ქვეშ მოხვდება ამჟამად 150 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

კვლევა, რომლის შედეგები არც ისე სახარბიელოა, ნიუ-ჯერსიში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, Climate Central-მა ჩაატარა და ის ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.


სამხრეთ ვიეტნამი, შესაძლოა, სრულად გაქრეს.

ზემოთ მოცემულ სურათზე მარცხენა მხარეს ძველი პროგნოზია, მარჯვნივ კი — ახალი, რომელშიც ჩანს, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი მოქცევის დროს წყალქვეშ ექცევა.

ვიეტნამში ამ ტერიტორიებზე ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ერთი მეოთხედი, ანუ დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

წყალი დაფარავს ხოშიმინსაც, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ცენტრია. გასათვალისწინებელია, რომ ამ პროგნოზებში პოპულაციის ზრდა და სანაპიროს ეროზია გათვალისწინებული არ არის.


თანამგზავრებიდან სტანდარტული მეთოდებით ჩატარებული გაზომვები არაზუსტია, რადგან ასეთ შემთხვევაში ხმელეთის დონის განსაზღვრა და მისი, მაგალითად, შენობების ან ხეების სიმაღლისგან გარჩევა ვერ ხერხდება. Climate Central-ის მკვლევარმა, სკოტ ა. კულპმა და ორგანიზაციის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ბენჟამინ სტრაუსმა წინამორბედ გაზომვებში არსებული უზუსტობების გამოსავლენად და მათ აღმოსაფხვრელად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა.

ტაილანდში მოსახლეობის 10 პროცენტი ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც 2050 წლისთვის წყალი დაფარავს. შედარებისთვის, წინა მეთოდით ამ რისკის ქვეშ მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტი ხვდებოდა. განსაკუთრებული ზიანი კი ქვეყნის პოლიტიკურ და კომერციულ ცენტრს, ბანგკოკს ადგება.

ბანგკოკის მცხოვრები და გაეროს წარმომადგენელი ჰიბერ ჯირარდეტი აცხადებს, რომ კლიმატური ცვლილებები ქალაქებზე მრავალმხრივ გავლენას მოახდენს. მაგალითად, როდესაც გლობალური დათბობის გამო ტერიტორიები დაიტბორება, ფერმერები იძულებულნი იქნებიან, რომ სამუშაოდ ქალაქებში გადაინაცვლონ.


საფრთხის წინაშეა აზიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეკონომიკური ძალა, შანხაი, რომლის ცენტრსაც წყალი დაფარავს. ისევე, როგორც გარშემო არსებულ სხვა ქალაქებს.

მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიებზე ადამიანი ვეღარ იცხოვრებს. მონაცემები მიუთითებს, რომ 110 მილიონი ადამიანი უკვე ცხოვრობს იმ არეალში, რომელიც მოქცევის დროს, წესით, წყლის ქვეშ უნდა ხვდებოდეს. სტრაუსის თქმით, ეს ზღვისგან დამცავი კედლებისა და ბარიერების ხარჯზე ხდება. მეცნიერი ამბობს, რომ ქალაქებმა მსგავსი დამცავი ნაგებობების შექმნისთვის გაცილებით მეტი ძალისხმევა უნდა დახარჯონ, თანაც სწრაფად.

თუმცა ასეთი მეთოდების ეფექტურობა შეზღუდულია. სტრაუსს ზღვის დონეზე დაბლა არსებული ქალაქის, ახალი ორლეანის მაგალითი მოჰყავს, რომელსაც 2005 წელს ქარიშხალმა კატრინამ წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა. ამ შემთხვევაში არც ჯებირებმა იმუშავა და არც დამბებმა, ქარიშხლის შედეგად ქალაქის 80 პროცენტი წყლით დაიფარა.


განახლებული პროგნოზით მუმბაი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი და ინდოეთის ფინანსური ცენტრია, შესაძლოა, წყლის ქვეშ მოექცეს. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება ქალაქის ისტორიულ ნაწილს.

მთლიანობაში, კვლევა მიანიშნებს, რომ რისკის ქვეშ მყოფმა ქვეყნებმა მზადება უნდა დაიწყონ და საფრთხის შემცველი ზონებიდან მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიებზე გადაასახლონ.

"ჩვენ განგაშის ზარების დარეკვას დიდი ხანია ვცდილობთ. ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი საფრთხე გვემუქრება. თანაც, ამ რაოდენობის ხალხისთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის პრეცედენტი აქამდე არ გვქონია", — აცხადებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დინა იონესკო.


ამ ყველაფერს შეეწირება უდიდესი კულტურული მემკვიდრეობებიც. ალექსანდრია, რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა ჩვ. წ. 330 წელს დააფუძნა, შესაძლოა, წყალში დაიკარგოს.

გარკვეულ ადგილებში ზღვის დონის მატებით გამოწვეულმა მიგრაციამ კი, შესაძლოა, რეგიონალური კონფლიქტები წარმოშვას.

ბასრა, ერაყში სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ქალაქი 2050 წლისთვის, შესაძლოა, დიდწილად წყლის ქვეშ აღმოჩნდეს. ჯონ კასტელაუ, რომელიც ერაყის ომის დროს აშშ-ს ცენტრალური სამხედრო სამმართველოს ლეიტენატ-გენერალი იყო აცხადებს, რომ თუ ეს მოხდება, ამის შედეგებს ერაყის საზღვრებს გარეთაც მნიშვნელოვნად იგრძნობენ.


გენერლაი კასტელაუ, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში დაფუძნებული კვლევითი და საადვოკატო ჯგუფის, კლიმატისა და უსაფრთხოების ცენტრის ექსპერტთა კომისიის წევრია, აცხადებს, რომ ზღვის დონის მატების გამო ხმელეთის დაკარგვა "გარკვეულ რეგიონებში დამატებით სოციალურ და პოლიტიკურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რამაც, შესაძლოა, შეიარაღებული კონფლიქტები წარმოშვას და ტერორიზმის საფრთხე გაზარდოს."

"ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ეკოლოგიური საფრთხე", — აცხადებს ის.