სამხედრო ძალის დემონსტრირება — ჩინეთში სახალხო რესპუბლიკის 70 წელი აღნიშნეს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 70 წლისთავთან დაკავშირებით პეკინში არაერთი ღონისძიებება გაიმართა. დღესასწაულის ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენა სამხედრო აღლუმი გახდა, რომელიც თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. აღლუმში 15 ათასმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა და ჩინეთის თანამედროვე სამხედრო ტექნიკის დემონსტრაცია მოეწყო.
1946 წლის პირველ ოქტომბერს ჩან კაიშის ჯარზე კომუნისტების გამარჯვების შემდეგ ჩინეთის კომპარტიის ლიდერმა, მაო ძედუნმა ახალი სახელმწიფოს შექმნის შესახებ გამოაცხადა.
თანამედროვე ჩინეთი სწრაფი ტემპებით ვითარდება და ეკონომიკის სფეროში შთამბეჭდავ წარმატებებს აღწევს, თუმცა მაინც რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნად.
აღლუმის დაწყებამდე პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებისთვის "ადამიანი პირველ ადგილზე იქნება". სიტყვით გამოსვლისას მან ჰონგ-კონგი ახსენა, სადაც რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სი ძინპინი მოსახლეობას დაპირდა, რომ ავტონომიაში "გრძელვადიან კეთილდღეობას უზრუნველყოფს".
"არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ამ ერის საფუძვლები შეარყიოს. არანაირ ძალას არ შეუძლია, რომ ჩინელ ხალხს განვითარებაში ხელი შეუშალოს", — განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
მასშტაბური სამხედრო აღლუმი ტიანანმენის მოედანზე ჩატარდა. ამ ადგილს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ აქ გამოაცხადა მაო ძედუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა. ხოლო 30 წლის წინ ჩინეთის ხელისუფლებამ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გამოსული სტუდენტები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პეკინში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ყველგან ჩინეთის წითელი დროშები კიდია და ქუჩებში ინსპექტორები პატრულირებენ. აღლუმზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევით იყო შესაძლებელი. ტიანანმენის მოედანი და ახლომდებარე ქუჩები გადაკეტეს, მოსახლეობას სახლში მისვლა კი მხოლოდ საბუთების წარდგენის შემდეგ შეეძლო.
აღლუმის რეპეტიციის დროსაც მოედნის ტერიტორიაზე სასტუმროების დატოვება რამდენიმე საათით იკრძალებოდა. დროებით დახურული იყო მაღაზიები, რესტორნები და მეტროსადგურები. ადგილობრივ მაცხოვრებლებს კი ფანჯრებთან მისვლა და ფარდების გადაწევა შეუზღუდეს.
კომენტარები