როგორ გადავიხადოთ მარტივად თიბისისა და Apple Pay-ის მეშვეობით
Apple Pay გადახდის მარტივი, დაცული და მოსახერხებელი ფორმაა, რომელიც საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია.
თიბისი ბანკმა საკუთარ მომხმარებლებს Apple Pay 3 სექტემბერს წარუდგინა, 4 სექტემბრის მონაცემებით კი სისტემაში უკვე 20 000-ზე მეტი ბარათზე იყო დარეგისტრირებული.
თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მომხმარებლებს Apple Pay-ით გადახდა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, თიბისის ნებისმიერი ბარათით შეუძლიათ.
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მომხმარებელი Apple-ის გადახდებს მოუთმენლად ელოდა. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და დღეიდან Apple Pay თიბისის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია",— თქვა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ციფრული გადახდების ასოცირებული პროფესორის ზვიად წოწკოლაურის თქმით კი, ერთი დღის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
"ანალოგიურ პროექტებს თუ შევადარებთ, მსგავსი ინოვაციური პროდუქტებისთვის ეს კოლოსალური რიცხვია. დაახლოებით ორი წელია, გვაქვს აპლიკაცია Android-ის ტელეფონებისთვის, Apple Pay-სთან შედარება ცოტა რთულია, იმიტომ, რომ ეს ეფლის აპლიკაციაა და ის - თიბისის, თუმცა შედეგები ბევრად უფრო მასშტაბურია. ასე რომ, ვფიქრობ, Apple Pay-ს გაცილებით დიდი გამოყენება ექნება საქართველოში", — აღნიშნა ზვიად წოწკოლაურმა.
და მაინც, რა არის Apple Pay და რატომ აქებენ ამდენს?
Apple Pay გადახდის უკონტაქტო მეთოდია, რომელსაც Apple თავის მოწყობილობებისთვის (iPhone, Apple Watch, iPad, Mac) გვთავაზობს. მისი საშუალებით ადგილზე (ტერმინალით) გადახდა iPhone-სა და Apple Watch-ის საშუალებითაა შესაძლებელი. რაც შეეხება Mac-სა და iPad-ს, ამ შემთხვევაში Apple Pay-ში დამატებული ბარათი სხვადასხვა საიტზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ სისტემას რამდენიმე უპირატესობა აქვს:
- Apple Pay ძალიან უსაფრთხოა
უსაფრთხოება Apple Pay-ს მთავარი შემადგენელი ნაწილია. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არც Apple-ის მოწყობილობაში ინახება და არც - სერვერებზე. ამის ნაცვლად, იქმნება უნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.
- Apple Pay-ით იხდით ყველგან
iPhone-ისა და Apple Watch-ის მფლობელებისთვის Apple Pay-ით გადახდა უკვე შესაძლებელია მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. Apple Pay-ით აპლიკაციებში ან Safari-ში შოპინგისას კი ონლაინ მაღაზიებში ბარათის მონაცემების შევსება აღარ მოგიწევთ.
ამ სისტემის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ შეიძლება გამარტივებული გადახდების გამო ბევრად მეტი ნივთი გამოიწეროთ.
- Apple Pay-ით გადახდას ინტერნეტი არ სჭირდება
Apple Pay ინტერნეტის გარეშე მუშაობს, რადგან სხვა ტიპის გადამცემს იყენებს. Apple Pay-ით თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი. გადახდის გზა (იქნება ეს Touch ID, Face ID თუ პაროლი) იმაზეა დამოკიდებული, iPhone-ის რომელი მოდელი გაქვთ.
Apple Pay გამოიყენება:
1. iPhone 6 და შემდეგ ვერსიებზე
2. Apple Watch-ზე (საათი დაკავშირებული უნდა იყოს iPhone 6 ან შემდეგ ვერსიასთან)
ნახეთ თავსებადი მოწყობილობების სრული სია
როგორ გადავიხადოთ თიბისი ბანკის ბარათებით Apple Pay-ის გამოყენებით?
სანამ Apple Pay-ით სარგებლობას დაიწყებთ, რამდენიმე მარტივი მითითება უნდა შეასრულოთ:
- მოძებნეთ თქვენს აიფონში Apple Wallet-ის აპლიკაცია;
- ზედა მარჯვენა კუთხეში "+" ნიშანზე დაჭერით დაამატეთ თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათი/ბარათები, რომლებიც გაქვთ;
- ბარათის გასააქტიურებლად დაასკანეროთ ის ტელეფონით ან ხელით შეიყვანოთ თექვსმეტნიშნა კოდი.
ამ მარტივი ინსტრუქციის შესრულების შემდეგ შეძლებთ თქვენი ეფლის მოწყობილობებით გადაიხადოთ ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდის ან Apple Pay-ის ნიშანი იქნება.
გადახდა ორი გზითაა შესაძლებელი:
1. iPhone-ის Face ID (სახის ვერიფიკაციის) მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ძირითადი ბარათის გამოსაყენებლად ორჯერ დააჭერთ გვერდით ღილაკს, შემდეგ კი Face ID ვერიფიკაციას გაივლით.
2. iPhone Touch ID ის (ანაბეჭდის) მეშვეობით. ძირითადი ბარათის გამოსაყენებლად, შეეხეთ Touch ID-ის.
ორივე შემთხვევაში გადახდის დროს დაელოდეთ ეკრანზე წარწერა დასრულებულიას (Done) გამოჩენას.
Apple Pay-ით გადახდის დროს ერთგულ ქულებს სტანდარტულად დააგროვებთ და ბარათზე გააქტიურებული სპეციალური შეთავაზება Apple Pay-ით გადახდისასაც მოქმედი იქნება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ tbcapplepay.ge-ს ეწვიოთ და სულ რამდენიმე წუთში შეაბიჯოთ მომავალში, სადაც ბარათი აღარ დაგჭირდებათ.
კომენტარები