ალბათ გაგიგიათ, რომ თქვენი სხეულის დაახლოებით 60 პროცენტი წყალია. ორგანიზმი წყალს ყველა უჯრედში, ორგანოსა და ქსოვილში იყენებს. წყლის საშუალებით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, ხდება საკვების მონელება და რეგულირდება ყველა სასიცოცხლო პროცესი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში სითხე მიიღოთ და მიირთვათ ისეთი საკვები, რომელიც წყალს შეიცავს. დღიური ნორმა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, ეს დამოკიდებულია კლიმატზე, თქვენს ფიზიკურ აქტივობასა და ზოგად ჯანმრთელობაზე.

თუმცა უფრო კონკრეტულად რატომ არის ის ჩვენი ორგანიზმისთვის ასეთი აუცილებელი?

ტვინი

ფოტო: Joseph Yang

ტვინის 85 პროცენტი წყალია და თუ თქვენს ორგანიზმში ჰიდრაციის მაჩვენებელი დაიკლებს, ამას თავადაც იგრძნობთ. თავის ტკივილი, გაუარესებული კონცენტრაცია და მეხსიერება, ეს ის სიმპტომებია, რომელიც გაუწყლოებამ შეიძლება გამოიწვიოს. წყლის ნაკლებობისას არითმეტიკლი უნარებიც კი ქვეითდება. ეს იმის გამო ხდება, რომ გაუწყლოებისას ტვინში ენერგიის წარმოქმნა მცირდება. ამიტომ აუცილებელია, რომ ორგანიზმში წყლის ოპტიმალური რაოდენობა შეინარჩუნოთ.

ღვიძლი

ფოტო: Getty Images

ღვიძლის 73 პროცენტი წყალია. ამ ორგანოს ერთ-ერთი ფუნქცია ცხიმის ენერგიად გარდაქმნაა. ღვიძლში ასევე იფილტრება ორგანიზმში არსებული ტოქსინები, ამ ყველაფრისთვის კი წყალია საჭირო. საკმარისი წყლის არარსებობის შემთხვევაში ღვიძლი ცხიმის ენერგიად ეფექტურად გარდაქმნას ვერ შეძლებს, რაც ორგანიზმში დამატებითი ცხიმის დაგროვებას გამოიწვევს.

ფილტვები

ფოტო: Vladimir Marchukov

ფილტვების 85 პროცენტი წყალია. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სუნთქვისთვის წყალი აუცილებელია. ჟანგბადის მისაღებად და ნახშირორჟანგის გამოსაყოფად ჩვენი ფილტვები მუდმივად დატენიანებული უნდა იყოს. საშუალო სტატისტიკური ადამიანი დღეში სუნთქვის საშუალებით დაახლოებით ერთ ლიტრამდე წყალს აორთქლებს.

კანი

კანი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი ორგანოა. მისი 70 პროცენტი კი წყალია. კანის საშუალებით ყოველდღიურად ჩვენი ორგანიზმიდან წყლის ნაწილი ორთქლდება. აღსანიშნავია, რომ გარემო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მაგალითად, კონდიცირებული ოთახი კანს აშრობს და მას ნაწილობრივ აზიანებს. ამის საწინააღმდეგოდ დამატენიანებლების გამოყენებაც შეიძლება, თუმცა ისინი მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომებს მკურნალობენ. საუკეთესო გზა კი უბრალოდ წყლის დალევაა.

თირკმელები

თირკმელების 80 პროცენტი წყალია. ამ წყვილი ორგანოს მთავარი ფუნქცია ორგანიზმიდან ნარჩენი პროდუქტების გამოდევნაა. თუ ორგანიზმს სითხე აკლია, სხეულიდან მავნე პროდუქტები ეფექტურად ვერ გამოიდევნება, რამაც, შესაძლოა, თირკმელები დააზიანოს. თირკმელების კვლევის ეროვნული ფონდი ადამიანებს დღეში ორ ლიტრამდე წყლის მიღებას ურჩევს. ეს ასევე შეამცირებს თირკმელში კენჭების ჩამოყალიბების შანსს.

ძვლები

გასაკვირია, მაგრამ წყალს ძვლებშიც ვხვდებით. ძვლის დაახლოებით 22 პროცენტი მეტი არაფერია, თუ არა წყალი. წყალი ასევე აუცილებელია სახსრების გამართული ფუნქციონირებისათვის. წყლის საშუალებით ძვლების დაბოლოებებზე არსებული ხრტილები იპოხება, რაც ორ სხვადასხვა ზედაპირს ერთმანეთთან ხახუნის გარეშე მოძრაობის საშუალებას აძლევს.

მოძრაობა #ეკოისტი

სტატია, რომელიც წაიკითხე, მოძრაობა #ეკოისტის ფარგლებშია შექმნილი. #ეკოისტი არის ჯიპიაის ლოიალობის პროგრამა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ, ეკომონეტებს გადაუხდის მის ნებისმიერ მონაწილეს. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს, აღმოაჩინოს, შემოიკრიბოს და დააჯილდოოს ადამიანები, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური ეკოქცევებით, ზრუნავენ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე, გარემოზე.

ჩამოტვირთე აპლიკაცია და შეუერთდი ეკოისტებს.