მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა რუსი ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობაზე ხელის შეშლა სცადა, ათასობით უცხოელმა მოგზაურმა კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოხატა ქვეყნის მიმართ. ისინი, ვინც საქართველო წარსულში უკვე მოინახულეს, ამბობენ, რომ მზად არიან ქვეყანას კიდევ ერთხელ ეწვიონ და ამასთან ერთად, ონლაინ კამპანიით, #SpendYourSummerInGeorgia (გაატარე ზაფხული საქართველოში), იმავეს ურჩევენ სხვა მოგზაურებსაც.

საქართველოს ბუნება იმითაა გამორჩეული, რომ აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია ისე დაისვენოს, როგორც ინებებს. ამ პატარა ქვეყანაში ერთდროულად იმდენი რამაა თავმოყრილი, რომ მოგზაური დიდი არჩევანის წინაშე დგება.

ზღვაზე წასვლის მსურველებს სანაპირო და მუსიკალური ფესტივალები ელოდებათ. უძველესი კულტურის გაცნობა გსურთ? საქართველო ისტორიული ადგილებით უბრალოდ დახუნძლულია. ხოლო თუ კემპინგი და ლაშქრობა გიზიდავთ, საუკეთესო წერტილები შეგიძლიათ მოინახულოთ და ბუნების შთამბეჭდავი ხედებით დატკბეთ.

საქართველო კემპინგის მოყვარულებს ზაფხულის ცხელი დღეების გრილ გარემოში, საინტერესოდ გატარებას სთავაზობს. ჩვენ შევარჩიეთ 10 ადგილი, სადაც გატარებული ყოველი დღის ემოცია მთელი წელი გაგყვებათ.

1. ზეთა ბანაკი

ფოტო: ENPARD

ტურისტული ბანაკი ზეთა ყაზბეგში, სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2 300 მეტრ სიმაღლეზე, ჭაუხის ძირში მდებარეობს. ბანაკამდე სოფლიდან შეგიძლიათ მიკროავტობუსით მიხვიდეთ, თუმცა თუ ენერგიული დასვენებისთვის მზად ხართ, ფეხით სავალი 900 მეტრის გავლაც არ გაგიჭირდებათ. ზეთას ბანაკის ტერიტორია კეთილმოწყობილია, იქ დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო. ბანაკი 2009 წლიდან წარმატებულად ფუნქციონირებს.

2. გომის მთა

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ღრუბლებში ჩაფლულ გომის მთაზე გატარებულ ერთ საღამოსაც კი თერაპიის ეფექტი აქვს. ზღვის დონიდან 2 100-2 755 მეტრის სიმაღლეზე ყოფნა, დასასვენებლად და გონების გასაწმენდად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ოზურგეთში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბჟუჟის ხეობაში მდებარეობს. ადგილი გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით, წყაროებით, მის მიმდებარე ტერიტორიაზეა ჭინჭაოს ტბაც, რომელიც ზღვის დონიდან 2 500 მეტრზეა.

3. ბატეთის ტბა

ფოტო: Shermazana

ბუნებაში ჩაკარგული ტბა იდეალური ადგილია ზაფხულში დასასვენებლად. ბატეთის ტბა მეწყერული წარმოშობისაა და თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1 313 მეტრში მდებარეობს. თუ ზაფხულში სხვა პრიორიტეტები გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ ბატეთის ტბა შემოდგომაზე დამაბრმავებლად ლამაზია.

4. ტობავარჩხილის ტბა

ტბავერცხლი, ტობა — ასე უწოდებენ მთაში არსებულ ტობავარჩხილის ტბას ადგილობრივები. ის ზღვის დონიდან 2 650 მეტრის სიმაღლეზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. ტბის ყველაზე ღრმა წერტილი 35 მეტრს აღწევს.

ტბას გარემოს ირეკლავს, მოლურჯო-მოვერცხლისფრო ფერი დაჰკრავს და საოცრად მშვიდია. მტკნარი წყლის გამო, იქ თევზები არ ბუდობენ. ტბამდე მისაღწევად, შესაძლოა, სამი დღე დაგჭირდეთ და ჯობს იმ ადამიანთან ერთად იყოთ, ვინც მიმდებარე ტერიტორიას კარგად იცნობს.

5. უშგული

ფოტო: CamelKW / Flickr

არ ვიცი, უშგულზე იმაზე მეტი რა უნდა გითხრათ, რასაც უკვე ამ სურათზე ხედავთ. მოგზაურობისას აქ რამდენიმე სეზონში ერთდროულად მოხვდები, რადგან პეიზაჟში მზიანი მაღლობების მიღმა დათოვლილი მთებიც მოჩანს.

თუმცა, კემპინგის მოყვარულებისთვის უშგულში სტუმრობისთვის საუკეთესო დრო ზაფხულია, რადგან შემოდგომასა და ზამთარში, დიდთოვლობის გამო ხშირად გზები გადაკეტილია.

უშგული, სოფელ ბოჭორნას შემდეგ, ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია, ზღვის დონიდან 2060-2200 მეტრამდე სიმაღლით. მისი ერთ-ერთი სოფელი, ჩაჟაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს შორისაა.

6. შაორი

ფოტო: Maria Savenko / Flickr

თუ რაჭაში მეგობრები გყავთ, კარგად მოექეცით, რადგან ამ მხარეში ერთხელ თუ იმოგზაურებთ, აუცილებლად გენდომებათ მეორედ ჩასვლაც.

შაორი პირველი ადგილია, რომელიც რაჭაში უნდა მოინახულოთ. აქაა რეგიონის უდიდესი ტბა/წყალსაცავი. ზაფხულობით ადგილი გრილი და სასიამოვნოა მათთვის, ვისაც ლაშქრობა ან პიკნიკი აქვს გადაწყვეტილი. ტბა თევზის ნაირსახეობითაც გამოირჩევა, ამიტომ ადგილზე მრავლად შეხვდებით მეთევზეებს.

თუ შაორის მონახულებას შემოდგომაზე გადაწყვეტთ, წინასწარ მოემზადეთ ზღაპრული გარემოსთვის, რადგან წყალი შეფერადებულ ხეებს ირეკლავს და თავი შეიძლება ვინდოუსის დესკტოპში გეგონოთ.

შაორიდან 5 კილომეტრშია სოფელი ნიკორწმინდა, სადაც მე-11 საუკუნეში აგებულ ეროვნული ხურუთმოძღვრების ძეგლს ნახავთ.

7. ომალო

ფოტო: Jakub Sousek / Flickr

თუშეთის ცენტრში, მთების კალთებზე გაშენებული სოფელი ომალო სამყაროსგან მოწყვეტილი ადგილის განცდას დაგიტოვებთ. ის ზღვის დონიდან ზღვის 1 880 მეტრზე, დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს. ზაფხულსა და შემოდგომაზე მისი პეიზაჟი და ხედი განსაკუთრებით ლამაზია. თუ სოფელზე მეტის გაგება გსურთ, შეგიძლიათ ოთხი უცხოელი მოგზაურის დოკუმენტური ფილმი ნახოთ, რომლებმაც ომალოდან ყაზბეგამდე ველოსიპედებით წასვლა განიზრაზეს.

8. ფარავნის ტბა

ფოტო: Aniket Satpute / 500px

ფარავნის ვულკანური წარმოშობის ტბა სამცხე-ჯავახეთში, ზღვის დონიდან 2 073 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის საქართველოში ერთ-ერთი უდიდესია და საუცხოაა კემპინგის მოსაწყობად. ფარავნის ტბა ზამთარში მთლიანად იყინება და გარემოს კიდევ უფრო ჯადოსნურ იერს სძენს.

9. ჰეშკილის ქოხები

ფოტო: Heshkili Huts / Facebook

სამოთხე დედამიწაზე — ასე უწოდებენ ჰეშკილის ქოხებს, რომლებიც ბავშვობის საოცნებო ხის სახლებს მოგაგონებთ. საკურორტე ადგილი ზემო სვანეთში, სოფელ ჰეშკილში, მდებარეობს, ზღვის დონიდან 1 900 მეტრზე.

ჰეშკილის ქოხებიდან ორი ულამაზესი ხედი იშლება — ლაილას ქედისა და უშბის მწვერვალის. ადგილი მესტიიდან 6-7 კილომეტრშია.

10. ბაზალეთის ტბა

ბაზალეთის ტბა თბილისიდან სულ რაღაც 50-52 კილომეტრში მდებარეობს. მისი უნიკალურობა მხოლოდ მის სილამაზეში არაა, ვულკანური წარმოშობის ტბაში არცერთი მდინარე ჩაედინება ან გაედინება — ის მხოლოდ მიწისქვეშა მინერალებითა და წვიმის წყლებით მდიდრდება და შეძენილი თვისებების გამო, სამკურნალო მიზნებისთვისაც კი იყენებენ.

ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ცქერაში დაღლილებმა კარვებს შეგიძლიათ მიაშუროთ, დილით კი, ბაზალეთის ტბაზე მზის ამოსვლის ცქერით დატკბეთ — ეს ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობა იქნება, რომლის მომსწრეც ამ ზაფხულს შეიძლება გახდეთ.