ფოტოები: "დაშლილი" პროტესტი გრძელდება
საქართველოს პარლამენტთან გუშინ, 20 ივნისს დაწყებული აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტის გარდა, პარლამენტთან მიმდინარე დემონტრაციის ძალადობრივი ფორმით დაშლას აპროტესტებენ.
პარლამენტთან შეიკრიბნენ, პოლიტიკოსები, ხელოვანები, მწერლები, სტუდენტები, მოქალაქეები. ისინი რამდენიმე მოთხოვნას აჟღერებენ, ესენია: შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.
აქციის მონაწილეების ოდენობის გამო რუსთაველის გამზირი სრულადაა გადაკეტილი. ისინი მოსულები არიან ბანერებით — "რუსეთი ოკუპანტია".
20 ივნისის აქცია
20 ივნისს ღამით ოკუპაციის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის დაშალეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული. დაკავებულია 305 აქციის მონაწილე. დაშავებულებიდან სამედიცინო დაწესებულებაში 55 პაციენტი რჩება. მათგან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.
საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.
კომენტარები