აი, ასე გაჩნდნენ ცხოველები: არა - ერთი, არამედ რამდენიმე აფეთქებით
პლანეტის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღიარებული კამბრიული აფეთქება, შესაძლოა, მხოლოდ ერთ-ერთი გაელვება ყოფილიყო ევოლუციური მარათონის ფეიერვერკების შოუში.
ფოტო: Ryan Somma
თუ დედამიწის 4.5-მილიარდიან ისტორიას ერთ კალენდარულ წელზე გადავანაწილებთ, მაშინ 18-20 ნოემბერი იქნება ის პერიოდი, როცა ცხოველთა სამყარომ შეუდარებელი ტრანსფორმაცია განიცადა. ჟელესებური სხეულის მქონე, დინჯი არსებები, რომლებიც წყალქვეშ გადაადგილებით პოულობდნენ საკვებს, შეიცვალნენ; გაჩნდა დაუნდობელი კონფლიქტი მტაცებელსა და მსხვერპლს შორის და ჩამოყალიბდა ახალი საბრძოლო იარაღები: თვალები, ყბები, ფეხები და ნიჟარები. ასე დაიბადნენ თანამედროვე ცხოველების წინაპრები, რომლებიც შემდეგ მათივე შთამომავლებით ჩანაცვლდნენ.
ცოტა ისტორიულ მომენტს თუ რგებია ისეთი ყურადღება, როგორც კამბრიული აფეთქების სახელით ცნობილ, 20 მილიონი წლის მომცველ პერიოდს. ის დახასიათებულია, როგორც "ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოლოგიური მოვლენა სიცოცხლის წარმოშობის შემდეგ", "ყველაზე გავლენიანი გეობიოლოგიური რევოლუცია გასული მილიარდი წლის განმავლობაში", და "ევოლუციის დიდი აფეთქება". ამის მიუხედავად, ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი, რომელთაც რეიჩელ ვუდი ხელმძღვანელობს, ფიქრობს, რომ სახელგანთქმული კამბრიული აფეთქება სულაც არ ყოფილა ერთჯერადი მოვლენა.
კამბრიული პერიოდის ზღვები სავსე იყო სხვადასხვა ტიპის ცხოველებით. ნახატის ცენტრში ამ ხანის მტაცებელი, ანომალოკარისია გამოსახული.
ფოტო: John Sibbick / Natural History Museum
თავიანთ პროვოკაციულ კვლევაში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ერთი აფეთქების ნაცვლად, სინამდვილეში, ბევრი თანაბარმნიშვნელოვანი ევოლუციური ბიძგი მოხდა. შესაბამისად, არსებული სახეობები ერთბაშად კი არ ჩანაცვლებულან ახლებით, არამედ ეს თანდათანობითი პროცესი იყო. "ძნელია, გამოვარჩიოთ აფეთქების ერთი ფაქტი", - ამბობს ვუდი, - "უფრო სწორი იქნება, საკითხი წარმოვიდგინოთ, როგორც ცვლილებათა ძალიან გრძელი სერია". სხვა სიტყვებით, კამბრიული აფეთქება, უბრალოდ, ფეიერვერკების ხანგრძლივი შოუს შუაში გასროლილი ერთ-ერთი მაშხალა იყო.
"ვფიქრობ, ეს საყოველთაოდ აღიარებულ ნარატივს მნიშვნელოვანდ ცვლის", - ამბობს უილიამსის კოლეჯის პალეონტოლოგი, ფიბი კოენი, - "რაც უფრო მეტს ვიგებთ კამბრიულ აფეთქებაზე, მით უფრო ვლინდება, რამდენად არ ჰგავდა ის რეალურ აფეთქებას".
აფეთქებამდელ ერას ედიაკარული პერიოდი ეწოდება. ამ ხანაში, რომელიც 571 მილიონი წლის წინ დაიწყო და 541 მილიონი წლის წინ დასრულდა, გამოჩნდნენ პირველი დიდი, რთული აგებულების მქონე ცოცხალი არსებები. ეს ჟელესებური, განტოტვილი და დაღარული უცნაური ქმნილებები სრულებით არ ჰგავდნენ თანამედროვე ცხოველებს; ზოგიერთი მათგანი კი, შეიძლება, ცხოველი საერთოდაც არ ყოფილიყო. თუმცა, რაც უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ნამარხი ნაშთების შესწავლით დადგინდა, რომ ეს არსებები ედიაკარული პერიოდის კამბრიულით შეცვლისთანავე გაქრნენ. ამ უკანასკნელ ერაში კი ჩვენთვის უფრო ნაცნობი აღნაგობის ცხოველები იწყებენ გავრცელებას. მეცნიერთა ნაწილს ამ სწრაფმა ცვლილებამ უბიძგა, ედიაკარული ბიოტა "ჩაფლავებულ ევოლუციურ ექსპერიმენტად" მიეჩნია, რადგან სწორედ ამ დროს გადაშენდნენ ადრეული არსებები და მათ ადგილზე თანამედროვე ცხოველთა წინაპრები მოვიდნენ.
ნამიბიის დედამიწის მეცნიერების ეროვნულ მუზეუმში დაცული ედიაკარული პერიოდის ნამარხი.
ფოტო: J. Hoyal Cuthill
ედიაკარულ და კამბრიულ პერიოდებს შორის განსხვავება იმდენად გამითოლოგიზირებულია, რომ მათი შემსწავლელი მეცნიერებიც ორ ბანაკად იყოფიან. "არსებობენ ედიაკარული პერიოდის შემსწავლელები და არსებობენ კამბრიული პერიოდის შემსწავლელები; და ისინი ერთად არასოდეს მუშაობენ", - ამბობს ვუდი. მაგრამ ის ასევე დასძენს, რომ ბრიტანეთში ახლახანს გამართულ კონფერენციაზე "ბევრნი მივხვდით, ამ ორ პერიოდს შორის ზღვარი რამდენად უფრო ბუნდოვანია, ვიდრე აქამდე გვეგონა".
მისივე თქმით, ახალაღმოჩენილი ნამარხები აჩვენებს, რომ კამბრიული პერიოდით დათარიღებული ზოგიერთი თვისება ედიაკარულ ერაში გაჩნდა. მაგალითად, შემონახული ნაკვალევი და სოროები იმაზე მიუთითებს, რომ კამბრიულ აფეთქებამდე 25 მილიონი წლის წინ ცხოველები უკვე მიწაზე გადაადგილდებოდნენ. პრე-კამბრიული პერიოდის გახვრეტილი ნიჟარებისა და ჩონჩხების აღმოჩენა კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს არსებები ეშვებიან მტაცებლებს ემსხვერპლნენ. მოძრაობა, ჯავშანი, ნადირობა: "ეს სიახლეები, რომლებიც აფეთქების ნაწილად მიიჩნეოდა, სწორედ ედიაკარულ პერიოდში ჩნდება", - ამბობს ვუდი.
უკანასკნელმა აღმოჩენებმა წინარე აფეთქებისა და აფეთქების შემდგომ სამყაროებს შორის განგრძობითი კავშირის არსებობა კიდევ უფრო გაამყარა. კამბრიული პერიოდის ცხოველის, სახელად სტრომატოვერისის, ნამარხი აჩვენებს, რომ იგი ედიაკარულ ჯგუფს, პეტალონამიდებს ენათესავება. ეს კავშირი იმაზე მიუთითებს, რომ "ედიაკარელები კამბრიული პერიოდის დადგომიდან 20 მილიონი წლის შემდეგაც არსებობდნენ", - წერს ჟურნალ The Conversation-ში ჯენიფერ ჰოიალ კათილი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.
ამასთან, ედიაკარული ბიოტაც არ იყო ერთფეროვანი. იმდროინდელი ორგანიზმები სხვადასხვა დროს გაჩნდნენ და ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავდებოდნენ. ჯერ წარმოიშვა ავალონური ბიოტა, რომელიც ხასიათდებოდა სტატიკური, ლამინარიის მსგავსი განტოტვილი არსებებით. შემდეგ წარმოიქმნა თეთრი ზღვის ბიოტა, სადაც იბადებიან ისეთი მოძრავი არსებები, როგორიცაა დიკინსონია - დაღარული, ოვალური ქმნილება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აღიარეს ცხოველად. შემდეგ კი განვითარდა ნამა ბიოტა - ე.წ. მატლების სამყარო. ამ უკანასკნელ პერიოდში დომინირებდნენ მილაკის ფორმის ცხოველები, რომელთა ნაწილი მყარ ჯავშანს ატარებდა.
დიკინსონიას ნამარხი.
ფოტო: Ilya Bobrovskiy / Australian National University
კამბრიული ფაუნა, ვუდის აზრით, ორ ტალღად გაჩნდა. მაგალითად, მოლუსკები აფეთქებამდე განვითარდნენ, მაგრამ უმეტესი მათგანი ადრეულ კამბრიულ პერიოდში, 513 მილიონი წლის წინ მომხდარი გადაშენების პერიოდმა იმსხვერპლა. რვაფეხების მსგავსი თანამედროვე მოლუსკების წინაპრები კი მხოლოდ ამის შემდეგ, გვიან კამბრიულ პერიოდში წარმოიშვნენ.
ამდენად, ამ ორ პერიოდს შორის მინიმუმ ხუთი სხვადასხვა, მცირე ზომის აფეთქება მოხდა.
"ედიაკარულ და კამბრიულ პერიოდებს შორის გარკვეული ბიოლოგიური კონტინუუმი არსებობდა, მაგრამ ამ განგრძობითობის ხარისხი ჯერ კიდევ გასარკვევია", - ამბობს მიშელ ლი ფლინდერსის უნივერსიტეტიდან. მხოლოდ რამდენიმე ედიაკარული გენეტიკური ხაზი გადაურჩა კამბრიულ პერიოდში გადასვლას თუ - ბევრი? ვუდის გუნდი მეორე ვერსიას უჭერს მხარს; ლი ისევ პირველისკენ იხრება.
ლიდია ტარჰანი იელის უნივერსიტეტიდან უფრო თავდაჯერებულია. "ამ ორი პერიოდის ფაუნას შორის დიდი ეკოლოგიური გადაფარვა იყო", - ამბობს ის. მისი მტკიცებით, ევოლუციურ რბოლაში გამარჯვებულებისა და დამარცხებულების ორი ჯგუფის ნაცვლად, ამ ორ პერიოდში არსებული ორგანიზმები ევოლუციური კონტინუუმის ნაწილებად უნდა აღვიქვათ.
ვუდის გუნდი თავის ბიოლოგიურ ნარატივს გეოლოგიურთანაც აკავშირებს. ზოგი მეცნიერის მტკიცებით, კამბრიული აფეთქება ჟანგბადის გავრცელებამ გამოიწვია, რამაც ხელი შეუწყო აქტიური ქცევების მქონე, დიდი ზომის, აირების მომხმარებელი ცხოველების ჩამოყალიბებას. მაგრამ იმ დროს ზღვები ჟანგბადს სტაბილურად და თანაბრად ვერ აგროვებდნენ. სანაცვლოდ, თითქმის მთლიანი ედიაკარული პერიოდის განმავლობაში სასიცოცხლოდ აუცილებელი აირების კონცენტრაცია ოკეანის სხვადასხვა შრეში განსხვავებული იყო და დროთა განმავლობაშიც იცვლებოდა. ვუდი და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ აირების ამ მერყევმა კონცენტრაციამ ცხოველების ევოლუცია გამოიწვია: შეიქმნა ჟანგბადით მდიდარი ოაზისები, რამაც ახალ სახეობებს საშუალება მისცა, იზოლირებულად განვითარებულიყვნენ. ამან კი, თავის მხრივ, გენეტიკური მრავალფეროვნების წარმოქნას შეუწყო ხელი. მსგავსი პროცესები სხვადასხვა კუნძულზე დღესაც შეიმჩნევა.
ჩინეთის ნორსვესტის უნივერსიტეტში დაცული კამბრიული პერიოდის ნამარხი.
ფოტო: J. Hoyal Cuthill
მსგავსი დინამიკა შეიძლება სხვა გარდამტეხ ისტორიულ მომენტებშიც განმეორებულიყო. სადღაც 252 მილიონი წლის წინ, პერმული პერიოდის ბოლოს, პლანეტამ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გადაშენების ეტაპი გადაიტანა. კატასტროფამ ლამის ბოლომდე გამოფიტა ოკეანეში არსებული ჟანგბადის მარაგი და დახოცა ცოცხალ არსებათა უმრავლესობა. მაგრამ სიცოცხლე მალევე განახლდა, რაც კატასტროფის შემდგომ ჟანგბადის კონცენტრაციის არასტაბილურმა დონეებმა გამოიწვია. თუ ეს სიმართლეა, ამბობს ტარჰანი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "ედიაკარულ-კამბრიული გადასვლა ანომალია არ ყოფილა და იგი სავსებით კარგად თავსდება ახალ სახეობათა გაჩენისა და გადაშენების ჩვენთვის ცნობილ სქემაში".
"ეს აქტიური კამათის საგანია", - აღიარებს ვუდი, - "ზოგიერთი დაეთანხმება ამ მოსაზრებას, ზოგიერთი - არა. მაგრამ, ვფიქრობ, ეს კარგიცაა. ცხოველთა მრავალფეროვნების ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ჩვენ კი, უბრალოდ, მომხდარის შესახებ მეტად ჰოლისტური სურათის შექმნა გვსურს".
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
კომენტარები