ასტრონომებმა სამყაროს პირველი მოლეკულა დააფიქსირეს
პირველი მოლეკულა, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროში უნდა გაჩენილიყო, დაფიქსირებულია. ეს ჰელიუმის ჰიდრიდია (HeH). აღნიშნული მოლეკულა ასტრონომებმა დედამიწიდან 3 000 სინათლის წლის სიშორეზე აღმოაჩინეს. ამისათვის მათ ნასას მიერ მოდიფიცირებული ბოინგ 747, ზედმეტსახელად SOFIA გამოიყენეს, რომელშიც ინფრაწითელი ობსერვატორიაა მოთავსებული.
ჰელიუმის ჰიდრიდი ქიმიის დასაბამად უკვე დიდი ხანია მოიხსენიება. ის დიდი აფეთქების შემდეგ უნდა წარმოქმნილიყო, როდესაც სამყაროს ტემპერატურა 4 000 კელვინს ჩამოსცდა და იონებმა ნეიტრალურ ატომებად ფორმირება დაიწყეს.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დიდი აფეთქების შემდეგ წარმოქმნილ პირველყოფილ გაზში ნეიტრალური ჰელიუმის ატომები წყალბადთან ურთიერთქმედებაში შევიდა და სამყაროში პირველი მოლეკულა წარმოიქმნა.
1925 წელს ქიმიკოსებმა ჰელიუმის ჰიდრიდი ლაბორატორიაში პირველად შექმნეს. 1970 წელს კი მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ეს მოლეკულა დღესაც უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით კი პლანეტარულ ნისლეულებში. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში ასტრონომები მის დაფიქსირებას ვერ ახერხებდნენ.
სხვადასხვა მოლეკულების დასაფიქსირებლად ასტროქიმიკოსები ამ მოლეკულების მიერ არეკლილ სინათლეს ეძებენ, კერძოდ კი სინათლის სპეციფიკურ სპექტრს. საქმე ისაა, რომ ჰელიუმის ჰიდრიდის აღმოსაჩენად საჭირო სინათლის სპექტრს დედამიწის ატმოსფერო ვერ ატარებს. SOFIA-ს წყალობით კი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში დაფრინავს, ასტროქიმიკოსებმა მათთვის სასურველი სპექტრის დაფიქსირება შეძლეს.
აღნიშნული აღმოჩენით მეცნიერების მოსაზრებები ახალგაზრდა სამყაროზე კიდევ უფრო განმტკიცებული ხდება.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები