პირველი მსოფლიო ომის დროს ასობით ახალგაზრდა გოგო საათების დამამზადებელ ქარხანაში მუშაობდა, მათ ერთი რამ ევალებოდათ: რადიუმის მანათობელი საღებავით საათების ციფერბლატებზე ციფრების დახატვა.

1917 წლის 10 აპრილს 18 წლის გრეის ფრაიერმა მუშაობა United States Radium Corporation-ში (USRC) საათის ციფერბლატების მომხატველად დაიწყო. ოთხი დღით ადრე კი აშშ პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო. გრეისს ორი ძმა ჰყავდა, ორივე მათგანი ჯარისკაცი იყო. გრეისი ცდილობდა, რომ მათთვის ხელი მაქსიმალურად შეეწყო, მუშაობაც სწორედ ამიტომ დაიწყო, თუმცა არ იცოდა, რომ ეს გადაწყვეტილება მის ცხოვრებასა და დასაქმებულთა უფლებებს სამუდამოდ შეცვლიდა.

ფოტო: Public Domain

ომის დაწყების შემდეგ საშუალო კლასის ასობით გოგომ მუშაობა საათების ქარხანაში დაიწყო, სადაც ისინი მარი კიურის მიერ ახლადაღმოჩენილი ელემენტით, რადიუმით, საათების ციფერბლატებს ღებავდნენ. ციფერბლატების ხატვასაშუალო ფენის ადამიანებისათვის ელიტარული სამსახური იყო. ქარხანაში არსებულ სხვა სამუშაოებთან შედარებით ამ პოზიციაზე სამჯერ უფრო უკეთ იხდიდნენ, რაც გოგოებს ფინანსურ თავისუფლებას აძლევდა.

პატარა ხელების მქონე ადამიანებს პატარა საათების მოხატვა უფრო უადვილდებოდათ, ამიტომ დასაქმებულთა უმეტესობა თინეიჯერი იყო. ისინი ამ პოზიციის შესახებ ინფორმაციას მეგობრებსა და ოჯახს უზიარებდნენ, რის გამოც საბოლოოდ ქარხნებში სამეგობროსა და ოჯახში მყოფი გოგოების დიდი ნაწილი გვერდიგვერდ მუშაობდა ხოლმე.

რადიუმი მიმზიდველი სწორედ მისი იდუმალი ნათების გამო იყო, ამ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანებს ხშირად მოჩვენებებადაც მოიხსენიებდნენ, რადგან სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ისინი სიბნელეში ნათებას იწყებდნენ. ისინი ამით ერთობოდნენ და ხალისობდნენ კიდეც — ატარებდნენ ლამაზ კაბებს, იპრანჭებოდნენ, განსაკუთრებული ღიმილისათვის კი ისინი ზოგჯერ მანათობელ რადიუმს კბილებზეც ისვამდნენ.

ფოტო: Chicago Daily Times / Sun-Times Media

გრეისი და მისი კოლეგები ხატვის მეთოდებს, რომლებიც მათ ასწავლეს, ზედმიწევნით მიჰყვებოდნენ. პატარა საათებზე ფუნჯით ციფრების დახატვა საკმაოდ დელიკატური პროცესი იყო, ფუნჯს კი მალ-მალე გასწორება სჭირდებოდა. მათ ასწავლიდნენ, რომ ფუნჯების გასასწორებლად საკუთარი ტუჩები გამოეყენებინათ. ყოველ ჯერზე, როდესაც გოგოები ფუნჯებს ტუჩებით ასწორებდნენ, ისინი მცირე რაოდენობით მანათობელ რადიუმს ყლაპავდნენ.

ტყუილი და სიმართლე

ხატვის ტექნიკის სწავლებისას გოგოებს ეუბნებოდნენ, რომ რადიუმი უსაფრთხო იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ შეესაბამება.

მანათობელი ელემენტების აღმოჩენის დღიდან ცნობილია, რომ ისინი სახიფათოა. მარი კიურის, რომელმაც ეს ელემენტი პირველად აღმოაჩინა, რადიუმისგან დამწვრობებიც ჰქონდა მიღებული. გარდა ამისა, მანამ, სანამ საათების ციფერბლატების რადიუმით მოხატვას დაიწყებდნენ, ამ ელემენტით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები უკვე არსებობდა.

სწორედ ამის გამო კაცები, რომლებსაც რადიუმთან ჰქონდათ შეხება, მუშაობისას სპეციალურ წინსაფრებს ატარებდნენ. თუმცა, საათებზე მომუშავე გოგონებზე ეს არ ვრცელდებოდა.

იმ დროს საზოგადოებაში გავრცელებული იყო აზრი, რომ რადიუმის ის მცირე რაოდენობა, რომელთანაც გოგოებას ჰქონდათ შეხება, არა საზიანო, არამედ ჯანმრთელობისათვის სასარგებლოც კი იყო. ამ დროს ადამიანები ხშირად რადიუმიან წყალს სვამდნენ, ამ ნივთიერებას შეხვდებოდით კოსმეტიკაში, კარაქში, რძესა და კბილის პასტაშიც. გაზეთებში კი წერდნენ, თუ როგორ ახანგრძლივებდა რადიუმი სიცოცხლეს.

თუმცა ეს მოსაზრებები იმ კვლევებზე იყო დაფუძნებული, რომლებსაც თავად რადიუმის მწარმოებელი კომპანიები ატარებდნენ, რომლებიც ყოველგვარ საფრთხეს უარყოფდნენ.

პირველი სიკვდილი

1922 წელს გრეისის ერთ-ერთი კოლეგა, მოლი მაჯია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებული გახდა, რომ ქარხანაში მუშაობა შეეწყვიტა. მისი პრობლემები უბრალო კბილის ტკივილით დაიწყო. მისმა სტომატოლოგმა კბილის ამოღება გადაწყვიტა, თუმცა, მალევე ტკივილმა თავი მომდევნო კბილზე იჩინა, რომელიც ექიმმა ასევე ამოიღო.

თუმცა ეს ასე არ დამთავრდა, ამოღებული კბილების ადგილას სისხლითა და ჩირქით სავსე წყლულები ჩნდებოდა. მას მალევე კიდურებში ტკივილი და სისუსტე დაეწყო, რის გამოც ის გადაადგილებასაც ვეღარ ახერხებდა. ექიმებმა რევმატიზმის დიაგნოზი დაუსვეს და ასპირინი გამოუწერეს.

1922 წლის მაისში მოლი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან თითქმის ყველა კბილი დაკარგა. გაურკვეველი ინფექცია კი ვრცელდებოდა. მისი ქვედა ყბა, პირის ღრუ და ყურის ძვლების ნაწილი დიდ ჩირქგროვად იყო გადაქცეული. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. როდესაც ექიმი მისი ქვედა ყბის ძვალს თითით შეეხო, ძვალი მის თვალწინ გადატყდა. ექიმმა მოტეხილი ძვალი ამოიღო, თუმცა არა ოპერაციით, არამედ შიშველი თითებით. რამდენიმე დღის შემდეგ კი ექიმმა მას ქვედა ყბა სრულად მოაშორა.

მოლის ორგანიზმი პირდაპირი გაგებით იშლებოდა. თანაც, ის ახლა მარტო აღარ იყო. მსგავსი სიმპტომები დაეწყო გრეის ფრაიერსაც. მას კიდურები აწუხებდა, ისევე, როგორც ქვედა ყბა. მსგავს დაავადებაზე საუბრობდნენ ქარხანაში მომუშავე სხვა გოგოებიც.

1922 წლის 12 სექტემბერს მოლის ინფექცია ყბის გარდა უკვე ყელშიც გავრცელებული იყო, ამავე დღეს მას კისერზე არსებული ერთ-ერთი ვენა გაუსკდა, რის გამოც სისხლისგან დაიცალა. ექიმები სიკვდილის მიზეზს ვერ ადგენდნენ, გარდაცვალების მოწმობაში მიზეზად სიფილისი ჩაიწერა, რაც მომავალში მისმა კომპანიამ თავის გასამართლებლად გამოიყენა.

მოლის მალევე მიჰყვნენ მისი კოლეგები, რომლებიც სათითაოდ იღუპებოდნენ.

დამალვა

კომპანია, რომლის ქარხანაშიც გოგოები იყვნენ დასაქმებულნი, პასუხისმგებლობას ორი წლის განმავლობაში გაურბოდა. 1924 წელს, მას შემდეგ, რაც მათი თქმით, საზოგადოებაში გავრცელებული ჭორის გამო კომპანიის ბიზნესს საფრთხე დაემუქრა, USRC-მ დამოუკიდებელი ექსპერტი დაიქირავა, რომელსაც რადიუმსა და გოგოების სიკვდილს შორის არსებული შესაძლო კავშირები უნდა გამოევლინა.

კომპანიის მიერ ჩატარებული წინამორბედი კვლევებისგან განსხვავებით, რომლებშიც რადიუმის სასარგებლო თვისებებზე საუბრობდნენ, აღნიშნული კვლევა დამოუკიდებელი იყო. ექსპერტის მიერ რადიუმსა და გოგოების დაღუპვას შორის არსებული კავშირის დადასტურებამ კომპანიის პრეზიდენტის აღშფოთება გამოიწვია.

შედეგების აღიარების ნაცვლად მან ახალი კვლევების ჩატარება დაიწყო, რომელშიც ფულის გადახდის სანაცვლოდ ექსპერტები მისთვის სასურველ დასკვნებს აკეთებდნენ და რადიუმისა და გოგოების დაღუპვის ფაქტს შორის კავშირს გამორიცხავდნენ. მან ასევე მოატყუა და ყალბი ინფორმაცია მიაწოდა შრომის დეპარტამენტს, რომელმაც დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე აღნიშნული საქმის გამოძიება დაიწყო. ის საჯაროდ აცხადებდა, რომ გოგოები ტყუოდნენ და საკუთარ დაავადებას მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად კომპანიას აბრალებდნენ.

სინათლე, რომელიც არ იტყუება

კომპანია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაკეთებული დასკვნის მიჩქმალვას აქტიურად ცდილობდა, რადიუმისა და დაავადებების კავშირის ცალსახა დადასტურება კი ქარხანაში მომუშავე ქალების მთავარ გამოწვევად იქცა.მათთვის ხელის შემშლელი მთავარი ფაქტორი ხალხში გავრცელებული მოსაზრება იყო, რომლის მიხედვითაც რადიუმი საფრთხეს არ წარმოადგენდა. ქალები საზოგადოებაში ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ.

ექსპერტებმა აღნიშნულ საკითხში აქტიურად ჩარევა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რადიუმზე მომუშავე ერთ-ერთ კომპანიაში კაცი გარდაიცვალა.

1925 წელს ექიმმა ჰარისონ მარტლენდმა ჩაატარა ცდები, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ გოგოების დაღუპვის მიზეზი რადიუმი იყო.

მარტლენდმა ასევე ახსნა, თუ რა პროცესი მიმდინარეობდა მოწამლული გოგოების ორგანიზმში.

ჯერ კიდევ 1901 წელს ცნობილი იყო, რომ სხეულზე შეხებისას რადიუმს სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეეძლო. პიერ კიური აცხადებდა, რომ მას იმ ოთახში ყოფნა, რომელშიც ერთი კილო სუფთა რადიუმი იყო, არ სურდა, რადგან სჯეროდა, რომ ეს ნივთიერება დამწვრობებს მიაყენებდა, მხედველობას დაუზიანებდა და მოკლავდა კიდეც.

გარეგანი შეხებისას რადიუმის უარყოფითი გავლენა ნათელი ხდებოდა, თუმცა მარტლენდმა აღმოაჩინა, რომ ადამიანების ორგანიზმში შეღწევის შემდეგ რადიუმის მიერ გამოწვეული ზიანი გარეგანი შეხებით მიყენებულ ზიანს რამდენიმეათასჯერ აღემატებოდა.

ტუჩებიდან ორგანიზმში მოხვედრილი რადიუმი ქალების ორგანიზმში ილექებოდა, სადაც ის რადიაციას შეუჩერებლივ ასხივებდა. რადიაცია მათ ორგანიზმს პირდაპირი გაგებით შლიდა, მათ ძვლებში პატარა ხვრელები უჩნდებოდათ. გრეის ფრაიერს ხერხემალი ძლიერად დაუზიანდა, რის გამოც მას ფოლადის პროთეზის ტარება უწევდა.

რადიუმის მიერ გამოწვეული მუხლის კიბო

რადიუმის მიერ გამოწვეული მუხლის კიბო

ფოტო: Lippincott, Williams, and Wilkins / Deadly Glow

შემზარავია, მაგრამ მათი ძვლები, რომლებიც დიდი რაოდენობით რადიუმს შეიცავდა, ანათებდა. ზოგჯერ, ქალები საკუთარი დიაგნოზის შესახებ მაშინ იგებდნენ, როდესაც ისინი შუა ღამით, სიბნელეში, სარკეში საკუთარი სხეულის მიერ გამოსხივებულ ნათებას დაინახავდნენ.

მარტლენდმა ასევე დაადგინა, რომ რადიუმით მოწამვლა სასიკვდილო განაჩენი იყო — ის დაავადებული ქალების მკურნალობას ვერ შეძლებდა.

რადიუმის ინდუსტრია მარტლენდის ნამუშევრების დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობდა, თუმცა დაავადებულმა ქალებმა გადაწყვიტეს, რომ ამ უსამართლობას ერთად შებრძოლებოდნენ. მათ ალტრუისტული მოტივებიც გააჩნდათ, ციფერბლატების სახატავად ქარხნებში ახალგაზრდა ქალებს აშშ-ში კვლავ იღებდნენ, ეს სასწრაფოდ უნდა შეჩერებულიყო.

"ამას ჩემთვის არ ვაკეთებ. მე იმ ასობით ქალზე ვფიქრობ, რომელთათვისაც ჩემი ისტორია მაგალითი იქნება", - აცხადებდა გრეის ფრაიერი.

გრეისს ადვოკატის პოვნა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მიუხედავად იმისა, რომ მას მრავალმა ადვოკატმა მომსახურებაზე უარი უთხრა — ზოგი მათგანი დიდ კორპორაციებთან ჭიდილს ერიდებოდა, ზოგს მისი არ სჯეროდა, ზოგი კი ამ საკითხზე დავას უბრალოდ ვერ ბედავდა.

იმ დროს რადიუმით მოწამვლა კომპენსაციას არ ექვემდებარებოდა, დასაქმებულები ასევე შეზღუდულნი იყვნენ კანონით, რომლის მიხედვითაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მიღებული ზიანის ანაზღაურება შემთხვევიდან ორ წელიწადში უნდა მომხდარიყო.

რადიუმით მოწამვლა ხანგრძლივი პროცესია, ქალების უმეტესობაში მისი სიმპტომები ქარხანაში მუშაობის დაწყებიდან ხუთ წელიწადში ვლინდებოდა. გრეისი დანებებას არ აპირებდა.

1927 წელს ახალგაზრდა ადვოკატი რეიმონდ ბერი გრეისისა და მისი კოლეგების უფლებების დაცვას დათანხმდა, თუმცა, ცოტა დრო რჩებოდა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ქალები ოთხ თვეზე მეტს ვეღარ იცოცხლებდნენ, კომპანია კი დროის გაწელვას ცდილობდა.

ამის გამო გრეისი და მისი კოლეგები იძულებულნი იყვნენ, რომ კომპანიასთან გარიგებულიყვნენ და სასამართლოში აღარ ედავათ, თუმცა გრეისმა თავის მიზანს მიაღწია. რადიუმით მოწამლული გოგოების საქმემ გაზეთების პირველი გვერდები მთელ ამერიკაში მოიცვა, თუმცა კორპორაციების ნაწილი ამ ფაქტებს მაინც უარყოფდა.

ილინოისში არსებული კომპანია Radium Dial-მა საკუთარ თანამშრომლებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა, რომელმაც დაადასტურა, რომ მათ რადიუმით მოწამვლა აღენიშნებოდათ, თუმცა კომპანიამ საბოლოო პასუხები გააყალბა. აღნიშნული საკითხის მიჩქმალვის მცდელობა იმდენად შორს წავიდა, რომ კომპანია გარდაცვლილი თანამშრომლების ძვლებს იპარავდა, რათა ექსპერტიზას მათი გარდაცვალების მიზეზი ვერ დაედგინა.

თუ ქალები ყბის პრობლემებს გადაურჩებოდნენ, ისინი სარკომათი — ძვლის კიბოთი იღუპებოდნენ, რომელიც ორგანიზმში ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაზრდილიყო. მაგალითად, ერთ-ერთი ქალი, ირენ ლა პორტე მენჯის კიბოთი დაიღუპა. გამონაზარდის ზომა "ორი ფეხბურთის ბურთისას აღემატებოდა."

1938 წელს რადიუმის კიდევ ერთ მსხვერპლს ბარძაყზე გრეიფრუტის ხელა სიმსივნე განუვითარდა. მოლი მაჯიას მსგავსად, თავდაპირველად მისი პრობლემები კბილების ცვენითა და ყბის დასუსტებით დაიწყო.

კატერინამ სამართლიანობისთვის ბრძოლა 1935 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკა დიდ დეპრესიაში იმყოფებოდა. კატერინა და მისი მეგობრები რადიუმის ერთ-ერთი უკანასკნელი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის გამო საზოგადოების წნეხში მოექცნენ. 1938 წელს კატერინას სულ რამდენიმე თვის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი, ის ექიმების რჩევას არ დაემორჩილა და ჩვენება საკუთარი ლოგინიდან მისცა. შემდეგ კი მისი ადვოკატის, ლეონარდ გროსმენის დახმარებით, რომელმაც მას დახმარება უსასყიდლოდ გაუწია, მან სარჩელი მოიგო და სამართლიანობა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასათვის აღადგინა.

მემკვიდრეობა

რადიუმის ეს შემთხვევა იყო პირველი პრეცენდენტი, როდესაც კომპანიას თანამშრომლების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა. სწორედ ამ შემთხვევებმა ჩაუყარა საძირკველი იმ უმნიშვნელოვანეს რეგულაციებს, რომლებიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იცავს. სწორედ ამ შემთხვევის საფუძველზე ჩამოყალიბდა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ადმინისტრაცია (OSHA), რომელიც ამჟამად აშშ-ში ფუნქციონირებს. OSHA-ს ფორმირებამდე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას აშშ-ში ყოველწლიურად 14 000 ადამიანი იღუპებოდა. დღეს აღნიშნული რიცხვი 4 500-მდეა შემცირებული.

ქალებმა მეცნიერებას ფასდაუდებელი მემკვიდერობა დაუტოვეს, თუმცა, მათ სახელებს ისტორიის წიგნებში ხშირად ვერ შეხვდებით, დღეს მათი უმეტესობა მივიწყებულია.

გრეის ფრაიერი და კატერინა დონოჰი, ისევე როგორც სხვები, მამაცი და გაბედული ადამიანები იყვნენ, რომელთა ქმედებებმაც ისტორიაში კაშკაშა კვალი დატოვა, თუმცა მათ ნათება დღემდე არ შეუწყვეტიათ.

რადიუმის ნახევრადდაშლის პერიოდი 1 600 წელია, რაც ნიშნავს, რომ მათი ძვლები საფლავებს კიდევ დიდხანს გაანათებს.