მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქალი, რომელიც ტკივილსა და შფოთვას ვერ გრძნობს
ჯო კამერუნს უცნაური "სუპერძალა" აქვს, ის ტკივილს ვერ გრძნობს. საინტერეო ისაა, რომ მას დაახლოებით 60 წლის ასაკამდე ეგონა, რომ ეს ნორმალური იყო. ახლა კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენეტიკური მუტაცია, რომლითაც მისი ეს უჩვეულო უნარია განპირობებული.
თავდაპირველად შესაძლოა ტკივილისგან თავისუფალი სიცოცხლე მიმზიდველად მოგეჩვენოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ტკივილი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მის გარეშე არ გეცოდინებოდათ, რომ შემთხვევით ცხელ უთოს დაეყრდენით, ან ის, რომ ფეხი ძლიერად გადაიბრუნეთ.
კამერუნი, რომელიც შოტლანდიაში ცხოვრობს, ამჟამად 71 წლისაა. ექიმებმა მისი უნიკალური უნარის შესახებ ხუთი წლის წინ აღმოაჩინეს, როდესაც მას ხელზე ოპერაციას უკეთებდნენ, რის შემდეგაც მას გენეტიკური ანალიზი ჩაუტარეს.
ჩვეულებრივ, ოპერაცია დიდი დისკომფორტის წყაროა, თუმცა მისთვის ეს ასე არ იყო.
"ოპერაციისთვის ტკივილსგამაყუჩებლები არ დამჭირდა. თუმცა ამის გამო ზედმეტი კითხვები არ გამჩენია. სანამ ამას სხვებისგან შევიტყობდი მე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ განსხვავებული ვიყავი", - აცხადებს ის.
კამერუნის თქმით მას ახსოვს შემთხვევა, როდესაც ის ვერ მიხვდა, რომ მისი ხელი გაზქურაზე იწვოდა, სანამ მან დამწვარი ხორცის სუნი არ იგრძნო. ის ასევე აცხადებს, რომ მშობიარობა მისთვის სრულად უმკტივნეულო გამოცდილება იყო.
დნმ-ის ანალიზით გაირკვა, რომ მას ორი მუტაცია გააჩნია, ერთ-ერთი FAAH გენს თრგუნავს, რომლის ფუნქციაც ორგანიზმში ნივთიერება ანანდამიდის დაშლაა. ანანდამიდი ორგანიზმზე დაახლოებით ისეთივე გავლენას ახდენს, როგორსაც მარიხუანა, ხოლო თუ მისი დაშლა არ მოხდება, ის ტკივილისა და შფოთვის შეგრძნებას მნიშვნელოვნად აქვეითებს.
ეს მუტაცია ადამიანებში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა კამერუნის მეორე მუტაცია უფრო იშვიათია. მის დნმ-ში არსებული ერთ-ერთი ფსევდოგენი, რომელსაც მეცნიერები FAAH-OUT-ს უწოდებენ, არასრულია, რაც ნიშნავს იმას, რომ გენი FAAH პრაქტიკულად სრულად გათიშულია.
მუტაციების ამ უნიკალური კომბინაციის გამო კამერუნს ორგანიზმში ანანდამიდის თითქმის ორმაგი რაოდენობა აქვს. საბოლოო ჯამში ეს ორი მუტაცია ტკივილისა და შფოთვის შეგრძნებას თრგუნავს, პარალელურად კი ბედნიერებას, გულმავიწყობასა და ჭრილობების სწრაფად აღდგენას უწყობს ხელს.
კამერუნის ჭრილობები განსაკუთრებით სწრაფად ღდგება, ხოლო სტრესისა და დეპრესიის ტესტებში ის მუდმივად დაბალ ქულებს იღებს.
"მე ყველაფერი ადვილად მავიწყდება, ეს ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ კი ცუდი", - აცხადებს ის.
კამერუნი ყვება, როგორ მოიტეხა ხელი, მისი თქმით ხელის მოტეხვა მან მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როცა აღმოაჩინა, რომ მისი ხელი უცნაურად იყო მოხრილი.
"ადამიანები, რომლებიც ტკივილს ვერ გრძნობენ, შეიძლება ტკივილთან გასამკლავებელი ახალი მეთოდების შემუშავებაში დაგვეხმარონ. ჩვენ მსგავსი უნარის მქონე ყველა ადამიანს ვურჩევთ, რომ ამ საკითხზე ხმამაღლა ისაუბრონ", - აცხადებს ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის მეცნიერი ჯეიმს კოქსი.
კომენტარები