აი, ამიტომ გვეჩვენება, რომ ასაკის მატებასთან ერთად დრო ჩქარდება
გვაქვს ორი ახალი ამბავი, ერთი კარგი, ერთი ცუდი. კარგი ის არის, რომ დროის მსვლელობა თქვენი სიცოცხლის განმავლობაში არ იცვლება, ცუდი ამბავი ისაა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ტვინის ფუნქციონირება ნელ-ნელა იკლებს, რის გამოც ჩვენ დრო უფრო და უფრო შეკუმშულად გვეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, ეს დასკვნა გააკეთეს ჟურნალ European Review-ში ახლახან გამოქვეყნებული კვლევის ავტორებმა.
რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო მეტად გვგონია, რომ დრო სწრაფად გადის. დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერი ადრიან ბეჟანი აცხადებს, რომ ამ შეგრძნებას "საათის დროსა" და "ტვინის დროს" შორის არსებული შეუთავსებლობით არის გამოწვეული.
"ადამიანის გონება დროის სვლას მაშინ გრძნობს, როდესაც გონების მეირ აღქმული გარემო იცვლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აწმყო წარსულისგან იმიტომ განსხვავდება, რომ გონების მიერ აღქმული გარემოებები იცვლება", - აცხადებს ბეჟანი.
გამოქვეყნებულ კვლევაში ბეჟანი აცხადებს, რომ "ასაკის მატებასთან ერთად გონების მიერ გარემოს აღქმის სიხშირე იკლებს". მაგალითად, ბავშვები, ზრდასრულებთან შედარებით, გარემოდან უფრო დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებას ახდენენ, ამის გამო ბავშვების დღე თითქოს უფრო დატვირთული, მრავალფეროვანი და ხანგრძლივია, ვიდრე დიდების.
ადამიანის თვალი მუდმივად მოძრაობაშია, როგორც კი ის ერთი ობიექტის აღქმას დაასრულებს, მას ყურადღება მომდევნო ობიექტზე გადააქვს. თვალის ამ მუდმივ მოძრაობას საკადები ეწოდება, რაც უნებლიედ და შეუმჩნევლად ხდება. საკადებს შორის არსებობს მცირე ინტერვალები, რა დროსაც თვალი ჩერდება, სწორედ ამ დროს იქმნება გონებაში გარემოს ვიზუალური რუკა.
წინამორბედი კვლევა აჩვენებს, რომ ზრდასრული ადამიანის თვალი წამში დაახლოებით 3-5 მოძრაობას აკეთებს, რომელთა შორისაც დაახლოებით 250-მილიწამიანი უძრაობის ინტერვალია.
ბავშვებში კი თვალის უძრაობის ინტერვალი ბევრად უფრო ხანმოკლეა, ანუ მათში საკადები უფრო აქტიურია და თითოეულ წამში ისინი მეტი ინფორმაციის მიღებას ახერხებენ.
ასაკის მატებასთან ერთად, ტვინს მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად მეტი დრო სჭირდება, ეს ერთის მხრივ იმის შედეგია, რომ ზრდასრული ადამიანების ტვინში ნეირული ქსელები უფრო ჩახლართულია, ანუ სიგნალებს გასავრცელებლად მეტი დრო სჭირდებათ. "დროის შენელებაში" თავის როლს თამაშობს ნეირული ქსელების დეგრადაციაც, რაც ნიშნავს, რომ იმპულსები ტვინში უფრო მეტ წინააღმდეგობასა და დაბრკოლებას აწყდებიან.
ამ საკითხის ილუსტრირება Time-lapse ფოტოგრაფიით შეგვიძლია. როგორც მოგეხსენებათ, მსგავს ანიმაციებში, რაც უფრო მეტ კადრს გადავიღებთ თითოეულ წამში, მით უფრო "ნელი" იქნება ანიმაცია, ხოლო ფოტოებს შორის ინტერვალის ზრდასთან ერთად, იზრდება ამ დროში მომხდარი აქტივობაც, რაც ქმნის ილუზიას, რომ დრო უფრო სწრაფად გადის.
კომენტარები