NASA-მ ზებგერითი თვითმფრინავების მიერ გამოწვეული დარტყმითი ტალღები აღბეჭდა
რამდენიმე დღის წინ NASA-მ უპრეცენდენტო ფოტოები გაავრცელა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ვრცელდება ზებგერითი თვითმფრინავების ფრენისას წარმოქმნილი დარტყმითი ტალღები ჰაერში.
აღნიშნული ფოტოების გადასაღებად ნასამ ახალი, სპეციფიკური მეთოდი შეიმუშავა.
ფოტოში ორი საცდელი თვითმფრინავი, T-38 ჩანს, რომლებსაც ერთმანეთისგან 10 მეტრი აშორებთ. ფოტო NASA-ს თვითმფრინავის, B-200 King Air-ის მიერ არის გადაღებული, რომელიც ზებგერითი თვითმფრინავებიდან 600 მეტრით არის დაშორებული.
"ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ფოტოები ასეთი ცხადი და ლამაზი გამოვიდოდა. ახალი სისტემით ჩვენ ფოტოების ხარისხი და მათი გადაღების სიჩქარე წარმოუდგენლად გავაუმჯობესეთ", - აცხადებს NASA-ს ამესის კვლევითი ცენტრის მეცნიერი ჯ.ტ. ჰაინეკი.
"ფოტოებში უპრეცედენტო დეტალები ჩანს. აღნიშნული მეთოდი იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე გვეგონა", - აცხადებს ნასას არმსტრონგის კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერი დენ ბენკსი.
მეცნიერები აღნიშნულ ფოტოებს ნასას ახალი ზებგერითი თვითმფრინავის, X-59 QueSST-ის დიზაინის დასახვეწად გამოიყენებენ. X-59 QueSST ექსპერიმენტალური თვითმფრინავია, რომელსაც ზებგერითი სიჩქარით ფრენა შეეძლება, თუმცა სხვა ზებგერითი თვითმფრინავებისგან განსხვავებით, რომლებიც ფრენისას ძლიერ ხმაურს წარმოქმნიან, ახალი თვითმფრინავი ჩუმი იქნება.
"ფოტოებზე ზებგერით დინებას ვხედავთ, რომლებიც დარტყმითი ტალღების წარმოქმნას იწვევს. აღნიშნული ინფორმაცია დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ეს ტალღები ერთმანეთთან", - აცხადებს ნასას ამესის კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი მეცნიერი ნილ სმიტი.
კომენტარები