ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის მასა გამოთვალეს და აღმოაჩინეს, რომ ის დაახლოებით 1,5 ტრილიონი მზის ტოლია.

აღნიშნული გამოთვლები ამ დრომდე ჩატარებულთა შორის ყველაზე ზუსტია, მასში გათვალისწინებულია ირმის ნახტომში არსებული ვარსკვლავები, პლანეტები, მტვერი და გაზი, ისევე როგორც გალაქტიკის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლის მასაც მზისას 4 მილიონჯერ აღემატება.

"გამოთვლებში შედის აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ირმის ნახტომშია. აღნიშნული ინფორმაციით ჩვენი გალაქტიკის შესწავლას უკეთ შევძლებთ", - აცხადებს ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის ასტრონომი ლორა უოტკინსი.

მეცნიერები ირმის ნახტომის "აწონვას" დიდი ხანია ცდილობენ. წინამორბედი კვლევებით ჩვენი გალაქტიკის მასა 500 მილიარდიდან სამი ტრილიონი მზის მასამდე მერყეობდა.

აღნიშნული კვლევით კი გაირკვა, რომ გალაქტიკის მასა 1,5 ტრილიონი მზის მასას უდრის.

გამოთვლების ჩასატარებლად უოტკინსმა და მისმა კოლეგებმა ნასას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისა და ევროპული კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრის, გაიას მიერ მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს. მასის გამოსათვლელად ასტრონომებმა ირმის ნახტომის ცენტრის გარშემო მბრუნავი გროვების მოძრაობა შეისწავლეს, რომელშიც ასობით ათასი ვარსკვლავი შედის.

გროვების მოძრაობაზე დაკვირვებით ასტრონომებმა მათზე მოქმედი მიზიდულობის ძალა გამოთვალეს, რის შედეგადაც დაადგინეს იმ ობიექტების მასა, რომლებიც ამ მიზიდულობის ძალას წარმოქმნიან. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებით, მასის გამოთვლის გარდა ასტრონომებმა ირმის ნახტომის რადიუსიც დაადგინეს, რომელიც, მათი თქმით, დაახლოებით 129 000 სინათლის წელიწადია.

როგორც აღმოჩნდა, ირმის ნახტომი საკუთარი ზომით სამყაროში არსებულ მოზრდილ და ტევად გალაქტიკებს შორისაა. ყველაზე მსუბუქი გალაქტიკების მასა მზისას დაახლოებით მილიარდჯერ აღემატება, ყველაზე მძიმე გალაქტიკები კი მზეზე დაახლოებით 30 ტრილიონჯერ უფრო მძიმეეები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ირმის ნახტომში დაახლოებით 200 მილიარდი ვარსკვლავია, მათი მასა გალაქტიკის მასის მხოლოდ ოთხ პროცენტს შეადგენს. ამ ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტების მასა კი კიდევ უფრო მცირა. გალაქტიკის მასის 85 პროცენტს ბნელი მატერია განაპირობებს.

"ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მნიშვნელოვანია, რომ ირმის ნახტომის მასა ვიცოდეთ ის არის, რომ ჩვენ მასში ვცხოვრობთ. თანაც, მეცნიერები სხვა გალაქტიკების შესწავლისას და დასკვნების გაკეთებისას ხშირად იმ ინფორმაციასა და ცოდნას იყენებენ, რომელიც ჩვენ საკუთარი გალაქტიკის შესახებ გაგვაჩნია", - აცხადებს უოტკინსი.