1975 წელს გაერომ 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღესასწაულად გამოაცხადა და ბევრ ქვეყანაში ის ეროვნულ დღესასწაულადაც ითვლება. თუმცა 8 მარტის ისტორია ბევრად ადრე იწყება, ვიდრე 1975 წელი და ბევრად მეტ მოვლენას მოიცავს, ვიდრე გაეროს ერთი რეზოლუცია.

ქალთა საერთაშორისო დღის ისტორია 1908 წელს დაიწყო, როდესაც 15 ათასი ქალი ნიუ-იორკის ქუჩებში გამოვიდა და სამუშაო დროის შემცირება, კაცებთან გათანაბრებული ანაზღაურება და არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოითხოვა.

ფოტო: Corbis

ერთი წლის შემდეგ ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ ქალთა ეროვნული დღე დააფუძნა, რომელსაც თებერვლის ბოლო კვირას აღნიშნავდნენ. საერთაშორისო დღის იდეა კი გერმანელ მარქსისტ ქალს, კლარა ცეტკინს ეკუთვნის.

1910 წელს კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც 17 ქვეყნიდან 100-მდე ქალი ესწრებოდა. ცეტკინი ახალი ინიციატივით, სწორედ, ამ კონფერენციაზე გამოვიდა. მისი მოსაზრებით, ქალები ამ დღეს მიტინგებსა და მსვლელობას მოაწყობდნენ, რათა საზოგადოებას მათი პრობლემებისთვის ყურადღება მიექციათ. ამავე დროს, აღნიშვნის კონკრეტული თარიღი არ შერჩეულა.

კოპენჰაგენში გაჟღერებული ინიციატივის შემდეგ, ქალთა საერთაშორისო დღე პირველად 1911 წელს, 19 მარტს ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში აღნიშნეს. ამ ქვეყნებში მილიონობით ქალი და კაცი ქუჩაში გამოვიდა და მიტინგი მოაწყო. არჩევნებში მონაწილეობის გარდა, ისინი სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის შეჩერებას ითხოვდნენ.

ქალთა საერთაშორისო დღეს აშშ-ში მუშათა კლასის გამოსვლით ჩაეყარა საფუძველი, თუმცა ნამდვილი რევოლუციური სახე მან 1917 წელს მეფის რუსეთში მიიღო.

ფოტო: Sovfoto / UIG / Getty Images

ომის შემდეგ რუსეთში ათასობით ქალი მაშინდელი დედაქალაქის, პეტროგრადის ქუჩებში გამოვიდა და პურსა და მშვიდობას ითხოვდა. 23 თებერვალს (ახალი სტილით 8 მარტს) დაწყებული მოძრაობიდან ხუთ დღეში მეფე ნიკოლოზ მეორე გადადგა, ხოლო დროებითმა მთავრობამ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა.

კომუნისტი ქალების კონფერენციაზე 1921 წელს პეტროგრადის მსვლელობაში მონაწილე ქალების საპატივცემულოდ გადაწყდა, რომ ქალთა საერთაშორისო დღეს 23 თებერვალს (8 მარტს) აღნიშნავდნენ. წლების განმავლობაში 8 მარტი სამუშაო დღე იყო და ეს წესი მხოლოდ 1965 წელს შეიცვალა.

ამ ადრეულ წლებში ქალთა საერთაშორისო დღემ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. მსოფლიო ქალების გაძლიერებულმა მოძრაობამ საფუძველი შექმნა, რომ დღესასწაული გამაერთიანებელ და მხარდამჭერ დღედ ექციათ.

ქალების გაძლიერებაში დიდი როლი ითამაშა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. გაეროს 1945 წლის დოკუმენტი იყო პირველი, სადაც ქალებისა და კაცების თანასწორობის შესახებ დაიწერა. 30 წლის შემდეგ გაერომ 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და ქალთა უფლებებსა და თავისუფლებებს მიუძღვნა.

ქალების საერთაშორისო დღისთვის გაერო ყოველწლიურ თემას ირჩევს და ამ მიმართულებით ქალების გაძლიერებაზე ზრუნავს. 2019 წლის თემა არის "იფიქრე თანასწორობაზე, ააშენე ჭკვიანურად, შექმენი ინოვაცია ცვლილებებისთვის".

ქალების მსვლელობა მშვიდობისთვის და თანასწორობისთვის, ნიუ-იორკი 1970 წელი

ფოტო: Getty Images

დროთა განმავლობაში ქალთა უფლებების დღემ ზოგიერთ ქვეყანაში ფემინისტური ელფერი დაკარგა და კაცების მხრიდან სიყვარულისა და ერთგულების გამოტყდომის დღედ იქცა. მათ შორის საბჭოთა კავშირში, სადაც ქალებმა მეფის რუსეთის დამხობაში დიდი როლი ითამაშეს.

წინა საუკუნის დასაწყისში მშრომელი ქალების მოთხოვნებმა ხმის უფლებისთვისა და ანაზღაურებისთვის უფრო მეტი სოციალური პრობლემა მოიცვა. ასწლოვანმა ბრძოლამ ბევრგან ქალების ყოფა გააუმჯობესა, თუმცა ძირითადი მოთხოვნები ისევ უცვლელი რჩება. დღესაც ფემინისტები ისევ თანასწორობას, თანაბარ ანაზღაურებას, სექსუალური ძალადობისა და შევიწროების შეჩერებას ითხოვენ. ერთ მუშტად ქალების გაერთიანებისთვის ისევ იქმნება საერთაშორისო მოძრაობები. ქალები დემონსტრაციებსა და მსვლელობებს აწყობენ, ლოცულობენ და სიცოცხლის უფლების დაცვას ითხოვენ.