აი, ამიტომ გვგონია, რომ კატები ფსიქოპათები არიან
როდესაც ბეკი ევანსმა კატებისა და ადამიანების ურთიერთობების შესწავლა დაიწყო, მას მუდმივად ესმოდა, რომ კატები ნამდვილი ფსიქოპათები არიან.
ერთის მხრივ, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც წამომჯდარი კატის უემოციო და ცივი სახე უნახავს, აუცილებლად მიხვდება, თუ რატომ ეძახიან კატებს ფსიქოპატებს.
თუმცა, ამავდროულად, მაინც რას ვგლისხმობთ, როდესაც ვიძახით, რომ კატები ფსიქოპათები არიან?
ადამიანები კატებს საკუთარ სახლებში და ლოგინებშიც კი დიდი სიყვარულით ვიღებთ, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ მათი სულაც არ გვესმის.
ევანსმა ლივერპულის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია, რომელმაც კატების პატრონებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ოთხფეხა მეგობარი ფსიქოპათია, კითხვარი შეადგინა.
კითხვარში ევანსი პატრონებს სთხოვს, რომ კატების ის ქცევები აღწერონ, რომლის გამოც ისინი საკუთარ კატებს ფსიქოპათებად მოიხსენიებენ. მათ მიერ აღწერილ შემთხვევებში შევხვდებით ისეთ ქცევებს, როგორიც არის სხვა შინაური ცხოველების დაჩაგვრა, ძაღლისთვის საწოლის წართმევა, სამზარეულოს მაგიდაზე ჯდომა, შემდეგ კი მოულოდნელად ოჯახის წევრების დაკაწვრა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კატებისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ქცევები.
საბოლოოდ კი მივდივართ იქამდე, რომ კატებს ფსიქოპათებს ვეძახით, არადა ისინი, უბრალოდ, კატები არიან. რამდენად შესაძლებელია, რომ კატა ფსიქოპათი იყოს?
"კატებზე საუბრისას ჩვენ მათ ძალიან ხშირად არამეგობრულ და ბუზღუნა, მარტოსულ არსებებად მოვიხსენიებთ და მათ ძაღლებს ვადარებთ, რომელსაც ადამიანი ათასობით წლის განმავლობაში ითვინიერებდა. ჩვენ მოგვწონს არსებები, რომლებიც ჩვენ თავს გვახსენებს. ჩვენ მოგვწონს ღიმილი და გვსიამოვნებს, როდესაც ძაღლები იმას აკეთებენ, რასაც ვეუბნებით. ისინი მუდამ ყურადღებას გვაქცევენ და თვალებშიც ხშირად გვიყურებენ", - აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი მიქელ მარია დელგადო.
მისი თქმით, კატებს უბრალოდ არ გააჩნიათ ის მიმიკური კუნთები, რომლებიც მათ სხვადასხვა გამომეტყველების მიღების საშუალებას მისცემს, როგორც ამას ძაღლები და ადამიანები ვაკეთებთ.
შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გვაშტერდება კატა, ჩვენ მათი გამომეტყველების გამო გვიჩნდება გრძნობა, რომ ისინი ფსიქოპათები არიან, რომლებსაც ემოციების გამოხატვა არ შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ ამ დროს მხოლოდ მათ სახეს ვაფასებთ. საქმე ისაა, რომ კატები კომუნიკაციას მიმიკურ კუნთებზე უფრო მეტად ყურებითა და კუდით ამყარებენ.
ერთი შეხედვით შეიძლება ისიც მოგვეჩვენოს, რომ კატებს ემოციები ან გრძნობები სულაც არ გააჩნიათ, თუმცა მათთან საკმარისი დროის გატარების შემდეგ აშკარა ხდება, რომ ეს ასე არ არის.
ძაღლებმა კი იციან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ჩვენზე. მათ შეუძლიათ თავი ისე დაიჭირონ, თითქოს საკუთარ საქციელს ნანობენ, ან წარბები მიაახლოონ და თავი შეგვაცოდონ. ძაღლები ადამიანებმა მოვიშინაურეთ და მათზე ჩვენ უდიდესი გავლენა მოვახდინეთ, ძაღლებს ჩვენი თითოეული ქცევა ძალიან კარგად ესმით. ცნობილია, რომ ძაღლებს, რომლებიც საყვარელ სახეებს ხშირად იღებენ, თავშესაფრებიდან უფრო სწრაფად იყვანენ.
ხშირად შეხვდებით მოსაზრებას, რომ კატებს საკუთარი პატრონები არ ადარდებთ. ცხოველებისა და პატრონების ურთიერთობების შესწავლისას მეცნიერები მიდიან დასკვნამდე, რომ ძაღლები პატრონებზე უფრო მიჯაჭვულნი არიან.
აღნიშნული კვლევები მერი აინსვორთის მიერ 1970-იანებში შექმნილ პროტოკოლზეა დაფუძნებული, პროტოკოლის ფარგლებში შინაურ ცხოველს მისთვის უცხო გარემოში სვამენ, პირველ ჯერზე მარტო, შემდეგ კი პატრონთან ან უცხო ადამიანთან ერთად და აკვირდებან, თუ როგორ იქცევა ცხოველი. ძაღლები ასეთ სიტუაციებში თავს უფრო კომფორტულად პატრონებთან ერთად გრძნობენ. კატებს კი დიდად არ ადარდებთ, ისინი უცხო გარემოში პატრონთან ერთად მოხვდებიან, თუ მარტო.
ამ ტესტით შესაძლოა შინაური ცხოველებისა და მათი პატრონების ურთიერთობაზე გარკვეული ინფორმაცია მივიღოთ, თუმცა, დელგადოს თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ძაღლები პატრონებთან ერთად უცხო ადგილებში სიარულს მიჩვეულნი არიან.
კატები კი უფრო ტერიტორიულები არიან, მათ სახლი შეიძლება მხოლოდ სპეციფიკური შემთხვევების დროს დატოვონ, მაგალითად, მაშინ, როდესაც ისინი ვეტერინართან მიდიან.
ამის გამო, პატრონებისადმი მათი ერთგვარი უყურადღებობა შესაძლოა არა იმ ფაქტით იყოს განპირობებული, რომ მათ კატებს საკუთარი პატრონები არ აინტერესებთ, არამედ იმით, რომ ისინი უცხო გარემოში მოხვედრის გამო ძლიერ სტრესში იმყოფებიან. თანაც, აინსვორთის მიერ შექმნილი მეთოდები არა ცხოველებისთვის, არამედ მშობლებისა და ბავშვებისთვის იყო შედგენილი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ კატები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. არსებობენ ისეთი კატებიც, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში ჩახუტება და მოფერება უყვართ. მაგალითად, დელგადო საკუთარ კატას ხშირად ასეირნებს. ევანსს კი საყვარელი წითური კატა ჰყავს, რომელიც ფსიქოპათს სულაც არ ჰგავს.
ევანსი იმედოვნებს, რომ მის მიერ შემუშავებული ტესტი კატების ხასიათის უკეთ გაგებაში დაეხმარება. მას ასევე სურს, რომ კვლევების შემდეგ ეტაპზე კატებს საკუთარ საცხოვრებელ გარემოში დააკვირდეს, რის შედეგადაც მას პატრონების მონაყოლის დაჯერება აღარ მოუწევს.
კვლევის საბოლოო მიზანი სპეციფიკური ტესტის შემუშავებაა, რომლითაც თავშესაფრები უკეთ შეძლებენ, რომ კატები პატრონებს შეახვედრონ. რამდენად სწორია კატების ფსიქოპათებად შერაცხვა, ერთი საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ ამას ბუნებრივად ვაკეთებთ.
თუ თქვენ კატების გამოცდილ პატრონებს გაესაუბრებით, მიხვდებით, რომ კატების ფსიქოპათია პრობლემას არ წარმოადგენს. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბრისას მისმა კოლეგამ საკუთარი ბავშვობის კატა გაიხსენა, რომელიც მოფერების უფლებას მხოლოდ სახლში მცხოვრებ ადამიანებსა და მის საყვარელ ელექტრიკოსს აძლევდა, სხვა ადამიანებს კი გამალებით კბენდა. ის ოჯახში სტუმრად მოსულ ბებიასა და ბაბუასაც კბენდა, მას არც ბებიის საწოლში მოშარდვის ერიდებოდა, თუმცა, როგორც მისი პატრონი აცხადებს, ის საუკეთესო კატა იყო, რომელიც მას ოდესმე ჰყოლია.
კომენტარები