ჩვენი სხეულები უსარგებლო გადმონაშთებითაა სავსე — აი, სია
ევოლუციურმა ბიოლოგმა Twitter-ზე ადამიანის სხეულზე არსებული რუდიმენტული ორგანოებისა და ნაწილების ჩამოთვლა დაიწყო, რამაც სახალისო დისკუსია გამოიწვია. რუდიმენტები სხეულის ის ნაწილებია, რომლებიც ევოლუციის განმავლობაში ერთ დროს ადამიანისთვის გარკვეულ როლს ასრულებდა, თუმცა, ახლა საკუთარი ფუნქცია დაკარგული აქვთ.
მაგრამ რად გვინდა მოძველებული ნაწილები?
მარტივად რომ ვთქვათ, თუ ამა თუ იმ თვისებას ორგანიზმისთვის რაიმე ზიანი არ მოაქვს, ბუნებრივ გადარჩევას მისი მოშორების მიზეზი არ ექნება. რუდიმენტი შესაძლოა ორგანიზმს ახალს და მნიშვნელოვანს არაფერს სძენს, მაგრამ თუ არც არაფერს აფუჭებს, მასზე ევოლუციური წნეხი ნაკლებად იმოქმედებს.
პოსტებმა გარკვეული კამათიც გამოიწვია, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ რუდიმენტებს ადამიანისათვის გარკვეული ფუნქცია შეიძლება გააჩნდეთ, თუმცა ჩვენ მის შესახებ არ ვიცოდეთ. მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ჭიანაწლავი და გლანდები უსარგებლო ორგანოები იყო, თუმცა დღეს ვიცით, რომ ჭიანაწლავი მიკრობიომის არეგულირებს, გლანდები კი იმუნური სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში თამაშობენ მნიშვნელოვან როლს.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ევოლუციური ბიოლოგის მიერ ჩამოთვლილ რუდიმენტულ მახასიათებლებს, რომელთაც ჩვენში ვპოულობთ.
მესამე ქუთუთო
ჩვენი თვალის შიდა კუთხეში, ცხვირის მხარეს, პატარა მოვარდისფრო ბალიშს ვხვდებით, რომელსაც კარუნკულა ეწოდება. კარუნკულის გვერდით კი მესამე ქუთუთოს ნარჩენია, რომლითაც — მზად ხართ ამისთვის? — თვალს ჰორიზონტალურად ვახამხამებდით. მესამე ქუთუთოს თვალის დამცველობითი ფუნქცია ჰქონდა. დღეს მას ფრინველების, რეპტილიებისა და თევზების ნაწილში ვხვდებით.
ნების გრძელი კუნთი
თუკი მაჯას მოხრი და ცერა თითს ნეკთან მიადებ, სავარაუდოდ, მაჯის შუაგულში ამობურცულ მყესს შენიშნავ.
თუკი არაფერი გამოგივიდა, მეორე მაჯაც შეამოწმე, მაგრამ თუ არც მეორე ხელზე აღმოგაჩნდა ეს მყესი, არაუშავს - ეს ნიშნავს, რომ ადამიანების იმ 10-15%-ს მიეკუთვნები, რომელთაც ეს მყესი უკვე მოიშორეს. ეს მყესი ნების გრძელ კუნთს (m. palmaris longus) უკავშირდება, რომელიც უმეტესობა ჩვენთაგანს აქვს, თუმცა მისი არსებობა სულაც არ არის საჭირო.
აღნიშნული კუნთი ჩვენს შორეულ წინაპრებს ხეებიდან ხეებზე გადაადგილებაში ეხმარებოდა, თუმცა, დღეს ჩვენ ამის საჭიროება აღარ გვაქვს.
ყურის კუნთები
როგორც ჩანს, ბევრი თანამედროვე ცხოველის მსგავსად, მილიონობით წლის წინ, არსებები რომელთაგანაც ადამიანი წარმოიქმნა ყურებს ამოძრავებდა, ამის მიზეზი გარშემო არსებული ხმების უკეთ დაჭერაა. დღეს ჩვენ ყურების ნაცვლად უბრალოდ თავს ვაბრუნებთ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება დააფიქსიროთ, რომ თქვენი ყურები ხმის გაგონებისას მცირედით, უნებლიედ მოძრაობს.
ჟრუანტელი
შეიძლება ჟრუანტელი საყვარელ სიმღერაზე გივლიდეთ, თუმცა თავდაპირველად მას სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა.
შიშის დროს ჟრუანტელი სხეულზე არსებულ თმას ყალყზე აყენებს, რის შედეგადაც ცხოველები მტაცებლის თვალში ზომაში იმატებენ. ამას აკეთებს კატა, როცა, მაგალითად, იფხორება. სიცივეში კი ყალყზე დამდგარი თმა სითბოს უფრო ადვილად ინარჩუნებს.
თანამედროვე სამყაროში სხვების შესაშინებლად ყალყზე დამდგარი თმები (დიდწილად) აღარ გვჭირდება, სიცივეს კი სხვა მეთოდებით ვუმკლავდებით.
კუდუსუნი
დიდი ხნის წინ ჩვენ კუდები გვქონდა, რაც ხეებზე გადაადგილებასა და ბალანსის შენარჩუნებაში გვეხმარებოდა.
ორსულობის მეოთხე კვირაში, ადამიანის ემბრიონს 10-12 მალისგან შემდგარი კუდი გააჩნია, თუმცა ადამიანებსა და ადამიანისებრ მაიმუნებში, მისი წარმოქმნისთანავე უჯრედები დაპროგრამებულად იწყებენ კვდომას და კუდი აღარ ვითარდება, ხოლო რაც რჩება, კუდუსუნია.
მოჭიდების რეფლექსი
შეიძლება გინახავთ, როგორ ეჭიდებიან სხვა პრიმატები მშობლებს, რათა მათ ისინი აქეთ-იქით ატარონ. როგორც ჩანს, ეს თვისება ჩვენც გვახასიათებდა. ახლაც კი, თუ თქვენ ჩვილის ხელის გულს ან ფეხის ტერფს შეეხებით, ნახავთ, რომ რეფლექსის გამო ის თქვენზე მოჭიდებას შეეცდება.
აღნიშნული რეფლექსი ადამიანებში დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაშია აქტიური.
ტვიტერზე დაწყებულ დისკუსიაში მოგვიანებით სხვა ადამიანებიც ჩაერთნენ და მათ საკუთარი ვარაუდები წამოაყენეს.
სლოკინი
სლოკინის წარმომავლობის საკითხზე ადამიანები უკვე ათასწლეულზე მეტია, რაც მსჯელობენ. სლოკინი სუნთქვის პროცესში ჩართული კუნთების სწრაფი შეკუმშვაა.
სლოკინით გამოწვეული შეკუმშვის დაწყებისას სასუნთქი მილი იკეტება, სწორედ ეს განაპირობებს სლოკინისათვის დამახასიათებელ ხმას.
ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ სლოკინი შესაძლოა ბავშვს დაბადებისას ამოსუნთქვაში ეხმარებოდეს, მეორე თეორიით კი სლოკინი შესაძლოა ბავშვის დაბადებისას ამნიონური სითხის ფილტვებში მოხვედრას უშლიდეს ხელს. თუმცა, ეს თეორიები სლოკინის ყველა მახასიათებელს ვერ ხსნის.
თუ სლოკინის მიზანი ფილტვებში სითხის ჩაღვრის შეჩერებაა, მაშინ სასუნთქი მილის დაკეტვა გამოსუნთქვის კუნთების დაჭიმვასთან უნდა იყოს ასოცირებული, ისევე, როგორც ეს ხველისას ხდება, ეს კი ასე არ არის.
საინტერესოა, რომ არსებობს ცხოველების ერთი ჯგუფი, რომელშიც კუნთების შეკუმშვისა და სასუნთქი მილის დაკეტვის აღნიშნული კომბინაცია მკაფიო როლს ასრულებს: ეს ლაყუჩებიანი ამფიბიები არიან, რომელთაც ჰაერის სუნთქვის უნარიც გააჩნიათ. ეს ცხოველები წყალს ლაყუჩებში ყელის შეკუმშვის ძალით ატარებენ, ამავდროულად კი სასუნთქ მილს ხურავენ, რათა ფილტვებში წყალი არ მოხვდეს.
აღნიშნული თვისება კი ადამიანებში, გარკვეული სახეცვლილებით, კვლავ შემორჩენილია. ცნობილია, რომ ადამიანი მუცლადყოფნისასაც ასლოკინებს და მიჩნეულია, რომ ეს ძუძუს წოვის უნარის განვითარებისთვის არის საჭირო. სწორედ ეს შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რატომაც ადამიანებში სლოკინის უნარი ამდენი ხნის განმავლობაში შემორჩა.
ჩაძინებისას შეხტომა
ჩაძინების პროცესში უცბად შეხტომა ალბათ ყველა თქვენგანს განუცდია. ეს რეფლექსი ადამიანებში შეიძლება იმ დროიდან იყოს შემორჩენილი, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ ხეებზე ვცხოვრობდით. ბუნებრივია, რომ ხიდან ჩამოვარდნა სასიამოვნო გამოცდილება არ იქნებოდა და როგორც ჩანს, ჩვენს ორგანიზმს ამ საკითხთან გასამკლავებლად კონკრეტული რეფლექსი გააჩნდა.
რატომ გვაღიზიანებს დაფაზე ფრჩხილების ჩამოსმის ხმა?
დაფაზე ფრჩხილების ჩამოსმის, ან თუნდაც თეფშზე ჩანგლის გასმის ხმა შემაძრწუნებელი თუ არა, ძალიან გამაღიზიანებელი მაინც არის. საინტერესო ფაქტია, რომ დაფაზე ფრჩხილების ჩამოსმის ხმა პრიმატების განგაშის სიგნალს ჰგავს. შესაძლებელია, რომ საფრთხის არსებობისას ადამიანის წინაპარი სახეობებიც სწორედ ასეთ ვოკალიზაციებს იყენებდნენ, რის გამოც ჩვენი ტვინისათვის ეს ხმები კვლავ საფრთხესა და უარყოფით შეგრძნებებთან ასოცირდება.
ნერვული სიცილი
"ცნობილია, რომ პრიმატებში კბილების გამოჩენა მორჩილების მანიშნებელია. დაძაბულ და რთულ სიტუაციებში ღიმილს შეიძლება სხვებისთვის მიენიშნებინა, რომ თქვენ საფრთხეს არ წარმოადგენდით", - აცხადებს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.
კომენტარები