დადგინდა, რომ ასტეროიდ რიუგუს მშობელ ობიექტზე წყალი მიედინებოდა — კვლევა
ფოტო: Jaxa, UTokyo & collaborators/DLR German Aerospace Center
რიუგუ დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტია, რომელზეც იაპონურმა აპარატმა Hayabusa2-მა ნიმუშები შეაგროვა და 2020 წელს დედამიწაზე გამოგზავნა. იქ მოპოვებულ მასალაში ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინეს, მათ შორის ორგანული ნივთიერებები.
ახლა ცნობილი ხდება, რომ რიუგუს მშობელი ასტეროიდი თხევად წყალს შეიცავდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი სხეულები მზის სისტემის დაბადების დროიდანაა შემორჩენილი, ამიტომ საინტერესო ინფორმაციას ინახავს. აქამდე ასტრონომებს მიაჩნდათ, რომ ამგვარ ასტეროიდებზე წყლის აქტიურობა მხოლოდ ძალიან ადრეულ პერიოდში შენარჩუნდა. უკანასკნელი მიგნება კი მიანიშნებს, რომ ზემოხსენებულ ობიექტზე სითხე ბევრად გვიან მიედინებოდა.
მეცნიერებმა ეს დასკვნა ნიმუშებში არსებული ლუტეციუმისა და ჰაფნიუმის რადიოაქტიური იზოტოპების ანალიზის შედეგად გამოიტანეს. მათი დაშლის პროცესი გეოლოგიური პროცესების დროის საზომია და ასტეროიდის ასაკის დადგენაშიც გვეხმარება. რიუგუს ზედაპირზე შეგროვებულ გრუნტში ლუტეციუმთან შედარებით ჰაფნიუმის კონცენტრაცია მოსალოდნელზე დიდი იყო. ეს მიუთითებს, რომ პირველ მათგანს ქვებიდან სითხე აშორებდა.
წყლის დინების ყველაზე სარწმუნო მაპროვოცირებელი რიუგუს მშობელ ასტეროიდთან სხვა ობიექტის შეჯახებაა. ამან ქვებში ნაპრალები გააჩინა, ზედაპირქვეშა ყინული დაადნო და ამ მასას დინების საშუალება მისცა. შესაძლოა, პირვანდელი სხეულის დანაწევრება სწორედ ამას გამოეწვია.
თუკი ეს სხეული წყალს 1 მილიარდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეიცავდა, ესე იგი ნახშირბადით მდიდარ ასტეროიდებზე იმაზე მეტი სითხე იყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. შესაბამისად, დიდი შანსია, მათი მეშვეობით ის დედამიწაზე დიდი ოდენობით მოხვედრილიყო. პლანეტის ევოლუციის შესასწავლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ტენიანი წარსული დედამიწის გარემოზე, კერძოდ კი სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პირობებზე, იმოქმედებდა.
აღსანიშნავია, რომ ეს აღმოჩენა მხოლოდ ბრინჯის მარცვალზე პატარა ზომის ნიმუშის მეშვეობით გაკეთდა. ამისთვის ქიმიურ ელემენტთა განცალკევების ახალი და რთული ტექნოლოგია თუ მეთოდები გამოიყენეს. მიზანი ის იყო, რომ მასალის დანაკარგი მინიმუმამდე დაეყვანათ, რაც წარმატებით მოახერხეს.
მომდევნო ეტაპზე გუნდი რიუგუს გრუნტში არსებული ფოსფატის შესწავლას აპირებს, რათა წყლის დინების უფრო ზუსტი პერიოდი დაარკვიოს. ასევე სურთ, რომ შედეგები ასტეროიდ ბენუს მონაცემებს შეადარონ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

კომენტარები