უკვე ცნობილია, რომელ ცხოველს აქვს ყველაზე მეტი, 229 წყვილი, ქრომოსომა — ესაა პეპელა, რომელსაც Polyommatus atlantica ეწოდება, იგივე ატლასის ცისფერი. ამგვარი რაოდენობა უჩვეულოა, რადგან მისი მონათესავე სახეობების დიდ ნაწილში მხოლოდ 23-24 წყვილი ქრომოსომა გვხვდება.

ეს მწერი ჩრდილოეთ აფრიკის მთებშია გავრცელებული, მოროკოსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ალჟირში. დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ რეკორდი სწორედ მას ეკუთვნოდა, ახლა კი მკვლევრებმა პეპლის გენომი გაშიფრეს და დაადასტურეს, რომ ქრომოსომების რაოდენობით ის მართლაც პირველ ადგილზეა.

ქრომოსომები ძაფისებრი სტრუქტურებია, რომლებიც უჯრედთა ბირთვშია განლაგებული. მათში დნმ-ია მოთავსებული, რომელიც ორგანიზმის გენეტიკურ "ინსტრუქციებს" შეიცავს და თაობიდან თაობას გადაეცემა. სახეობებში ქრომოსომების რაოდენობა განსხვავდება, მაგალითად: ადამიანებს 23 წყვილი გვაქვს, შიმპანზეებს 24, ძაღლებს 39, ხილის ბუზებს კი — 4. რაც შეეხება მცენარეებს, მათში რეკორდი, 720 წყვილი, გვიმრა Ophioglossum reticulatum-ს ეკუთვნის.

Polyommatus atlantica.

ფოტო: Dr Roger Vila / The Institute of Evolutionary Biology

მაშასადამე, ქრომოსომების რაოდენობა ორგანიზმის სიდიდესა და განვითარების დონეზე არაა დამოკიდებული. ევოლუციის პროცესში ისინი შეიძლება გაიხლიჩოს ან შეერთდეს, რაც ცხოველის გადარჩენაზე არ ზემოქმედებს. Polyommatus atlantica-ს შემთხვევაში ქრომოსომების სიმრავლე მის აქტიურ ევოლუციურ ისტორიაზე მიუთითებს.

დადგინდა, რომ ეს სტრუქტურები იმ ადგილებშია გაყოფილი, სადაც დნმ ნაკლებად მჭიდროდაა განლაგებული. ამის გამო მწერის გენეტიკური ინფორმაციის მოცულობა თითქმის არ შეცვლილა, თუმცა ის უფრო მეტ და პატარა სექციებში განაწილდა. გამონაკლისი სასქესო ქრომოსომებია, ყველა დანარჩენი კი დაყოფილია, რამაც 3 მილიონ წელში ქრომოსომების რიცხვი 24-დან 229 წყვილამდე გაზარდა.

ასეთი ინტენსიური ცვლილებები საზიანოდ მიიჩნევა, მაგრამ ამ პეპლის შემთხვევაში, შესაძლოა, გენეტიკურ მრავალფეროვნებასა და უკეთეს ადაპტაციას შეუწყო ხელი. ამის მიუხედავად, ასეთი მრავალრიცხოვანი ქრომოსომების მქონე სახეობები დამატებითი გამოწვევების წინაშე დგანან და ხანგრძლივ პერსპექტივაში გადაშენების მიმართ მოწყვლადები არიან.

ამჟამად Polyommatus atlantica-ს საფრთხეს კლიმატის ცვლილება და ჰაბიტატის დაკარგვა უქმნის, რისი მიზეზიც გაუტყეურება და საძოვრების გაფართოებაა. გადაურჩება თუ არა იგი ამ ცვლილებებს, ნაწილობრივ სწორედ ქრომოსომებზეა დამოკიდებული.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.