პირველი ადამიანები ავსტრალიის კონტინენტზე — როგორ მოხვდნენ ისინი იქ
ფოტო: digital-classroom
ავსტრალიელი აბორიგენები კაცობრიობის უძველეს უწყვეტ კულტურად ითვლება. მიიჩნევა, რომ ამ კულტურის წარმომადგენლები ავსტრალიაში პირველად 65 000 წლის წინ ჩავიდნენ.
მეორე მხრივ, ბოლო გენეტიკური კვლევები, რომლებიც ჰომო საპიენსში ნეანდერტალელის გენებს იკვლევს უთითებს, რომ ადამიანები ავსტრალიას პირველად დაახლოებით 50 000 წლის წინ ეწვივნენ.
ავსტრალიის La Trobe უნივერსიტეტის კოლეგასთან თანამშრომლობით, ჯეიმს ო’კონელმა, იუტას უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა, ამ საკითხში უკეთ გასარკვევად მონაცემები კომპლექსურად შეისწავლა. კვლევა ჟურნალ Archaeology in Oceania-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა ხაზი გაუსვეს ბოლო და წინა კვლევების დასკვნებს, რომლებიც უთითებს, რომ ჰომო საპიენსები და ნეანდერტალელები ერთმანეთთან მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთნენ. ეს გადაკვეთა დაახლოებით 43 500 — 51 500 წლის წინ მოხდა.
ჩვენ კი ვიცით, რომ ავსტრალიური მოსახლეობა ნეანდერტალელის დნმ-ის 1-დან 4%-მდე ატარებს. შესაბამისად, თანამედროვე აბორიგენი ავსტრალიელი წინაპრების კონტინენტზე ჩამოსვლა ამ პერიოდამდე ვერ მოხდებოდა — წინააღმდეგ შემთხვევაში მათში ნეანდერტალელების გენები არ უნდა იყოს.
გარდა ამისა, ავსტრალიის არქეოლოგიური ძეგლების უმეტესობის დათარიღება 43 000-დან 54 000 წლამდე პერიოდზე უთითებს.
"კოლონიზაციის პერიოდი ამ ინტერვალში ჯდება. ეს მას იმავე დროის შუალედში აყენებს, როცა დასავლეთ ევრაზიაში ნეანდერტალელი პოპულაციის ჩანაცვლება თანამედროვე ადამიანით დაიწყო", — ამბობს ო’კონელი.
სხვა ჰომინიდები, როგორიცაა ჰომო ერექტუსი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ავსტრალიაში სტაბილური პოპულაცია მათ არ ჰქონიათ.
არსებული არქეოლოგიური ძეგლებიდან მნიშვნელოვან გამონაკლისს მაჯედბებე წარმოადგენს. ეს არის ძეგლი, რომელიც დათარიღებულია 59 000-დან 70 000 წლით. 2017 წლის კვლევაში, რომელიც Nature-ში გამოქვეყნდა, მაჯედბებესთვის გამოყენებული დათარიღების მეთოდი იყო ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენცია (OSL).
პრობლემა ისაა, რომ ადგილი ქვიშის ნალექებითაა დაფარული. დროთა განმავლობაში არტეფაქტები შეიძლება ქვიშაში ჩაიძიროს და მასში ღრმად აღმოჩნდეს. შედეგად, დათარიღება ზუსტად ქვიშის ფენას აჩვენებს, მაგრამ შეიძლება არ ასახავდეს თვითონ არტეფაქტების ნამდვილ ასაკს.
ანუ, საკითხი არაა თარიღის სისწორეში, არამედ — ეს თარიღი ნამდვილად შეესაბამება თუ არა არტეფაქტების შექმნის დროს.
ო’კონელმა ასევე მიმოიხილა ის დაბრკოლებები, რომელთა წინაშეც დადგებოდნენ ავსტრალიაში ჩასული პირველი ადამიანები. კონტინენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას 1500-კილომეტრიანი ეკოლოგიური ბარიერით — ვალესის არქიპელაგით — არის გამოყოფილი. მისი გადალახვა მოითხოვდა მინიმუმ რვა ცალკეულ, ღია წყლებში გადასვლას, რომელთაგან ყველაზე გრძელი დაახლოებით 90 კილომეტრი იყო.
გარდა ამისა, ავსტრალიაში გადასული ჯგუფები ბევრი ადამიანისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. გენომური (მიტოქონდრიული დნმ-ის) ანალიზი აჩვენებს, რომ პირველ კოლონიზატორებში მინიმუმ ოთხი განსხვავებული მიტოქონდრიული ჯგუფი (დედის ხაზით გადაცემული გენეტიკური ხაზები) იყო წარმოდგენილი.
ამ ჯგუფების არსებობა იმის ნიშანია, რომ თითოეულში მინიმუმ 25-50 ადამიანი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, პირველ კოლონიზატორებს ასობით ადამიანი შეადგენდა. ანალიზი აჩვენებს, რომ პირველი კოლონიზაცია სწრაფად ხდებოდა და პროცესი მხოლოდ რამდენიმე საუკუნე გაგრძელდა.
"ეს იმაზე მეტყველებს, რომ კოლონიზაცია განზრახ ხდებოდა და ის არ იყო შემთხვევითი. ამისთვის საჭირო იქნებოდა მყარი ნავები, რომლებიც 10 ან მეტ ადამიანს დაიტევდა. ამას დამატებული, საჭირო იქნებოდა საკვები, რომელიც ამ ადამიანებს რამდენიმე დღე წყალში ყოფნისას უზრუნველყოფდა", — ამბობს ო’კონელი.
საერთო ჯამში, ეს ტექნოლოგიური პროგრესი უფრო ამყარებს იმას, რომ ადამიანები ავსტრალიაში პირველად 50 000 წლის წინ ჩავიდნენ. სწორედ ამ დროს იწყება შედარებით კომპლექსური იარაღების დამზადება.
კომენტარები