NASA-მ მარსზე სიცოცხლის შესაძლო კვალი აღმოაჩინა
NASA-მ ახლახან საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მარსზე სიცოცხლის შესაძლო ნიშნები აღმოაჩინა. ესაა გასულ წელს ეზეროს კრატერში მოპოვებული ნიმუში, რომელიც პოტენციურ ბიოლოგიურ კვალს შეიცავს, ანუ, შესაძლოა, ცოცხალი ორგანიზმების მიერ იყოს წარმოქმნილი.
ნიმუში — "საფირონის კანიონი" — მარსმავალმა Perseverance-მა ჩეიავა ფოლსის სახელით ცნობილ ქვაზე დაკვირვებისას შეისწავლა. ის წითელ პლანეტაზე ძველად არსებული (უკვე დამშრალი) მდინარის 400-მეტრიან კალაპოტში მდებარეობს, ბრაით ენჯელის ფორმაციაზე. აპარატმა დანალექში თიხები და ლამი დააფიქსირა, რომლებიც დედამიწაზე მიკრობული სიცოცხლის ნიშნების შემოსანახად იდეალურია. ისინი მდიდარია ორგანული ნახშირბადით, გოგირდით, ჟანგითა და ფოსფორითაც.
"მარსზე სიცოცხლის აღმოჩენასთან ამაზე ახლოს არასდროს მივსულვართ", — განაცხადეს NASA-ში.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს კომპონენტები მიკროორგანიზმებისთვის ენერგიის კარგი წყარო იქნებოდა. მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩეიავა ფოლსი Perseverance-ის ინსტრუმენტებით (PIXL და SHERLOC) გაანალიზეს და ფერად "ლაქებს" მიაგნეს. ისინი მიკრობული სიცოცხლის მიერ შეიძლება ყოფილიყო დატოვებული, თუკი ის ენერგიის მისაღებად ორგანულ ნახშირბადს, გოგირდსა და ფოსფორს იყენებდა.
მაღალი გარჩევადობის სურათების მეშვეობით ქიმიური და ფიზიკური რეაქციების აქტიურ ადგილებში რკინით მდიდარ მინერალებს მიაკვლიეს: ვივიანიტსა და გრეიგიტს. მათი კომბინაცია პოტენციურ ბიოინდიკატორად მიიჩნევა, რადგან ის, შესაძლოა, დანალექსა და ორგანულ მატერიას შორის ელექტრონების გადამტანი რეაქციების შედეგად წარმოქმნილიყო — მექანიზმის, რომელსაც მიკროორგანიზმები ენერგიის მისაღებად და გასაზრდელად იყენებენ.
განმარტება: პოტენციური ბიოინდიკატორი არის ნივთიერება ან სტრუქტურა, რომელიც, შესაძლოა, ბიოლოგიური წარმომავლობის იყოს, მაგრამ სიცოცხლის ამჟამინდელ ან ადრინდელ არსებობაზე საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად დამატებით შესწავლას საჭიროებს.
საინტერესო ისაა, რომ ამ მინერალების ფორმირება აბიოტურადაც შეიძლება, ანუ ბიოლოგიური პროცესების გარეშე. ამისთვის დიდხანს შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურა, მჟავიანი გარემო და ორგანულ ნაერთებთან მიბმაა აუცილებელი. ნიმუშში ასეთი ალტერნატიული ახსნისთვის საჭირო მტკიცებულებებს ვერ მიაგნეს.
აღსანიშნავია, რომ ეს გეოლოგიური სტრუქტურა ერთ-ერთ ყველაზე ადრინდელ დანალექს შეიცავს, რომელიც მისიის განმავლობაში შეუსწავლიათ. აქამდე მიიჩნეოდა, რომ სიცოცხლის კვალი შედარებით გვიანდელ ქანებში შემოინახებოდა, მაგრამ ახალი მონაცემების მიხედვით, შესაძლოა, მარსზე სიცოცხლე იმაზე დიდხანს ან ახლო წარსულში არსებობდა, ვიდრე გვეგონა.
"ასტრობიოლოგიური ვარაუდები, განსაკუთრებით კი ადრინდელი არამიწიერი სიცოცხლის პოტენციური აღმოჩენის შესახებ, ექსტრაორდინარულ მტკიცებულებებს მოითხოვს. პოტენციური ბიოინდიკატორის ასეთი მნიშვნელოვანი მიგნების შესახებ ნაშრომის შეფასება სამეცნიერო პროცესის აუცილებელი ეტაპია, რადგან ის შედეგების სიზუსტესა და ნამდვილობას უზრუნველყოფს. მართალია, კვლევის თანახმად ბრაით ენჯელის მახასიათებლების აბიოტური ახსნა ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა მას ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ", — ამბობს მისიაზე მომუშავე მეცნიერი, ქეითი მორგანი.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები