არქტიკაში გადამალულ მარცვლეულის ყველაზე დიდ საცავს საფრთხე ემუქრება
ნორვეგიის სამეფოს ყველაზე ჩრდილოეთ მხარეში, კუნძულ შპიცბერგენზე (სვალბარდი) მარცვლეულის გლობალური საცავი მდებარეობს, რომელშიც კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მარცვლეულის ნიმუშები და თესლებია დაცული. ეს ერთგვარი სეიფია, რომელსაც ხშირად აპოკალიფსის საცავსაც უწოდებენ ხოლმე, საცავის დანიშნულებაზე კი მისი სახელიც მეტყველებს. ფართომასშტაბიანი კატაკლიზმების შემთხვევაში, ეს საცავი იქნება ის ადგილი, სადაც კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან თესლებს საფრთხე არ დაემუქრებათ. საჭიროების შემთხვვევაში კი ჩვენ მათი თავიდან გამრავლება შეგვეძლება.
თესლები -18 ცელსიუსზე, ჟანგბადით ღარიბ გარემოშია შენახული, რათა გახრწნის პროცესი მაქსიმალურად შენელდეს. არ იფიქროთ, რომ საცავის ადგილი შემთხვევითაა შერჩეული. თუ რამე მიზეზის გამო საცავს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება, მის გარშემო არსებული მუდმივად გაყინული მიწა თესლებს გალღობისგან დაიცავს. თუმცა, ნორვეგიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მოხსენებით ირკვევა, რომ სვალბარდის კუნძულებზე გლობალური დათბობის გამო გარემო მნიშვნელოვნად იცვლება.
კვლევაში განხილული ვარაუდის მიხედვით, საუკუნის ბოლო მეოთხედში კუნძულზე ტემპერატურა 10 გრადუსით მოიმატებს, ხოლო თუ კაცობრიობა გლობალური დათბობის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ზომებს მიიღებს, აღნიშნული მატება უბრალოდ7 გრადუსამდე შემცირდება.
მომატებული ტემპერატურა საცავის გარშემო არსებული გაყინული მიწის გალღობას გამოიწვევს, რაც ამჟამად ქანებში დამწყვდეული მეთანისა და ნახშირორჟანგის გამოთავისუფლებასაც გამოიწვევს. რამდენიმე წლის წინ განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურების გამო საცავი დაიტბორა კიდეც, თუმცა, საბედნიეროდ, გადანახული თესლები არ დაზიანებულა.
ტემპერატურის მატება არ არის ერთადერთი საფრთხე, რაც საცავს ემუქრება. კლიმატური ცვლილებების გამო კუნძულზე გახშირდება წვიმები, თოვლის სეზონი კი უფრო მოკლევადიანი გახდება, გახშირდება მეწყერები და ზვავებიც.
მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები სამომავლო პროგნოზებია, მაგრამ მეცნიერები აცხადებენ, რომ რადიკალური ცვლილებების დანახვა, განვლილ 50 წელიწადშიც შეიძლება.
"სვალბარდში ჰაერის ტემპერატურა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 4 გრადუსით გაიზარდა. ბოლო წლების განმავლობაში კი ზამთარში ძლიერი წვიმები გახშირდა. მნიშვნელოვნად იკლებს ყინულის საფარიც", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
კლიმატურ ცვლილებებთან გასამკლავებლად საცავის განახლებისათვის მილიონობით დოლარი უკვე დაიხარჯა, თუმცა, სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ეს შესაძლოა საკმარისი არ იყოს.
კომენტარები