ჩვენს გარშემო არსებული სამყარო საიდუმლოებებითაა მოცული. არსებობს უამრავი კითხვა, რომელზე პასუხიც კაცობრიობას არ გააჩნია. ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ძალიან დიდია, თუმცა ბოლომდე მაინც არ გვესმის, თუ რამდენად დიდი. ხოლო ის ფაქტები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია ძალიან, ძალიან შთამბეჭდავია.

ქვემოთ მოცემულია 9 საინტერესო ფაქტი კოსმოსის შესახებ:

1. ნეიტრონული ვარსკვლავები ძალიან სწრაფად ბრუნავენ, მათმა სიჩქარემ შესაძლოა წამში 600 ბრუნსაც კი მიაღწიოს

ფოტო: NASA GODDARD SPACE FLIGHT CENTER

ნეიტრონული ვარსკვლავები დიდი მასის მქონე ვარსკვლავების ევოლუციური გზის ერთ-ერთი ბოლო ეტაპია. ასეთი ვარსკვლავები სუპერნოვას შედეგად იბადებიან და ისინი ძალიან სწრაფად ბრუნავენ. დაბადების შემდეგ, მათი სიჩქარე წამში მინიმუმ 60 ბრუნია, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, მათი სიჩქარე წამში 600 ბრუნსაც აღწევს.

2. კოსმოსში სრული სიჩუმეა

ფოტო: NASA GODDARD SPACE FLIGHT CENTER

ხმოვან ბგერებს გადასაადგილებლად გარკვეული გარემო სჭირდება, მაგალითად — ატმოსფერო. კოსმოსის უმეტესი ნაწილი კი ვაკუუმია, შესაბამისად, ვარსკვლავთშორის სივრცის უმეტეს ნაწილში სამარისებური სიჩუმეა.

3. კოსმოსში წარმოუდგენლად ბევრი ვარსკვლავია

ფოტო: NASA GODDARD SPACE FLIGHT CENTER

ამ დროისთვის, რეალურად არც ვიცით, თუ სულ რამდენი ვარსკვლავია სამყაროში. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენი ვარსკვლავია ჩვენს გალაქტიკაში, შემდეგ კი ეს რაოდენობა გალაქტიკების სავარაუდო რაოდენობაზე გავამრავლოთ და მიახლოებითი პასუხი ასე გავიგოთ.

ავსტრალიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ სამყაროში, სავარაუდოდ, 70 სექსტილიონი ვარსკვლავია. სექსტილიონი რიცხვია, რომელსაც 21 ნული აქვს.

4. აპოლოს ასტრონავტების მიერ დატოვებული ნაფეხურები მთვარეზე მინიმუმ 100 მილიონი წლის განმავლობაში დარჩება

ფოტო: NASA

მთვარეზე არც ქარი ქრის და არც წყალი მოედინება, შესაბამისად აპოლოს ასტრონავტების მიერ დატოვებული ნაფეხურების ეროზიაც არ მოხდება. ეს ნიშნავს, რომ მთვარეზე დატოვებული მოწყობილობები, ისევე როგორც ასტრონავტების ნაფეხურები, მასზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.

ერთადერთი საფრთხე, რაც მათ ემუქრებათ, მიკრომეტეორებია, რომლითაც მთვარე საკმაოდ ხშირად იბომბება, თუმცა მათი გავლენა მცირეა.

5. მზის სისტემის მასის 99% მზეს ეკუთვნის

ჩვენი მზე იმდენად მკვრივია, რომ მზის სისტემაში არსებული მასის 99% მას ეკუთვნის. სწორედ ამ მასის საშუალებით "იჭერს" ის მის გარშემო არსებულ პლანეტებს.

ჩვენი მზე G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავია, რაც ნიშნავს, რომ ყოველ წამში ის 600 მილიონ ტონა წყალბადს ჰელიუმად გარდაქმნის. მზის დაღუპვის შემდეგ, ის წითელ გიგანტად გადაიქცევა და დედამიწას ჩაყლაპავს, თუმცა არ ინერვიულოთ, ეს კიდევ 5 მილიარდი წელი არ მოხდება.

6. დედამიწას მზისგან ყოველ საათში იმაზე მეტი ენერგია ხვდება, ვიდრე პლანეტა მთელი წლის განმავლობაში იყენებს

ფოტო: NASA GODDARD SPACE FLIGHT CENTER

ყოველ საათში დედამიწას 430 კვინტილიონი ჯოული ენერგია ხვდება, თუმცა ჩვენ მის ათვისებას ვერ ვახერხებთ. შედარებისთვის, ენერგიის რაოდენობა, რომელსაც კაცობრიობა ერთ წელიწადში იყენებს, 410 კვინტილიონი ჯოულია.

7. თუ კოსმოსში ერთი და იგივე მეტალის ორი ნივთი ერთმანეთს შეეხება, ისინი ერთმანეთს სამუდამოდ შეეზრდება

ფოტო: NASA GODDARD SPACE FLIGHT CENTER

ამ პროცესს ცივი შედუღება ეწოდება. როდესაც კოსმოსში მეტალის ორი სხვადასხვა ნივთი ერთმანეთს ეხება, ატომებს არ აქვთ არანაირი გზა, რომლითაც შეიძლება გაირჩეს, რომ ეს ატომები სხვადასხვა ნივთებს მიეკუთვნებიან. შესაბამისად ისინი ერთმანეთს ეკვრიან.

ეს დედამიწაზე იმიტომ არ ხდება, რომ, ნივთებს შორის ყოველთვის არსებობს ატმოსფერო, რომელიც მათ ერთმანეთზე მიკვრის საშუალებას არ აძლევს.

8. ვენერაზე ერთი დღე უფრო გრძელია, ვიდრე დედამიწაზე ერთი წელი

ფოტო: GETTY IMAGES

ვენერა საკუთარი ღერძის გარშემო წარმოუდგენლად ნელა ბრუნავს. მას ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად დედამიწის 243 დღე სჭირდება. საინტერესოა ისიც, რომ პლანეტა მზის გარშემო ერთ ბრუნს უფრო მალე ასრულებს, ვიდრე საკუთარი თავის გარშემო — ამისათვის მას 226 დღე სჭირდება.

უფრო მეტიც, ვენერაზე მზის ამოსვლებს შორის, დედამიწაზე 117 დღე გადის, რაც ნიშნავს, რომ "წელიწადში", ვენერაზე მზე მხოლოდ 2-ჯერ ამოდის. თეორიულად, ეს მოვლენა ვენერაზე ერთსა და იმავე დღეს ხდება. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ რადგანაც ვენერა საათის საწინააღმდეგოდ ბრუნავს, მზე მის დასავლეთით ამოდის და აღმოსავლეთით ჩადის.

9. იუპიტერის დიდი წითელი ლაქა პატარავდება

ფოტო: GETTY IMAGES

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც იუპიტერის ლაქა ზომაში მცირდება. ეს დიდი წითელი ლაქა პლანეტაზე არსებული გიგანტური მბრუნავი ქარიშხალია და ადრე მასში დაახლოებით სამი დედამიწა ეტეოდა, ამჟამად კი მასში მხოლოდ ერთი დედამიწა ეტევა.

საინტერესო ისაა, რომ სისქეში ზომის შემცირების მიუხედავად, ის სიმაღლეში იზრდება. მეცნიერები კი ამ ფენომენის ახსნას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.