მასწავლებლები, ექსპერტები, პოლიტიკოსები — ვინ რას ფიქრობს გამოცდების ახალ მოდელზე
სასკოლო და ეროვნული საგამოცდო სისტემა იცვლება. 2020 წლიდან ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება, ხოლო მე-11 და მე-12 კლასელები სკოლის გამოსაშვებ გამოცდეს აღარ ჩააბარებენ. წელს გამოცდების ჩაბარება მხოლოდ მე-12 კლასელებს მოუწევთ. განათლების სამინისტროს განმარტებით, გამოცდები ე.წ. CAT-ის სისტემით არაეფექტური იყო. მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ მოსწავლეები სკოლებში გამოცდების გარეშე უკეთ ისწავლიან.
ახალი რეფორმით შეფასების ტვირთი სკოლაზე გადადის. ატესტატს მოსწავლეები მხოლოდ პედაგოგების შეფასებების საფუძველზე მიიღებენ. ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულების აბიტურიენტები კი მესამე საგნად ზოგადი უნარების ნაცვლად მათემატიკასა და ქართულს ჩააბარებენ, იმის მიხედვით, თუ რომელი მიმართულებით აგრძელებენ სწავლას. უნივერსიტეტები ჩასაბარებელი საგნების ბარიერების დადგენას დამოუკიდებლად შეძლებენ. ასევე მათი გადასაწყვეტი იქნება, შეიტანენ თუ არა არჩევითი საგნების სიაში ზოგად უნარებს.
დაანონსებულ ცვლილებებს არაერთგვაროვნად შეხვდნენ პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში. თუმცა ყველა შეთანხმდა, რომ სკოლა არა გამოცდაში მაღალი ქულის მიღებაზე, არამედ აზროვნებისა და ანალიზის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
ექსპერტები
განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა ამბობს, რომ "გამოსაშვები გამოცდების" გაუქმება განათლების სისტემაში ცალსახად პოზიტიური ცვლილებაა, თუმცა ჯერ კიდევ აქვს კრიტიკული კითხვები ეროვნული გამოცდების ახალ სისტემაზე.
რევაზ აფხაზავას თქმით, "გამოსაშვები გამოცდები" უკვე დიდი ხანია ვერანაირ ფუნქციას ვერ ასრულებს. განათლების მკვლევარი რეკომენდაციას უწევს შეფასების ტვირთის სკოლაზე გადასვლას. ამის პარალელურად, რევაზ აფხაზავა ფიქრობს, რომ სასკოლო შეფასების სისტემები უნდა განვითარდეს.
"ეროვნული შეფასება უფრო კომპლექსური უნდა იყოს და მეტ ინფორმაციას უნდა გვაძლევდეს, თუ რას და როგორ სწავლობენ ბავშვები. CAT-ის გამოცდა ვერ გვცემდა პასუხს კითხვაზე, ვინ როგორ სწავლობს. რეალურად, ამ კითხვაზე პასუხი სკოლამ და ეროვნულმა შეფასებამ უნდა გასცეს", — განუცხადა On.ge-ს განათლების მკვლევარმა.
რევაზ აფხაზავას თქმით, ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებამ შედეგად არ უნდა მოგვცეს ადამიანები, რომლებმაც "პროცენტის გამოანგარიშება არ იციან".
"უნარების ჩაბარება მნიშვნელოვანი იყო. ჰუმანიტარულზე აბარებდი თუ ტექნიკურზე გარკვეული საბაზისო უნარების დადასტურება უნდა შეგძლებოდა. მნიშვნელოვანია, რეფორმის შედეგად მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც არ გამიჯნავს ჰუმანიტარებსა და ტექნიკური მიმართულების ადამიანებს", — განაცხადა რევაზ აფხაზავამ.
განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია იზიარებს რევაზ აფხაზავას აზრს გამოსაშვები გამოცდების არაეფექტურობის შესახებ და ცვლილებების აუცილებლობაზე მიანიშნებს. მისი თქმით, განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა მისაღებია, თუმცა არასაკმარისი რაიმეს გასაუმჯობესებლად.
ექსპერტი აკრიტიკებს, როგორც გამოსაშვები ისე მისაღები გამოცდების არსებულ სისტემას და ხუთ მთავარ ხარვეზს გამოყოფს:
- უსამართლო — დამატებით უპირატესობას აძლევდა იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ, რადგან უკეთეს სკოლაში სწავლობდნენ და უფრო შეძლებული მშობლები ჰყავდათ;
- საშინლად არახარჯეფექტური — მრავალი მილიონი ლარი ყოველწლიურად იხარჯებოდა რეპეტიტორობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს გადაელახათ ბარიერი, რომელიც მათ განათლებას არ უკავშირდებოდა;
- შემაფერხებელი სკოლების განვითარებისთვის — კარგ სკოლებს ფოკუსს უცვლიდა და მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილების ნაცვლად მოსწავლეები დაკავებული იყვნენ მხოლოდ იმის დასწავლით, რაც გამოცდაზე ბარდებოდა;
- საზიანო უნივერსიტეტების განვითარებისთვის — აბიტურიენტები არჩევენ უნივერსიტეტებს, მაგრამ უნივერსიტეტები აბიტურიენტებს ვერ. უნივერსიტეტებს არ ეძლევათ საშუალება, რომ შეიმუშავოს შედარებით რთული პროგრამა, განსაზღვროს საკუთარი პროგრამული პრიორიტეტები და შესაბამისი სტუდენტები შეარჩიოს;
- მიზნების შეუსაბამო — უზარმაზარი თანხა იხარჯება შემოწმების ბიუროკრატიასა და ნაკლები განათლების მხარდაჭერაზე.
სიმონ ჯანაშიას რეკომენდაციით, რაც ნაკლები ცენტრალიზებული გამოცდა იქნება, მით უფრო სამართლიანი, ხარჯეფექტური, განვითარებადი სისტემის შექმნა იქნება შესაძლებელი.
"საჭიროა განათლების ხარისხის მოთხოვნის ზრდის წახალისება, უფრო დიფერენცირებული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება. მნიშვნელოვანია, სკოლებში პროგრამების მრავალფეროვნება წახალისდეს", — წერს განათლების ექსპერტი.
პოლიტოლოგი გია ნოდია "გამოსაშვები გამოცდების" რაოდენობის შემცირებას ეთანხმება, თუმცა ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებას გაუმართლებელს უწოდებს. ის ფიქრობს, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება "აბსოლუტურად გაუგებარი და კონტრ-პროდუქტიულია".
"უნარ-ჩვევების ტესტი ყველაზე უფრო ობიექტურად ზომავს აბიტურიენტის მზაობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის. მათ შორის, სხვათა შორის, ის მშობლიური ენის ფლობის დონესაც ძალიან კარგად ზომავს. გარდა ამისა, ის ყველაზე უფრო "დემოკრატიულია" იმ აზრით, რომ მას რეპეტიტორი სხვასთან შედარებით ყველაზე ნაკლებ სჭირდება", — წერს გია ნოდია ფეისბუქზე.
მასწავლებლები
სკოლის დირექტორები, რომლებსაც On.ge ესაუბრა, გამოსაშვები გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილებას იწონებენ და ყურადღებას სკოლაში მოსწავლეთა შეფასების გაძლიერებასა და გამკაცრებაზე ამახვილებენ.
სურამის #4 საჯარო სკოლის დირექტორი, ალექსანდრე ლომიძე აცხადებს, რომ გამოსაშვები გამოცდები ერთგვარ ტვირთად იქცა ბავშვებისთვის და სტრესთანაც იყო დაკავშირებული.
"ვფიქრობ, რომ სკოლაში პედაგოგების მოთხოვნები გაძლიერდება. ნიშანი უნდა განსაზღვრავდეს მოსწავლის ცოდნას და უნდა ფასობდეს. მასწავლებლებმა ბავშვები უნდა დააინტერესოს და ყოველი გაკვეთილი გამოცდა უნდა იყოს", — აცხადებს დირექტორი.
ალექსანდრე ლომიძის აზრით, სკოლებმა მონიტორინგის მექანიზმის დასახვეწად უნდა იმუშავონ და ობიექტურობის ნაწილში პასუხისმგებლობა სკოლის დირექციაზეა.
"მე-11 კლასელებს ვესაუბრე, ისინი აღტაცებულები იყვნენ, რომ გამოცდებს აღარ ჩააბარებდნენ. თუმცა, როცა ავუხსენი, რომ მომავალში თითოეული გაკვეთილის როლი უფრო მეტად გაიზრდება სერიოზულად მიიღეს და მიხვდნენ, რომ ეს პროცესი სწავლის ხარისხზე არ აისახებოდა", — განაცხადა ალექსანდრე ლომიძემ.
ის უნარების გამოცდის არასავალდებულოობასაც ეთანხმება და ფიქრობს, რომ განათლების სამინისტრო სწორი გზით მიდის.
"ჩვენ ბავშვებს ვთხოვთ გამოცდის ჩაბარებას საგანში, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამ გზით პირდაპირ ვაწვდით რეპეტიტორებს მასალას, რომ ეს ბავშვები მოემზადონ", — განაცხადა ალექსანდრე ლომიძემ.
თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამარ კაპანაძე ფიქრობს, რომ გამოცდები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ცოდნის სისტემაში მოსაყვანად და სკოლების დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"სკოლა დამოუკიდებლად წარმართავს გარკვეულ პროცესებს, შესაბამისად, სასკოლო გამოცდების დანიშვნის უფლება ყველა კლასში გვაქვს და ამის პრაქტიკა ისედაც არსებობს. იმ საგნებში, რომელშიც CAT-ის გამოცდები ბარდებოდა, გამოცდებს ჩვენ ისედაც ვატარებდით. ამიტომ, მე ვემხრობი გამოცდების მოხსნას", — ამბობს კლასიკური გიმნაზიის დირექტორი.
ის ფიქრობს, რომ სახელმწიფო გამოსაშვებ გამოცდებზე დიდ რესურსს ხარჯავს, როცა თავად სკოლას შეუძლია იგივე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
"ჩვენი პრაქტიკით მოსწავლეები სასკოლო გამოცდებში უფრო დაბალ ქულას იღებენ, რადგან მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა არ მოწმდება და ღია ტიპის კითხვებსაც ითვალისწინებს. სკოლის გამოცდა უფრო ამოწმებდა ცოდნას, ვიდრე CAT-ის, რომელიც ხშირ შემთხვევაში სასწავლო პროგრამასთან აცდენილი იყო", — ამბობს თამარ კაპანაძე.
პოლიტიკოსები
ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე 2020 წლისთვის საგამოცდო სისტემაში დაგეგმილ არც ერთ ცვლილებას არ ეთანხმება. ის ფიქრობს, რომ მასწავლებლებით, რომლებსაც დაბალი ხელფასი აქვთ და მოსწავლეებით, რომლებიც გამოცდების არ აბარებენ, განათლების სისტემა ვერ გაუმჯობესდება.
სერგი კაპანაძე განათლების პოლიტიკაზე იმ ხუთ საკითხს აქვეყნებს, რომლებიც მისი აზრით, უდავოა:
- სკოლის ატესტატით უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში სკოლების დონეზე კორუფცია აღდგება;
- ზოგადი უნარების ტესტი თუ გაუქმდა, ბავშვები დაიწყებენ იმ სამი საგნის დაზუთხვას, რაც უნივერსიტეტში მოხვედრას სჭირდება;
- სკოლის გამოსაშვები გამოცდები თუ გაუქმდა, იმ საგნებს, რაც არ სჭირდებათ აღარ ისწავლიან და მე-10-მე-12 კლასებში საერთოდ აღარ ივლიან;
- მისაღები გამოცდები უნივერსიტეტებში თუ გადავა, სახელმწიფო უმაღლესებში კორუფცია მყისიერად აღდგება;
- აბიტურიენტს თუ მოთხოვთ ან ტექნიკური, ან ჰუმანიტარული მიმართულებით წასვლას და რომელიმე მაკვალიფიცირებელი საგნის არჩევას, მოუკლავთ შესაძლებლობას აირჩიოს მაგალითად ბიზნესი პირველ არჩევნად და სახელმწიფო მართვა მეორედ. ეს პრინციპულად არასწორია.
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი ფიქრობს, რომ გამოსაშვები გამოცდების გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია. ის სკოლებში "კორუფციის აღზევებას" არ გამორიცხავს.
"ათასობით ბავშვი იჭრებოდა გამოცდებზე და თუ მათი გაუქმებით ფიქრობენ პრობლემის აღმოფხვრას სკოლებში, ეს კატასტროფაა. უნარების გამოცდის გაუქმება კი არაგონივრული ნაბიჯია, ანუ მივდივართ უკან საბჭოთა მოდელისკენ, რომ მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე ვხდებით ორიენტირებული და არა კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე", — აცხადებს ნინო კვიტაიშვილი.
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს მხოლოდ ერთი კითხვა აქვს: მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები თუ უქმდება, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასისთვის გამოცდებს ერთჯერადად?
დეპუტატი ამბობს, რომ ამ საკითხზე განათლების მინისტრთან ისაუბრებს და საბოლოო გადაწყვეტილებას 13-დან 15 თებერვლამდე საპარლამენტო სხდომებზე მიიღებს.
მისთვის პოზიტიურია, რომ ზოგადი უნარების გამოცდას სავალდებულო საგანთა ნუსხიდან ამოიღებენ.
"გუშინდელი პრეზენტაცია ხედვა იყო და არა გადაწყვეტილება. ზოგადი განათლების კანონში აღნიშნული ცვლილებები მოითხოვს სხვა ცვლილებებსაც, შესაბამისად, აუცილებლად გვექნება შესაბამის კომიტეტში განხილვები", — განაცხადა დეპუტატმა.
განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გამოცდების ახალი მოდელი ხარისხზეა ორიენტირებული და მისი მიზანი სკოლის როლის გაძლიერება, შედეგზე ორიენტირება და უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი გაზრდაა.
კომენტარები