სატურნის მთვარე ტიტანზე წვიმიანი ზაფხული დაფიქსირდა
ასტრონომებმა სატურნის მთვარე ტიტანის ჩრდილოეთ პოლუსზე მეთანის წვიმის "ანარეკლი" დააფიქსირეს, ეს მთვარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წვიმის პირველი დაფიქსირებული შემთხვევაა, რაც ტიტანის ამ რეგიონში ზაფხულის დადგომაზე მიანიშნებს.
აღნიშნული მოვლენის დაფიქსირებას მეცნიერები მას შემდეგ ცდილობენ, რაც 2004 წელს ხომალდი Cassini სატურნის სისტემას ეწვია.
2004 წელს ტიტანის სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხული იყო, მეცნიერები კი სეზონურ ცვლილებებს გამალებით ელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტიტანი დედამიწისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ის კლიმატური თავისებურებებით ჩვენს პლანეტას გარკვეულწილად მაინც წააგავს.
ტიტანზე ერთი დღე დედამიწის 15.9 დღეს უდრის, ამდენივე დრო სჭირდება მას სატურნის გარშემო ერთი ბრუნის შესასრულებლადაც. ტიტანი ამით ჩვენს მთვარეს ჰგავს, რადგან მას ისეთივე დამოკიდებულება აქვს სატურნთან, როგორც მთვარეს დედამიწასთან, - ტიტანი სატურნს მხოლოდ ერთი მხარით უყურებს.
ტიტანზე ერთი სეზონი ჩვენი დროით 7.5 წლის განმავლობაში გრძელდება.
ტიტანზე გაზაფხულის ბუნიაობა 2009 წელს იყო, 2011 წელს კი მთვარის სამხრეთ ნახევარსფეროში ატმოსფერული ცვლილებები დაფიქსირდა, რაც ზამთრის დადგომას მიანიშნებდა. თუმცა, ამ დრომდე, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის წვიმების კვალი არ ჩანდა.
"ასტრონომები კლიმატურ მოდელებზე დაყრდნობით, ტიტანის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ღრუბლებისა და წვიმის კვალს უკვე დიდი ხანია ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ", - აცხადებს აიდაჰოს უნივერსიტეტის ფიზიკოსი რაჯანი დინგრა.
Cassini-ს მიერ შეგროვებული ინფორმაციის დეტალური განხილვის შემდეგ, გუნდმა როგორც იქნა იპოვა ის, რასაც ისინი ამდენ ხანს ეძებდნენ. ეს 2016 წლის 7 ივნისს ხომალდის ხილული და ინფრაწითელი სპექტრომეტრით გადაღებული ფოტოა. ამ ინსტრუმენტს ტიტანის სქელ, ბუნდოვან ატმოსფეროში გახედვა და მის ზედაპირზე არსებული თავისებურებების დანახვა შეუძლია.
ფოტოზე ჩანს 120 000 კვადრატული კილომეტრის სიდიდის არეალი, რომელიც უცნაურად ანათებს. ეს ნათება კი წინამორბედ და მომდევნო ფოტოებში დაფიქსირებული არ იყო.
"სპექტრული თავისებურებებისა და გეოლოგიური კონტექსტის გაანალიზებით ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ აღნიშნული არეკვლა ტიტანის მყარი ზედაპირის დასველებით არის გამოწვეული. წარმოიდგინეთ ასფალტის დასველებული ტროტუარი, რომელიც მზის სინათლეს ირეკლავს", - ნათქვამია კვლევაში.
ფოტოზე აღნიშნული განათებული რეგიონის ანალიზით ირკვევა, რომ ასეთი ტიპის ანარეკლი პატარა კენჭებით მიმოფანტულ, მეთანის წვიმით დასველებულ ზედაპირს უნდა წარმოექმნა. ეს ტიტანის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის წვიმების არსებობის პირველი დამადასტურებელი ფაქტია.
წვიმა ამ რეგიონში მოსალოდნელი იყო, თუმცა თეორიული მოდელების გათვალისწინებით მეცნიერები მას უფრო ადრე ელოდნენ, თანაც, ტიტანზე მეთანის ტბებისა და ზღვების უმეტესი ნაწილი სწორედ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს ტიტანის სამხრეთ ნახევარსფეროში წვიმა აქამდეც დაუფიქსირებიათ, ხოლო ამ დრომდე გამოცანად რჩებოდა, თუ რატომ არ ჩანდა წვიმა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
"გვსურს, რომ ჩვენი თეორიული მოდელები პრაქტიკულ დაკვირვებებს დაემთხვეს. აღნიშნული წვიმით კი სწორედ ეს მოხდა. თუმცა ის მაინც გასარკვევია, რატომ დაიგვიანა წვიმამ ამდენი ხნით", - აცხადებს დინგრა.
ტიტანი სატურნის ყველაზე დიდი მთვარეა. ის ერთადერთი ცნობილი მთვარეა, რომელსაც სქელი ატმოსფერო გააჩნია, ამასთან ერთად ის ერთადერთი სხეულია, რომლის ზედაპირზეც თხევადი ტბები და ზღვებია აღმოჩენილი.
კომენტარები