SpaceX-ის ახალი ხომალდით საფრენად ასტრონავტების პირველი ეკიპაჟი ემზადება
2011 წელს NASA-ს კოსმოსური შატლის პროგრამის დასრულების შემდეგ აშშ-მ ორბიტაზე ადამიანების გაყვანის შესაძლებლობა დაკარგა. ბოლო რვა წლის განმავლობაში აშშ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაყვანად რუსულ ხომალდ Soyuz-ზე იყო დამოკიდებული, 2019 წელს კი SpaceX-ის წყალობით ამერიკული მიწიდან შესაძლოა პილოტირებული მისიები განახლდეს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, გაზაფხულზე SpaceX-ის Crew Dragon-ით ნასას ორი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაემართება.
SpaceX და Boeing ეკიპაჟისთვის განკუთვნილ ხომალდს NASA-ს პროგრამის ფარგლებში ქმნიან. Boeing-მა ამისათვის ახალი ხომალდი CST-100 Starliner შექმნა. SpaceX-მა კი აღნიშნული მიზნისთვის საკუთარი ხომალდი Dragon გადააკეთა, რომელიც ამ დრომდე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთის მისატანად გამოიყენებოდა. SpaceX ასტრონავებისთვის განკუთვნილ Dragon-ზე უკვე ხუთი წელია მუშაობს.
ნასას პროგრამის მიზანი ორი ამერიკული კომერციული ხომალდის შექმნაა, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ნასას ასტრონავტების ტრანსპორტირება შეეძლება, რის შედეგადაც ამერიკული მიწიდან პილოტირებული მისიები განახლდება და აშშ რუსეთზე დამოკიდებული აღარ იქნება. კომერციული პროგრამის განვითარება ნასასთვისაც კომფორტულია, რადგან ამ დროს ხომალდების შესაქმნელად საჭირო ხარჯების გაღება მხოლოდ ნასას აღარ უწევს.
აგვისტოში ნასამ დაასახელა ცხრა ასტრონავტი, რომლებიც SpaceX-ისა და Boeing-ის ხომალდებით იფრენენ. თუ მოვლენები გეგმის მიხედვით განვითარდება, პირველი SpaceX-ის Crew Dragon-ით ორი ვეტერანი ასტრონავტი, ბობ ბენკენი და დაგ ჰარლი იფრენს.
პირველი ფრენა ორკვირიანი მისია იქნება, რომლის დროსაც ასტრონავტები SpaceX-ის Falcon 9-ით საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაემართებიან, ორი კვირის შემდეგ კი ისინი დედამიწაზე დაბრუნდებიან და ოკეანის ზედაპირზე დაეშვებიან.
ორივე ასტრონავტს ნასას კოსმოსური შატლის ფრენის გამოცდილება აქვს, თუმცა ახლა მათ სრულად განსხვავებული ხომალდის პილოტირება მოუწევთ. რადგანაც ხომალდი SpaceX-ისაა, ასტრონავტების ტრენინგზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი.
"ხომალდის შესწავლა მანქანის ტარების სწავლას ჰგავს, რა თქმა უნდა, მანქანის მართვა უფრო მარტივია, მაგრამ ფრენის ტრენინგების დროს შენ სწავლობ ხომალდის სისტემებს, მის მართვასა და საავარიო სიტუაციებისთვის შემუშავებულ პროტოკოლებს", - აცხადებს ბენკენი The Verge-თან ინტერვიუში.
ასტრონავტები ტრენინგებს SpaceX-ს სათავო ოფისში გადიან, სადაც კომპანიას სპეციალური სიმულატორები აქვს შექმნილი, რომლებიც რეალური Crew Dragon-ის იდენტურია. ახალი ხომალდის ინტერიერი კოსმოსური შატლის ინტერიერთან შედარებით ბევრად უფრო მარტივია, ამ უკანასკნელის კაბინაში ათასობით ღილაკი იყო, Crew Dragon კი სენსორული ეკრანებითაა აღჭურვილი. საბოლოოდ ახალი ხომალდი დიდწილად ავტომატურ რეჟიმში იფრენს, ასტრონავტები კი ხომალდის მართვაში მხოლოდ რაიმე დაბრკოლების წარმოშობის შემთხვევაში ჩაერთვებიან - ტრენინგისას ყველაზე დიდი ყურადღება ფრენისას წარმოშობილი შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრას ეთმობა.
Crew Dragon-ის პილოტირებულ ფრენამდე ხომალდის საცდელი ფრენაა დაგეგმილი, რომელიც, უკვე რამდენჯერმე გადადების შემდეგ, სავარაუდოდ თებერვალში უნდა განხორციელდეს.
NASA-ს მთავარი მიზანია, რომ ხომალდების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს შემოწმებული. Crew Dragon-ის უპილოტო საცდელი ფრენის შემდეგ კოსმოსური სააგენტო ფრენის მახასიათებლებს გააანალიზებს, რის შემდეგაც გადაწყდება, განხორციელდება თუ არა ხომალდის პილოტირებული მისია.
ხოლო Boeing-ის CST-100 Starliner-ის პირველი უპილოტო საცდელი ფრენა მარტშია დაგეგმილი, პილოტირებული მისია კი 2019 წლის აგვისტოში. თუ გარკვეული მიზეზების გამო, ბოინგი SpaceX-ს დაასწრებს, Starliner-ით აგვისტოში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი ასტრონავტი, ერიკ ბოე, ნიკოლ მანი და კრის ფერგუსონი გაფრინდება.
კომენტარები