დღეს ღამით წლის პირველი მეტეორების წვიმა პიკს მიაღწევს
2019 წელი ასტრონომიისთვის სახარბიელოდ დაიწყო. ახალი წლის ღამეს ხომალდმა New Horizons-მა მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ ობიექტს ჩაუფრინა და მას ფოტოები გადაუღო, რომლებიც გუშინ მივიღეთ. დღევანდელი დღე კი მეტეორების წვიმით გრძელდება, მეტეორების ცვენის სიხშირე პიკს დღეს ღამით მიაღწევს.
მეტეორების დანახვის ყველაზე მეტი შანსი იმ შემთხვევაში გაქვთ, თუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, უფრო ზუსტად კი ევროპაში ან მის მიდამოებში ცხოვრობთ. მეტეორების დასანახად ხელს მთვარეც შეგიწყობთ, რომლის ნათებაც დღეს ხელს არ შეგიშლით.
მეტეორების რაოდენობას რაც შეეხება, შეგიძლიათ საათში მინიმუმ 80 მეტეორს ელოდოთ, თუმცა, მათმა რაოდენობამ შესაძლოა საათში 200-ს მიაღწიოს. ქუადრანტიდის მეტეორების წვიმა მკვეთრი და ფერადი მეტეორებით არის განთქმული.
შეიძლება იფიქროთ, რომ დღევანდელი მეტეორების წვიმის სახელი ცოტა უცნაურად ჟღერს, რადგან ის, სხვა მეტეორული წვიმების (პერსეიდები, დრაკონიდები, ლეონიდები) მსგავსად, არც ერთი ცნობილი თანავარსკვლავედის სახელზე არ არის დაფუძნებული.
საქმე ისაა, რომ თანავარსკვლავედი, რომლის მიხედვითაც დღევანდელ წვიმას სახელი დაერქვა, უკვე აღარ არსებობს, ოფიციალურად მაინც.
თანავარსკვლავედი Quadrans Muralis პირველად 1795 წელს, მენახირისა და გველეშაპის თანავარსკვლავედებს შორის შეამჩნიეს, თუმცა ის საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ გამოქვეყნებულ თანავარსკვლავედთა სიაში ვერ მოხვდა.
მეტეორების წვიმა გველეშაპისა და დიდი დათვის თანავარსკვლავედიდან მომდინარეობს.
გემინიდების მსგავსად, კვადრანტიდების წყარო ერთ-ერთი ასტეროიდი, სახელად 2003 EH1-ია. ყოველწლიურად დედამიწა ასტეროიდის ორბიტას კვეთს, რის შედეგადაც მის მიერ კვალად დატოვებული ქვები და მტვერი დედამიწის ატმოსფეროში შემოდის და სხვადასხვა ფერად იწვის.
თუ ქალაქში ცხოვრობთ და მეტეორების დანახვა გსურთ, უმჯობესია, რომ ქალაქის სინათლეებსა და მტვერს მოერიდოთ. თუ ბუნებაში გასვლას გადაწყვეტთ, თან იქონიეთ პლედი და სკამი. თვალებს სიბნელესთან შესაჩვევად დაახლოებით 20-30 წუთი მიეცით და ნუ დახედავთ ტელეფონს, რადგან ეს მეტეორების დანახვას გაგიძნელებთ.
კომენტარები