ფერმერები ფუტკრებს ელექტრონულ "ზურგჩანთებს" მიამაგრებენ
ბიონიკურმა ფუტკრებმა მალე შესაძლოა დრონები ჩაანაცვლოს.
დრონებს ფერმერები მსოფლიოს ყველა კუთხეში უამრავი სხვადასხვა მიზნით იყენებენ, იქნება ეს მცენარეების ზრდის კონტროლი, თუ პარაზიტების აღმოჩენა. თუმცა, დრონები დიდ ენერგიას მოითხოვს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი შიამ გოლაკოტა აცხადებს, რომ დრონებს დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ დატენვა სჭირდებათ, ასეთი შეზღუდვები კი ფუტკრებს არ გააჩნიათ.
გოლაკოტას თქმით, მან თავის კოლეგებთან ერთად დრონების უკეთესი ალტერნატივა მოიფიქრა. მათ შექმნეს პატარა მოწყობილობა - სენსორების ერთგვარი პაკეტი, რომელიც ფუტკრის ზურგზე მაგრდება. სენსორებს ინფორმაციის შეგროვება შვიდი საათის განმავლობაში შეუძლიათ.
სიმძიმე
თითოეული ფუტკარი საშუალოდ 150-200 მილიგრამს იწონის, გარდა ამისა, მათ თავისი სხეულის წონის, ან ცოტა უფრო მძიმე ტვირთის ტარება შეუძლიათ.
კვლევის ფარგლებში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, ვიგებთ, რომ მეცნიერების მიერ შექმნილი თითოეული სენსორული "ზურგჩანთა" 102 მილიგრამს იწონის. წონის ორი მესამედი ელემენტია, რომელიც ღამე ფუტკრის სკაში დაბრუნებისას უსადენოდ იტენება.
წონის ერთ მესამედს კი სენსორები და სპეციალურად ამ პროექტისთის შექმნილი, ფუტკრის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემაა. ფუტკრის ზურგზე დამაგრებული სენსორები ფუტკრის გარშემო ტემპერატურას, ტენიანობასა და სინათლის ინტენსივობას გაზომავს.
სენსორებს ჯამში 30 კილობაიტის ინფორმაციის შეგროვება შეუძლიათ, სკაში დაბრუნებისას კი სისტემა მონაცემებს სპეციალურ გადამცემს გადაუგზავნის.
ზურგჩანთის მორგება
ფუტკრებზე სენსორების მიმაგრების პროცესი იმაზე მარტივი გამოდგა, ვიდრე მეცნიერებს წარმოედგინათ. მათ ფუტკრები ხუთი წუთის განმავლობაში საყინულეში მოათავსეს, რის შედეგადაც მწერები ცოტა ხნით მოდუნდნენ და ნაკლებად აქტიურები გახდნენ. მეცნიერებმა კი დრო იხელთეს და მათ სენსორები დაუმაგრეს.
"ჩვენ ვცადეთ, რომ სენსორების დასამაგრებლად მაქსიმალურად ჰუმანური გზა გამოგვეყენებინა", - აცხადებს კვლევის თანაავტორი ვიკრამ აიერი.
"მწერებზე სენსორების დამაგრება ფერმებისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება, რადგან, ფუტკრები, დრონებისგან განსხვავებით ცოცხალი არსებები არიან. დრონები შემთხვევითობის პრინციპით დაფრინავენ, ფუტკარს კი გარკვეული მახასიათებლები იზიდავს, მაგალითად, მომწიფებული მცენარეები და სურნელოვანი ყვავილები. ამის საშუალებით გარემოსა და თავად ფუტკრებზეც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.", - აცხადებს შიამ გოლაკოტა.
კომენტარები