ნამარხი, რომელიც შეიძლება ადრეული ადამიანის კიდევ ერთ ახალ სახეობას მიეკუთვნებოდეს
ნამარხი, ზედმეტსახელად Little Foot შეიძლება ადრეული ადამიანის ამ დრომდე უცნობ სახეობას მიეკუთვნებოდეს.
1994 წელს სამხრეთ აფრიკაში ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის პალეოანთროპოლოგმა რონალდ კლარკმა ფეხის ძვლები აღმოაჩინა, რომლებიც მეცნიერებს თავდაპირველად მაიმუნის ეგონათ. ფეხის ძვლების აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებმა მალევე ნახეს, რომ მათ ხელში თითქმის სრულყოფილი ჩონჩხი ჩაუვარდათ და კლარკმა თავისი სიცოცხლის 20 წელი მიწაში დარჩენილი ნამარხის უსაფრთხოდ ამოღებას მიუძღვნა.
თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ აღნიშნული ჩონჩხი ავსტრალოპითეკის ამ დრომდე არსებული ყველაზე სრულყოფილი ნამარხი იყო.
მეცნიერების თქმით, ნამარხის ასაკი დაახლოებით 3.67 მილიონი წელია. ეს სავარაუდოდ მოხუცი მდედრობითი სქესის ინდივიდი უნდა ყოფილიყო, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 1 მეტრსა და 30 სანტიმეტრს აღწევდა.
Little Foot ამ ასაკის პირველი ნამარხია, რომელსაც ფეხები აქვს შენარჩუნებული.
ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სცადეს დაედგინათ, თუ როგორ გადაადგილდებოდა ეს ინდივიდი. Little Foot-ის ფეხები უფრო გრძელია, ვიდრე მისი ხელები, რაც მას მისი წინამორბედი Ardipithecus-ისგან განასხვავებს.
"ამ ჰომინინის ფეხები უფრო გრძელი იყო, ვიდრე მისი ხელები. მსგავსი ანატომია გვახასიათებს ადამიანებსაც", - აცხადებს ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერი რობინ კრომპტონი.
კრომპტონის თქმით, ჩატარებული ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ Little Foot-ის გადაადგილების მანერა ყველა სხვა ცნობილი ჰომინინისგან განსხვავებულია, რის გამოც ის თვლის, რომ ნამარხი რომელიმე სხვა, ამ დროისთვის უცნობ სახეობას ეკუთვნის.
კლარკი, რომელმაც ნამარხი აღმოაჩინა, ასევე მიიჩნევს, რომ ჩონჩხი არც ასვტრალოპითეკისაა და არც რომელიმე სხვა ადამიანის მსგავი ჰომინინის, რომელიც აფრიკაში ორი მილიონი წლის წინ ცხოვრბოდა.
კლარკის მიერ ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ Little Foot შესაძლებელია ხეზე მცხოვრებსა და ორ ფეხზე მოსიარულე ჰომინინებს შორის არსებული გარდამავალი სახეობა იყოს.
"თუ ნამარხს სხვა ცნობილ სახეობებს შევადარებთ, ადვილად მივხვდებით, რომ ის მათგან ძალიან განსხვავებულია", - აცხადებს კლარკი.
გარდა ფეხებისა და ხელების სიგრძისა, ნამარხს უფრო ბრტყელი სახე და დიდი კბილები აქვს. რაციონის მიხედვითაც კი, ის უფრო მეტად ყოვლისმჭამელია, ვიდრე სხვა ცნობილი სახეობები.
აღნიშნული კვლევები Little Foot-ის შესახებ გამოქვეყნებული პირველი სამეცნიერო სტატიებია და ისინი დამოუკიდებელ მეცნიერებს ჯერ არ განუხილავთ.
აღსანიშნავია, რომ ამ კვლევების გამოქვეყნების შემდეგ, Little Foot-ის შესწავლა უკვე სხვა მეცნიერებსაც შეეძლებათ.
კომენტარები