დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ ოკეანეში მცხოვრები ორგანიზმების 95 პროცენტი გაქრა, ეს მოვლენა მეცნიერებაში პერმიულ-ტრიასული დიდი გადაშენების სახელით არის ცნობილი.

მთავარ დამნაშავედ კი ექსტრემალური კლიმატის ცვლილება სახელდება, ამ დროს მასშტაბურმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ატმოსფერო ნახშირორჟანგით გაავსო, რომელმაც ნელ-ნელა ოკეანეები და ატმოსფერო დაათბო.

საბოლოოდ, მნიშვნელოვნად გამთბარმა ოკეანეებმა, რომლის ტემპერატურამაც ზედაპირზე სავარაუდოდ ათი გრადუსით ან მეტით მოიმატა, წყალში სიცოცხლის პრაქტიკულად გაქრობა გამოიწვია.

ჟურნალ Science-ში დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში გადაშენების პროცესის დეტალებს ვხვდებით.

"კლიმატის ცვლილებებმა ორგანიზმები პირდაპირი გაგებით გაგუდა", - აცხადებს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფი და კვლევის თანაავტორი კურტის დოიჩი.

როდესაც სითხე თბება, მასში გახსნილი აირის რაოდენობა იკლებს. ოკეანეების შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ წყალში ჟანგბადის რაოდენობა იკლებს.

"თბილ ოკეანეებში ნაკლები ჟანგბადია - ეს მარტივია ქიმიაა", - აცხადებს დოიჩი.

ორგანიზმები, რომლებიც ეკვატორიდან უფრო დაშორებით ცხოვრობდნენ, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე იდგნენ. ასეთ რეგიონებში მცხოვრებ არსებებს ბუნებრივად მეტი ჟანგბადი სჭირდებოდათ, თუმცა წყალში მისი რაოდენობა მუდმივად იკლებდა.

საბოლოოდ, უამრავი სახეობა არა უბრალოდ დასუსტდა, არამედ სრულად გაქრა. ეს ცვლილება, რომ ნელ-ნელა მომხდარიყო, შესაძლებელია ორგანიზმებს ცვლად გარემოსთან შეგუება მოეხერხებინათ. თუმცა, კლიმატი სავარაუდოდ იმაზე სწრაფად შეიცვალა, ვიდრე ორგანიზმები იცვლებიან.

პერმიულ-ტრიასული დიდი გადაშენება მაშინ მოხდა, როდესაც დედამიწაზე სუპერკონტინენტი პანგეა არსებობდა

პერმიულ-ტრიასული დიდი გადაშენება მაშინ მოხდა, როდესაც დედამიწაზე სუპერკონტინენტი პანგეა არსებობდა

ფოტო: MASSIMO PIETROBON

იმისათვის, რომ დადგენილიყო თუ ზუსტად რა გავლენა იქონია ოკეანის დათბობამ სხვადასხვა ორგანიზმზე, დოიჩმა და მისმა გუნდმა ოკეანეში დღეს მცხოვრები ორგანიზმების 60 სხვადასხვა სახეობა შეისწავლა, რათა დაედგინა თუ რამდენად მგრძნობიარეები არიან ისინი ჟანგბადისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ.

შემდეგ მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელების გამოყენებით ივარაუდეს, რა დაემართებოდა დღევანდელ სახეობებს ოკეანის ტემპერატურის მკვეთრად მომატების შემთხვევაში.

მოდელირებისას ცხოველების უმეტესობამ ოკეანის ყველაზე გამთბარი რეგიონები დატოვა და გრილ წყლებში გადასახლდა, თუმცა, საბოლოოდ ტემპერატურამ გრილ რეგიონებშიც მოიმატა - ჟანგბადმა კი დაიკლო.

"სიმულაციით დავადგინეთ, რომ ოკეანის დათბობამ ჟანგბადის მკვეთრი ცვლილება მართლაც გამოიწვია", - აცხადებს ფლორიდის უნივერსიტეტის ბიოგეოქიმიკოსი ჯერემი ოუენი.

ადამიანის როლი კლიმატურ ცვლილებებში

ფოტო: Sarote Pruksachat / Getty Images

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა შემდეგია: შეიძლება თუ არა მსგავსი კატასტროფული გადაშენება ადამიანის თვალწინაც მოხდეს?

პასუხი სავარაუდოდ დადებითია.

ამჟამინდელი პროგნოზით, საუკუნის ბოლოს ოკეანეების ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ კაცობრიობა წიაღისეულ საწვავზე უარს არ იტყვის.

ოკეანის ზედაპირის ტემპერატურამ დაახლოებით 1850-იანი წლებიდან დღემდე თითქმის სამი გრადუსით მოიმატა. ამ საუკუნეში ჩვენ მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება პერმიული გადაშენების მასშტაბებს ვერ მიაღწევს, თუმცა ოკეანეების ცვლილების პროცესი უკვე დაწყებულია.

"ოკეანეების გათბობა და მასში ჟანგბადის კლება უკვე შესამჩნევია. ახლა დიდი სიფრთხილეა საჭირო", - აცხადებს დოიჩი.

უცნობია, ტემპერატურის რა ნიშნულზე დაიწყო პერმიულ პერიოდში მცხოვრები ორგანიზმების მასობრივი დაღუპვა. ალბათ ეს მანამდე მოხდა, სანამ ოკეანეების ზედაპირზე ტემპერატურამ 10 გრადუსით მოიმატა.

"ჩვენ არ ვიცით, რამდენად სწრაფად შეიძლება დაიღუპონ ცხოველები. ნამდვილად 10-გრადუსიანი ცვლილებაა საჭირო იმისთვის, რომ ისინი გადაშენდნენ?", - აცხადებს დოიჩი.

დედამიწის ატმოსფეროში იმდენი ნახშირორჟანგი, რამდენიც ახლაა, ბოლო 15 მილიონი წლის განმავლობაში არ ყოფილა, ხოლო ასეთი თბილი კლიმატი დედამიწაზე ბოლო 120 000 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

"იმ გზის ბოლო, რომელსაც ახლა ვადგავართ, ოკეანეებში სიცოცხლის გადაშენებაა. ამჟამად გაურკვეველია, სადამდე გავყვებით ამ გზას", - აცხადებს დოიჩი.