"ბნელი სითხე" - ოქსფორდის მეცნიერი სამყაროს ნაკლულ მატერიას ახლებურად ხსნის
გალაქტიკები იმაზე სწრაფად ბრუნავს, ვიდრე ისინი უნდა ბრუნავდნენ. სამყარო ფართოდება, როდესაც ის არ უნდა ფართოვებოდეს. ამ ფაქტების ახსნას კი ადამიანები კვლავ ვერ ვახერხებთ.
თანამედროვე წარმოდგენებით, ჩვეულებრივი მატერია სამყაროს 5 პროცენტს შეადგენს, დანარჩენი 95 პროცენტი კი ბნელ ენერგიასა და ბნელ მატერიაზე მოდის.
ერთ-ერთი ფიზიკოსი კი ამ პრობლემის გადაწყვეტას ჰიპოთეტური "ბნელი სითხით" ცდილობს, რომელსაც უარყოფითი მასა აქვს. მსგავსი მატერიის არსებობის დამადასტურებელი არანაირი ფაქტები არ არსებობს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ბნელი მატერიის, ბნელი ენერგიისა და სხვა ეგზოტიკური ნაწილაკების, ენერგიებისა თუ მატერიების ძებნა დღითი დღე უფრო და უფრო რთული ხდება, ამიტომ ალტერნატიული იდეების განხილვა ცუდი არასდროს არის.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერი ჯეიმი ფერნი აცხადებს, რომ თუ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიას დავუბრუნდებით და მას მცირედით შევცვლით, უარყოფითი მასის მქონე მატერიის არსებობა თეორიულად შესაძლებელი გახდება.
ამ ახალი "ნაწილაკის" აღმოჩენა ფიზიკის ორ ყველაზე დიდ გამოცანას ამოხსნიდა - რატომ "ეკვრიან" გალაქტიკები ბრუნვისას ერთმანეთს? ან რატომ ფართოვდება სამყარო დღეს ასე სწრაფად?
ამჟამად, ერთადერთი შესაძლო ახსნა, რაც ჩვენ გაგვაჩნია უხილავი და შეუმჩნეველი მატერიები და ენერგიებია. ბნელ მატერიას ვარსკვლავებისა და გალაქტიკების "მოქაჩვა" ედება ბრალად.
ბნელი ენერგია კი მიზიდულობის საწინააღმდეგო მოქმედებებით ხასიათდება, რაც საბოლოოდ სამყაროს გაფართოებას იწვევს.
ამჟამად ბნელი ენერგია და ბნელი მატერია სამყაროს უცნაური ქცევის ერთადერთი ახსნაა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, თუმცა, ეს ორივე ჰიპოთეზა ბურუსითაა მოცული.
ფერნის თქმით, ბნელი მატერია და ბნელი ენერგია შესაძლოა ერთ ნივთიერებაში გაერთიანდეს, რასაც ის "ბნელ სითხეს" უწოდებს.
მისი წარმოდგენით, უარყოფითი მასის მქონე ბნელი სითხე სიცარიელეში ჩნდება და მის გარშემო არსებულ ჩვეულებრივ მატერიაზე ახდენს გავლენას.
მეცნიერის თქმით, მისი ნეგატიური მასის სითხის მოდელის შემოწმება კოსმოსში გალაქტიკების განაწილებაზე დაკვირვებით შეიძლება, თუმცა, ფერნიც აღიარებს, რომ ამ ეტაპზე ახალი მოდელის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ უარყოფითი მასის გამოვლენის მსგავსი ფენომენი სამყაროში ამ დრომდეც დაფიქსირებულა, თუმცა ამის "ბნელ სითხესთან" გაიგივება, რომლის შედეგადაც ცარიელ სივრცეში უარყოფითი მასის მქონე ნაწილაკები სპონტანურად ჩნდება, არ შეიძლება.
მიუხედავად იმისა, რომ კვანტური ფიზიკისთვის ვაკუუმში ნაწილაკების სპონტანური გაჩენა და გაქრობა უცხო არ არის, ამ გზით უარყოფითი მასის მქონე მატერიის დაგროვება თეორიის ფარგლებს სცდება.
ფარდობითობის ზოგად თეორიაზე მუშაობისას მსგავსი მატერიის არსებობის შესახებ აინშტაინიც საუბრობდა. ის აცხადებდა, რომ საჭიროა თეორიის ნაწილობრივ შეცვლა, რათა ცარიელმა სივრცემ უარყოფითი მასის თვისება შეიძინოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მის თეორიაში ამ ყველაფრისთვის ადგილის გამონახვა შესაძლებელია.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ აინშტაინმა ეს არ გააკეთა და უარყოფითი მასის მქონე მატერიის იდეის წამოწევა მას თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნდა.
ამ ეტაპზე, კვლავ არ გვაქვს პასუხი იმაზე, თუ რა უხილავი ძალა მოქმედებს ჩვენს გარშემო არსებულ ხილულ სამყაროზე, ხოლო მრავალფეროვანი და განსხვავებული იდეები ყოველთვის მისაღებია.
"თუ ჩემი ჰიპოთეზა სიმართლეს შეესაბამება, ეს სამყაროს უცნაური ქცევის ძალიან ესთეტიკური ახსნა იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალო მინუსის ნიშნის დაწერა დაგვავიწყდა", - აცხადებს ფერნი.
კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები