ასტრონომებმა 100-ზე მეტი ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომებით დაკომპლექტებულმა საერთაშორისო გუნდმა კოსმოსური და ხმელეთზე არსებული ტელესკოპების საშუალებით სამ თვეში 100-ზე მეტი ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.
ბოლო რამდენიმე წელია ეგზოპლანეტების კვლევა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კეპლერის კოსმოსური ტელესკოპია, რომელიც ნასამ ეგზოპლანეტების საძებნელად 2009 წელს გაუშვა. კეპლერის მისია უკვე დასრულდა, თუმცა მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კვლავ მუშავდება.
ვარსკვლავის წინ პლანეტის ჩავლისას ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის ინტენსივობა მცირდება, ამ მეთოდით კეპლერმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში ჯამში 3 848-ზე მეტი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. თუმცა, ცნობილია, რომ ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის ინტენსივობის კლება პლანეტების გარდა სხვა ფიზიკურმა მოვლენებმაც შეიძლება გამოიწვიოს. ამის გამო, აუცილებელია, რომ აღმოჩენილი ეგზოპლანეტები გადამოწმდეს.
ტოკიოს უნივერსიტეტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ეროვნული ინსტიტუტის ასტრობიოლოგიის ცენტრის მკვლევარებმა კეპლერის გახანგრძლივებული მისიის დროს აღმოჩენილი 227 შესაძლო ეგზოპლანეტა კოსმოსური და ხმელეთზე არსებული ტელესკოპებით შეისწავლეს, რის შედეგადაც დაადასტურეს, რომ 104 მათგანი ნამდვილად ეგზოპლანეტაა. აღმოჩენილ პლანეტებს შორის შვიდ მათგანს განსაკუთრებულად მოკლე ორბიტალური პერიოდი აქვს, ისინი საკუთარი ვარსკვლავის გარშემო ერთ ორბიტას 24 საათზე ნაკლებ დროში ასრულებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ ხდება ასეთი მოკლე ორბიტალური პერიოდის მქონე პლანეტების ფორმირება.
დაახლოებით ორი თვის წინ კეპლერს საწვავი გაუთავდა, რის გამოც მეცნიერებმა ტელესკოპი "დააძინეს" და კეპლერის მისიაც დასრულდა. 2018 წლის 18 აპრილს ნასამ ორბიტაზე ახალი ტელესკოპი, TESS გაუშვა, რომელმაც კეპლერი უკვე ჩაანაცვლა. TESS-ის მთავარი მისია ორწლიანია, რომლის ფარგლებშიც ის სავარაუდოდ 20 000 ახალ ეგზოპლანეტას აღმოაჩენს.
კომენტარები