ჩინელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ბავშვის გენები CRISPR-ით შეცვალა
ჩინელი მეცნიერი აცხადებს, რომ მან CRISPR/Cas9 მეთოდის გამოყენებით მსოფლიოში პირველი გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები შექმნა.
ჰი ძიანკუიმ Associated Press-ს განუცხადა, რომ ტყუპი გოგოები, ლულუ და ნანა, რომლებსაც CRISPR/Cas9-ის გამოყენებით HIV-ის განვითარებისთვის აუცილებელი გენი CCR5 გაუთიშეს, თვის დასაწყისში დაიბადნენ.
ჰი ძიანკუი აცხადებს, რომ ექსპერიმენტში HIV-ის მქონე შვიდი წყვილის ემბრიონის მოდიფიცირება მოხდა, ამ ეტაპზე ინფორმაცია მხოლოდ ერთ-ერთი წყვილის მშობიარობაზე გახდა ცნობილი. მეცნიერი აცხადებს, რომ წყვილებს ანონიმურად დარჩენა სურთ.
როგორც ირკვევა, სამხრეთ ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში ჩატარებულ ექსპერიმენტში ჰი ძიანკუის ამერიკელი მეცნიერი მაიკლ დიმი დაეხმარა, რომელიც ამ ეტაპზე ჰი ძიანკუის ორი კომპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრია.
საავადმყოფო, სადაც, არსებული ცნობებით, ჰი ძიანკუიმ ექსპერიმენტი ჩაატარა, ამ ინფორმაციას უარყოფს.
"ჩვენ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენეტიკური მოდიფიკაციები ჩვენს საავადმყოფოში არ მომხდარა, ტყუპები აქ არ დაბადებულან", - აცხადებს შენჯენის ქალთა და ბავშვთა ჰოსპიტალის, HarMoniCare-ის წარმომადგენელი.
აღნიშნულმა ამბავმა ამერიკელ მეცნიერებში აღშფოთება უკვე გამოიწვია, ისინი ამ ექსპერიმენტს ამორალურსა და არაეთიკურს უწოდებენ. მსგავსი აღშფოთება გამოიწვია 2015 წელს ჩინელი მეცნიერების მიერ შექმნილმა ადამიანის გენეტიკურად მოდიფიცირებულმა პირველმა ემბრიონებმაც, რომლებსაც გენი HBB ჰქონდათ "წაშლილი". აღნიშნული გენი სასიკვდილო დაავადებას, თალასემიას იწვევს.
აღსანიშნავია, რომ ჰი ძიანკუის კვლევა სამეცნიერო ჟურნალში ამ ეტაპზე არ გამოქვეყნებულა, რაც ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროების მიერ გადამოწმებული ჯერ არ არის. გუშინ MIT Technology Review-მ გაავრცელა იმ სამედიცინო დოკუმენტების ბმულები, რომლებიც ჩინეთის კლინიკური კვლევების რეესტრში აიტვირთა. სწორედ ამ დოკუმენტებშია აღწერილი ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ძიანკუიმ და დიმმა ემბრიონების გენეტიკური მოდიფიცირება მოახდინეს. ჩინეთის კლინიკური კვლევების რეესტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლინიკური კვლევების მთავარ რეესტრთა სიაში შედის.
ჰარვარდის უნივერსიტეტის გენეტიკოს ჯორჯ ჩერჩის თქმით, HIV საზოგადოებისთვის დიდი საფრთხეა, ამიტომ ის თვლის, რომ დაავადების თავიდან ასაცილებლად ასეთი მეთოდები შეიძლება გამართლებული იყოს.
რამდენიმე მეცნიერმა ჰი ძიანკუის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების განხილვის შემდეგ განაცხადა, რომ მათში არსებული ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რამდენად წარმატებული იყო აღნიშნული პროცედურა, ან დგანან თუ არა ბავშვები რაიმე რისკის ქვეშ, საკმარისი არ არის.
კომენტარები