კეპლერის მისია დასრულდა, ეგზოპლანეტების მაძიებელ ტელესკოპს საწვავი საბოლოოდ ამოეწურა
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ტელესკოპს, რომელმაც ჩვენი მზის სისტემის გარეთ ათასობით ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, საწვავი საბოლოოდ ამოეწურა.
კეპლერის მისიის თავდაპირველი ხანგრძლივობა მხოლოდ ოთხი წელი იყო, რომელიც საბოლოოდ ცხრა წელი, შვიდი თვე და 23 დღე გაგრძელდა.
ზაფხულში კეპლერს ბორტზე საწვავი ფაქტობრივად უკვე აღარ ჰქონდა. ამ დროს ინჟინრებმა ის უსაფრთხო რეჟიმში გადაიყვანეს და დარჩენილი საწვავი მის მიერ შეგროვებული მონაცემების დედამიწაზე გამოსაგზავნად გამოიყენეს.
გაშვებისას კეპლერს საწვავის ექვსი წლის მარაგი ჰქონდა.
"ჩვენ ხომალდი საწვავით ბოლომდე გავავსეთ, რათა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმალურად გაგვეზარდა", - აცხადებს კეპლერის სისტემური ინჟინერი ჩარლ სობეკი.
მას შემდეგ, რაც ხომალდზე არსებული საწვავის უკანასკნელი წვეთიც დაიხარჯა, ნასამ ხომალდის სამუდამოდ "დაძინების" გადაწყვეტილება მიიღო. ის ამჟამად დედამიწისგან შორს, უსაფრთხო ორბიტაზეა. მომავალ კვირაში ინჟინრები ხომალდს სიგნალს გაუგზავნიან, რომელიც მის გადამცემსა და სხვა სისტემებს გათიშავს.
კეპლერი 2009 წელს მზის სისტემის გარეთ არსებული ეგზოპლანეტების აღმოჩენის მიზნით გაეშვა, ამ დროს ასეთი პლანეტების შესახებ ცნობები ძალიან მწირი იყო.
კეპლერი ეგზოპლანეტებს ტრანზიტების მეთოდით პოულობდა, ეს ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის ინტენსივობის მცირე დროით კლებაა, რომელსაც მის წინ პლანეტის ჩავლა იწვევს.
"ეს 200 კილომეტრის დაშორებით მდგარ მანქანის ფარზე არსებული ჭიანჭველის დაფიქსირების ტოლფასია", - აცხადებს კეპლერის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი უილიამ ბორუცკი.
კეპლერის პირველ წლებში ტელესკოპი საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა 2012 წელს მისი ოთხი გიროსკოპიდან ორი მწყობრიდან გამოვიდა, ეს ის მოწყობილობაა, რომელიც ხომალდის სივრცეში ორიენტირებისთვის არის საჭირო. 2013 წელს კი მას კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნა, თუმცა ინჟინრებმა ჭკვიანური გამოსავალი მოიფიქრეს, მათ ტელესკოპის სტაბილიზაციისთვის მზის სხივების წნევა გამოიყენეს. ამის საშუალებით კეპლერმა გახანგრძლივებული მისია K2 დაიწყო.
კეპლერის დახმარებით ახლა ჩვენ უკვე ვიცით, რომ სამყაროში პლანეტები იშვიათი რამ სულაც არ არის, არამედ ისინი უფრო ხშირია, ვიდრე ვარსკვლავები. ჯამში მისიის განმავლობაში 2 681 ეგზოპლანეტა იქნა აღმოჩენილი, თუმცა კეპლერისგან მიღებული ინფორმაცია კვლავ მუშავდება, რაც აღმოჩენილი ეგზოპლანეტების რიცხვს მომავალში კიდევ გაზრდის.
ამჟამად მეცნიერები ეგზოპლანეტების მაძიებელ ახალ ხომალდებზე მუშაობენ, მათ შორის არის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც, რომლის გაშვებაც უკვე მრავალჯერ გადაიდო, თუმცა, საბედნიეროდ, ორბიტაზე უკვე არის ერთი ახალი ტელესკოპი, რომელიც ეგზოპლანეტებს ეძებს.
ეს TESS-ია, რომელიც წლის დასაწყისში გაეშვა. მან პირველი სურათი აგვისტოში გამოგზავნა, ხოლო დღეისათვის მას უკვე ორი პოტენციური ეგზოპლანეტა აქვს აღმოჩენილი. ამჟამად კეპლერი ეგზოპლანეტების მაძიებელ ტელესკოპთა შორის უპირობო ლიდერია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, მას ახალი თაობის ტელესკოპები ჩაანაცვლებენ.
ახალი ტელესკოპები უფრო მკვეთრი და ძლიერია, ვიდრე კეპლერი. მათ უფრო მაღალი გარჩევადობის სურათების გადაღება შეუძლიათ, კომპიუტერული პროგრამების განვითარება კი საშუალებას მოგვცემს, რომ ტელესკოპებიდან მიღებული ინფორმაცია უკეთ დავამუშაოთ.
ეჭვგარეშეა, რომ კეპლერმა ეგზოპლანეტების აღმოჩენის ისტორიაში უდიდესი წვლილი უკვე შეიტანა. მართალია, ის არ არის უკანასკნელი, ან ყველაზე ძლიერი ტელესკოპი, რომელიც ეგზოპლანეტებს ეძებდა, თუმცა ის ნამდვილად იყო პირველი, რომელმაც სამყაროსა და მასში ადამიანის ადგილის შესახებ ჩვენი წარმოდგენები ძირეულად შეცვალა.
კომენტარები